რეგულარულად ანიავეთ ბავშვის ოთახი, ჩააცვით თავისუფლად, არ ჩაფუთნოთ ცნობილია, რომ D ვიტამინის ნაკლებობა რაქიტის განვითარებას იწვევს. "რაქიტი" აღიქმება, როგორც ძალიან საშიში დაავადება, საკმარისია ექიმმა დასვას დიაგნოზი - რაქიტი, რომ მშობლები ეძებენ მეთოდებს ბავშვის გადასარჩენად. სინამდვილეში ბევრი მეცნიერი საერთოდ არ განიხილავს რაქიტს, როგორც დაავადებას. რა თქმა უნდა, მხედველობაში გვაქვს მისი მსუბუქი გამოვლინება. მაინც რა დაავადებაა ის, რაც ამა თუ იმ ფორმით თითქმის ყველა ბავშვს აქვს გამოვლენილი?
რაქიტი ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობითაა გამოწვეული. ახასიათებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევა, ძვლოვან ქსოვილებში სპეციფიკური დაზიანების განვითარება.
კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში D ვიტამინი არეგულირებს. იგი გამომუშავდება კანქვეშ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ეს სხივები ხშირ შემთხვევაში არ ყოფნის ბავშვს. მაგალითად, თუ ზამთარში დაიბადა, არასაკმარისად იმყოფებოდა სუფთა ჰაერზე და ა. შ. იმდენად, რამდენადაც რაქიტის პროფილაქტიკა არ მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და კაპიტალდაბანდებას, საჭიროა, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ჩაუტაროთ ბავშვს ეს ღონისძიებები. ბავშვი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან 5-10 წუთით მიაჩვიეთ სუფთა ჰაერზე ყოფნასა და ძილს. თანდათან ეს დრო გაზარდეთ და ეცადეთ, დღე მზიან ამინდში, სუფთა ჰაერზე გაატაროთ. რეგულარულად ანიავეთ ბავშვის ოთახი, ჩააცვით თავისუფლად, არ ჩაფუთნოთ. გაზაფხულის ან ზაფხულის თბილ, მზიან ამინდში ბავშვი დილას და 5-6 საათის შემდეგ, უნდა ატარებდეს მზეზე. ასევე, ზამთარშიც, განსაკუთრებით კარგ ამინდში, სათანადოდ ჩაცმული ბავშვი ხშირად უნდა იმყოფებოდეს გარეთ. იდეალურია დილით ადრე ადგომა და სუფთა ჰაერზე სეირნობა. მეძუძური დედა უნდა იკვებებოდეს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი, კალორიული საკვებით. D ვიტამინს შეიცავს ორაგული, თინუსი, ქაშაყი, გოგრა, ზღვის კომბოსტო, თევზის ქონი, რძის პროდუქტები.
მას შემდეგ, რაც ბავშვის რაციონში შემოდის დამატებითი საკვები და იგი საერთო დღიურ ნორმაზე 1/3-ით მეტია, ექიმი უნიშნავს D ვიტამინს. დოზა ირჩევა წელიწადის დროის მიხედვით. ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ფაფებს იღებს ბავშვი. მზა ფაფების შემადგენლობაში ხშირად შედის ეს ვიტამინი. თუ ბავშვი ან დედა, რომელიც ძუძუთი კვებავს პატარას, ნახევარი საათი მაინც იმყოფება მზეზე, დამატებით D ვიტამინის მიღება არაა საჭირო. რაქიტის აქტიური პროფილაქტიკა აქტუალურია ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ D ვიტამინს შეუძლია დაგიცვათ დიაბეტისგან, სკლეროზისგან, გულის დაავადებებისგან, დეპრესიისგან, წონის მატებისგან და შეგინარჩუნოთ ძლიერი ძვლები. ჩვეულებრივ, D ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებაში. პაციენტები D ვიტამინს კარგად იტანენ, თუმცა დიდი დოზით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, ძილიანობა, თავის ტკივილი, უმადობა, პირის სიმშრალე. თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება არ შეიძლება.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ