გამოცდილი დედების რამდენიმე რჩევა როგორც დღევანდელი პედიატრები ამბობენ, ძუძუს წოვებაზე უკეთესი ჩვილისთვის მართლა არაფერია. თუმცა დგება დრო, როცა ბუნებრივი კვება თავს ამოწურავს და დროა, ბავშვს თავი დაანებებინოთ. დროს, როცა ეს უნდა მოხდეს, ან თავად დედა წყვეტს ხოლმე, ან - პედიატრი. ზოგიერთი პედიატრის რჩევით, ერთი წლის შემდეგ ძუძუს წოვებას არ აქვს აზრი, სხვები კი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ორ წლამდე ძუძუს წოვა სასარგებლოა. აი ორი წლის შემდეგ რომ აღარ ღირს ამ პროცესის გაგრძელება, ამაზე ყველა თანხმდება.
როგორ დავანებებინოთ ბავშვს თავი ძუძუს წოვებისთვის? არსებობს რამდენიმე გამოცდილი მეთოდი, რომლებსაც ჩვენი მკითხველი დედიკოები გვიზიარებენ:
ჯერ ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეუმცირეთ ძუძუს წოვის სიხშირე, მხოლოდ ღამის კვებაზე გადაიყვანეთ. მერე კი წაისვით რამე - მაგალითად, ლევომიცეტინი. მას მწარე გემო აქვს, თუმცა ბავშვს არაფერს ვნებს. უბრალოდ, არ მოეწონება და აღარ მოუნდება მეორედ ძუძუსთან მიკარება. თუმცა დანებების მერე მაქსიმალური ყურადღება და დრო უნდა დაუთმოთ. გაართეთ, თუ გაახსენდება ძუძუ, გადაატანინეთ ყურადღება, ხშირად მოეფერეთ, რომ არ ეგონოს, ძუძუსთან ერთად დედასაც ემშვიდობება. ძილის დროს თუ მოითხოვა, ისევ მოეფერეთ და მიეცით უფლება, ხელი დაგადოთ მკერდზე, ასეც დაწყნარდება. თანდათან მიხვდება, რომ ძუძუ სულაც არ არის მხოლოდ დედა და დედასთან ურთიერთობა ისედაც თურმე შეიძლება, საჭმელიც გაცილებით გემრიელი ყოფილა.
ლელა
ჩემი პატარა 1.5 თვის იყო, რომ დავანებებინე. უბრალოდ ერთ ღამესაც არ მივეცი. ცოტა იჭიჭყინა, იჩხუბა, მაგრამ 2-3 დღეში აღარ მოუთხოვია. მერე ერთ-ორ კვირაში გამიშრა კიდევაც თავისით.. გამიკვირდა კიდევაც, ასე მარტივად რომ გამოვიდა ყველაფერი, ველოდებოდი სკანდალებს და ღამის გათენებებს . შეიძლება ის დაგვეხმარა, რომ ჩემთან ერთად ძინავს და მისთვის ფსიქოლოგიურად ეს ისეთი ტრავმა არ იყო.. ღამით ახლა უფრო მეტს მეხუტება, მოჩოჩდება და ისე მშვიდდება.
ირინა
ჩემმა ელენემ 2 წელი ჭამა და ერთ დღესაც გამოვუცხადე, რომ რძე აღარ იყო. არ დამიჯერა, ამ დროს ჩემდა ბედად ეზოში ვიღაც ქალი ატამს ყიდდა და გაჰკიოდა ბოლო ხმაზე - ატამი, ააატააამიი... ელენემ ყურები ცქვიტა - რას ყვირისო... და მეც სახელდახელოდ მივუგე: - ვიღაც ქალი შენს გასაგონად ყვირის, რომ ძუძუ არ არის, არ არიიიის... იმ წუთიდან ხელი ჩაიქნია ელენიკომ სანუკვარ ფიაზე...
შორენა
მე ნოშპა წავისვი ჭამის წინ, ერთმა ტყუპისცალმა აგარ გაიკარა, მეორემ მოწოვა, მერე კიდევ რომ მომთხოვა, ისევ წავისვი და ორი დღე ებრძოლა. მერე მიხვდა, რომ მწარე იყო ძუძუ და აღარ გაკარებია. ისე, დღემდე ეფერება.
მაკა