"რადგან საკონდიტროს კვერცხი იაფად უნდა, იმას ხომ არ ნიშნავს, ნაგავი მიყიდონ?" ბოლო დროს ძალიან ბევრი საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, თუ რას ვჭამთ და რას ვყიდულობთ. სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ საზღვარგარეთიდან შემოსული უამრავი დასახელების პროდუქტი დრო და დრო საგანგაშოდ და სიცოცხლისთვის საშიშადაც კი ცხადდება, ადგილობრივი კომპანიები და მწარმოებლებიც არ აკლებენ. არაერთხელ აღმოჩენილა სხვადასხვა კვებით დაწესებულებაში თუ ქარხანაში უმძიმესი დარღვევები, რამდენიმე რესტორანში არსებულ მდგომარეობაზე ცოტა ხნის წინ საზოგადოება აქტიურად მსჯელობდა...
დღეს ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც დედები არიან გაწევრიანებულნი, ერთმა დედამ გაავრცელა პოსტი, რომელიც კვერცხის მწარმოებელ კომპანიას ამხელს. კომპანიას შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან ჯერჯერობით ოფიციალური მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, თავად მომხმარებელს ნაკლებად ეპარება ეჭვი ამ ინფორმაციის სარწმუნოებაში - იმდენად მივეჩვიეთ იმას, როგორ გვწამლავენ და უგულებელყოფენ ჩვენს ელემენტარულ უფლებებს...
ესეც ხსენებული პოსტი:
"გამარჯობა, დედებო. გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ. მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, როგორც ამ ამბით შეწუხებულმა მომხმარებელმა. კომპანიას არ დავასახელებ იმ მიზეზით, რომ ამ წუთში მტკიცებულება არ მაქვს, გარდა ამ კომპანიის თანამშრომლების მონათხრობისა (თუმცა მოძიება შესაძლებელია).
ალბათ ხშირად ყიდულობთ "პეჩენიებს", ტორტებს, თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, ცდილობთ მაქსიმალურად კარგს,იხარჯებით, მაგრამ არ იცით, რომ ძალიან ხშირად ძვირიანი პროდუქტებიც კი საოცრად უხარისხოა და ფულს იხდით იმაში, რაც თქვენს ჯანმრთელობას არყევს.
საქმე ეხება კვერცხის (ასევე ქათმის) მწარმოებელ კომპანიას, სადაც საკმაოდ დიდი ანტისანიტარიაა. მაღაზიიდან მიბრუნებულ, ვადაგასულ კვერცხს აგზავნიან სწორედ საკონდიტროებში, არა მარტო ვადაგასულს. კვერცხის ჩალაგების პროცესში დამტვრეული კვერცხი არ იყრება, თავსდება დიდ კონტეინერში, კვერცხი ძირსაც რომ დაეცეს, ის კვერცხიც არაა გამონაკლისი. ერთ-ერთი თანამშრომლის (ჩემი ახლობლის) მონათხრობიდან, ყოფილა შემთხვევა, როცა კვერცხი გატეხილა და შიგნიდან მწვანე, ჩაობებული იყო - ასეთი კვერცხებიც კი თავსდება ამ კონტეინერში (უნაჭუჭოდ, რა თქმა უნდა) და იგზავნება საკონდიტროებში. რადგან საკონდიტროს კვერცხი იაფად უნდა, იმას ხომ არ ნიშნავს, ნაგავი მიყიდონ? საკონდიტროებში რამდენად იციან, როგორ კვერცხს უგზავნიან, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ იმ "პეჩენიების", ტორტების და მისთანანის შემადგენლობაშია კვერცხი, რომლის ჭამაც კატეგორიულად არ შეიძლება.
ვწერ ამ პოსტს იმისთვის, რომ მინდა იცოდეთ, მოერიდოთ ან ბავშვები მაინც მოარიდოთ ნაყიდ საკონდიტრო ნაწარმს (თავად თუ გამოუცხობთ, ბევრად უკეთესი იქნება) და კვერცხსაც თუ შეიძენთ ბავშვებისთვის, იყიდოთ სოფლის (და ამ შემთხვევაშიც სანდოობაში დარწმუნებული უნდა იყოთ) და არა მაღაზიის.
პლუს ანტისანიტარიაა, ვირთხები, "ლატოკზე" დამკვდარი ვირთხები და ა.შ.
...შემოწმების დღეებში ვიღაც აფრთხილებს მათ და იმ დღეს არაფერი ამდაგვარი არ ხდება.
სამომავლოდ თუ მექნა შესაძლებლობა და იმედია მექნება, ამ კომპანიას პირდაპირ წავუყენებ ამ საკითხს და თუ ვინმეს ენდომება ამაში ჩართვა, შეგიძლიათ მომწეროთ".
იმედია, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან ამ საკითხით. სამწუხაროდ, ყველა სფეროში საშინელი მდგომარეობაა და მერე გვიკვირს, რატომ იმატა ამდენმა დაავადებამ და რატომ გაახალგაზრდავდა სნეულებები...