რას ურჩევს რაგბის მწვრთნელი მშობლებს და ბავშვებს ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, მათ შორის – ბავშვებშიც. ასევე ბევრი მშობელი ხედავს რაგბში დიდ პერსპერქტივებს და ამიტომაც არის, რომ ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ბავშვი დადის რაგბზე. რა იტაცებთ მათ ამ სპორტის სახეობაში, რას აძლევს ადამიანს რაგბი, როგორ უნდა იყოს ბავშვი მომზადებული და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, თუ შვილის ამ სპორტზე შეყვანა სურს – ამ საკითხებზე ბავშვების გამოცდილი დამრიგებელი, საგარეჯოს სპორტული გაერთიანების რაგბის გუნდი "პატარძეულის ვეფხვების" მწვრთნელი, ყოფილი მორაგბე სანდრო პავლიაშვილი გვესაუბრება, რომელიც წლებია, ამ საქმეს ემსახურება და უკვე ბევრი თაობაც აღზარდა.
- რაგბის მოთამაშე გახლდით 6 წლიდან - 1990-იან წლებში დავიწყე თამაში 180-ე სკოლაში, ჩემი სურვილით. ეს ხდებოდა იმ წლებში, როცა ჯერ არათუ პოპულარული არ იყო, ბევრს გაგონილიც არ ჰქონდა სპორტის ეს სახეობა. მაშინ სულ 5 გუნდი გახლდათ საქართვეოლოში, ახლა კი მარტო ბავშვთა გუნდია 60. ერთი ლიგა იყო, ახლა უკვე სამი ლიგაა.
უმაღლესი განათლება რომ მივიღე, დავიწყე მწვრთნელობა. მას მერე ვწვრთნი სხვადასხვა გუნდს. ბოლო 7 წელია პატარძეულში გახლავართ, გუნდ "ვეფხვების" მწვრთნელად.
- როგორც ვიცი, ამ საქმისთვის ყოველდღე თბილისიდან დადიხართ პატარძეულში?
- დიახ, ასეა. ეს ისეთი სპორტია, ერთს რომ შეყოფ თავს, ვეღარ დაანებებ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი აფინანსებს ჩვენს გუნდს და საგარეჯოს სოფლებიდან დადიან ბავშვები.
- ბავშვებს უფრო უნდათ სიარული თუ მშობლებს?
- ბავშვები მოდიან თავიანთი სურვილით და უარს არავის ვეუბნებით. მშობლები კრებაზეც ვერ მომყავს წელიწადში ორჯერ, რომ დაველაპარაკო და ვუთხრა, რას აკეთებენ მათი შვილები. ძირითადად, ბავშვები თავად აკეთებენ ამ არჩევანს და დიდი გატაცებითაც თამაშობენ. ეს გამოიწვია ჩვენი გუნდის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა, რაგბი ძალიან პოპულარული და საყვარელი სპორტი გახდა. გუნდურ სპორტის სახეობებში დღესდღეობით რაგბი და კალათბურთი უსწრებს ყველას. უკვე ეროვნული, შიდა ჩემპიონატების დროსაც მაყურებელი ბლომად ესწრება მატჩებს და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.
- როგორი თაობა მოდის, როგორი ცვლა ემზადება, გაქვთ უფროსებს იმედი?
- ძალიან მაგარი თაობა მოდის და ყოველ წელს სულ უკეთესი და უკეთესი ბავშვები არიან. ჩემი აზრით, ეს სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა, რადგან ძალიან სწორად მიდის ამ სფეროს განვითარება ფედერაციის მხრიდან. როცა დიდი ხელშეწყობაა, როცა მაღალი ხარისხია, შედეგიც კარგი იდება. არის აკადემია, სკოლა, სადაც ნიჭიერი ბავშვები ხვდებიან, გვაქვს ყველანაირი ხელშეწყობა, სახელმწიფოს მხრიდანაც რაგბის განვითარების 4-წლიანი პროგრამა ყოველ ოთხ წელში სულ უფრო უკეთესი ხდება და ამ ყველაფერს რომ არ მოჰყვეს თავისი შედეგები, შეუძლებელია.
- რისთვის არის კარგი რაგბი, რა უნარებს ავითარებს?
- პირველ რიგში, იმ უნარებს, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგება. პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე – თუ ეს არ გაქვს, რაგბს ვერ ითამაშებ. გარდა ამისა, ბავშვები თავიდანვე ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, თავის გატანას, დისციპლინას, ძლიერდებიან ფიზიკურად. რაგბი ძალიან ჭკვიანური სპორტია, მოითხოვს აზროვნებას მოედანზე და არ არის საკმარისი მხოლოდ ფიზიკური მომზადება. ამიტომ ის მრავალმხრივ ავითარებს ადამიანს.
- ხანდახან ამბობენ, რომ ტრავმიანი სპორტია და ეს აშინებთ ხოლმე მშობლებს...
- რაგბი არ არის ათეულში ტრავმების მხრივ, ფეხბურთი კი ხუთეულშია, მაგალითად. თუ ბავშვი სწორად არის განვითარებული, თამაშით არ იღებს ის სერიოზულ ტრავმას.
- როგორი ბავში უნდა მოიყვანოს მშობელმა რაგბზე?
- არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთვის მიიძებნება ადგილი მოედანზე, სადაც 15 ბავშვი დარბის. მსუქანია თუ გამხდარი, პატარა თუ დიდი, ყველა ნახავს თავის ადგილს. მოსულან ბავშვები, სარული უჭირდათ და მერე ისეთი პროგრესი ჰქონიათ, მშობლებს რომ არ ეჯერათ.
მოიყვანენ ხოლმე და გვეტყვიან, აბა, ამისგან რამე გამოვა? გამოვა პირველ რიგში კარგი ადამიანი და სწორად განვითარდება. ყველა მორაგბე ვერ გახდება, მაგრამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე გაიზრდება, ფიზიკურადაც და მორალურადაც.
- ძირითადად ბიჭების სპორტია...
- არა, გოგონებიც დადიან. ბოლო დროს იმატა გოგონათა გუნდებმაც, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში.
- ზაფხულობით გუნდებს შეკრებები აქვთ. ეს რამდენად აუცილებელია და რისთვის არის საჭირო?
- პატარა ასაკში ვცდილობთ, ნაკლები დროით წავიყვანოთ. 12 წლამდე ბავშვისთვის 10 დღე უფრო მომაბეზრებელია. ამიტომ ამ ასაკის ბავშვები 5-7 დღით მიგვყავს და ძირითადად სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემეცნებითი დატვირთვა აქვს მათ შეკრებას. დიდები კი 10 დღით მიგვყავს შეკრებებზე და მათ უფრო სერიოზულადაც ვუდგებით. რისთვის არის საჭირო? ნამდვილად აუცილებელია, რადგან ამ დროს ბავშვები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, ამტანობას, გუნდურობას, უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, ემზადებინ უფრო დიდი შეკრებებისთვის და იმუშავებენ ადაპტირების უნარს.
ასევე ძალიან კარგია შეკრებები ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის. ისე თუ კვირაში სამჯერ ვხედავთ მხოლოდ ბავშვებს, თითო საათით, შეკრების დროს 10 დღე ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშაა. უკეთ ვეცნობით, ვიგებთ მის ფსიქოლოგიას. დიდ ასაკებში შეკრებებს ფედერაცია აფინანსებს, პატარა ასაკის ბავშვებში კი არ არის სავალდებულო და არც ვავალდებულებთ, ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული.
- თქვენთან სხვადასხვა სოფლის ბავშვები დადიან. ალბათ, განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობისთვის არის ამგვარი წრეები და ღონისძიებები მნიშვნელოვანი სტიმული?
- ახლა კიდევ უკეთესი მდგომარეობაა, მეტი სექცია და წრეა, ადრე კი, მე რომ დავიწყე მწვრთნელობა – 2000-იან წლებში, სოფელში ძალიან სერიოზული პრობლემები იყო. ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა ჩვენი გუნდი ბევრისთვის და ბევრიც მოვწყვიტეთ ბირჟას თუ ნარკოტიკებს. ადგილობრივი მცხოვრებლებიც ამბობდნენ ხშირად, რომ ბევრი ახალგაზრდა გადავარჩინეთ.
ლელა ზურებიანი