იგეგმება თუ არა სასწავლო პროგრამის შეცვლა და რა შეზღუდვები დაწესდება სასკოლო ჩანთის წონაზე - მინისტრის პასუხები განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "იმედზე" გადაცემა "დღის შოუს" სტუმრობდა და მშობლებისთვის აქტუალურ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, წელს საჯარო სკოლაში მისასვლელად ემზადება 53540 ბავშვი ემზადება. განსაკუთრებით ემზადებიან პირველ კლასელი ბავშვები და მათი მშობლები.
"ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი პირველკლასელი გვყავს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მრავლდება ჩვენი ერი. ვფიქრობ, ამაზე სასიხარულო არაფერია. ჩვენი სკოლა მიდის წინ, მართალია, ეს ისეთი სიჩქარით არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა სასიკეთო ნაბიჯები ნამდვილად იდგმება".
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, კომპიუტერები წელს ყველა პირველკლასელს და წარჩინებულ მეათეკლასელს გადაეცემა:
"რაც შეეხება კომპიუტერებს, მოგეხსენებათ რომ ჩვენს დროში ბავშვის სწავლება კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ აბსოლუტურად ყველა სკოლაში გვაქვს ინტერნეტი. ყველგან ისეთი ჩქარი არ არის, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ მიმდინარეობს პროექტი და 2 წელიწადში ყველა მსხვილ სოფელში იქნება ოპტიკური ინტერნეტი, ისეთივე, როგორიც თბილისშია. უკაბელო ქსელებსაც ვაკეთებთ სკოლებში.
რატომ ვაძლევთ კომპიუტერებს პირველკლასელებს, მეათეკლასელებს და დაწყებითების მასწავლებლებს? მეორე კლასელს და მათზე რამდენიმე წლით უფროსკლასელებს უკვე აქვთ კომპიუტერი, რომელიც გასულ წლებში მიიღეს. რაც შეეხება მასწავლებლებს, როცა პირველ კლასელებს ეძლევათ კომპიუტერი, აუცილებელია ეს კომპიუტერი მასწავლებელსაც ჰქონდეს, რათა აკონტროლოს მოსწავლეები. აუცილებელია მასწავლებელს ის პროგრამა და მასალა, რაც ბავშვს უნდა შეასწავლოს, წინასწარ ჰქონდეს ნანახი და დამუშავებული. მეათე კლასელებს რაც შეეხება, მათთან წარჩინების პრინციპია. ყველა მე-10 კლასელისთვის არ არის კომპიუტერი. გადავცემთ მხოლოდ საუკეთესო, წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებიც ოლიმპიადებში იმარჯვებენ, აქვთ გარკვეული წარმატებები და ა.შ. ამ დროს მათი მასწავლებლებლებიც ჯილდოვდებიან".
- იგეგმება თუ არა მომავალი წლიდან სხვა კლასებში უფასო წიგნების დარიგება?
- უფასო წიგნების პოლიტიკა როგორიც გვაქვს, ჯერჯერობით რჩება უცვლელი. წელსაც, მომავალ წელსაც და დანარჩენ წლებშიც, თუ პარლამენტით და კანონით არ შევცვლით ამას, გაგრძელდება უფასო სახელმძღვანელოების დარიგება.
ერთ-ერთმა მსმენელმა მინისტრს ჰკითხა:
- დაწყებით კლასებში ბავშვებს ძალიან ბევრ დავალებას აძლევენ, რის გამოც ბავშვებს ეზარებათ გაკვეთილების მომზადება და გამოთქვამენ პროტესტს. თუ იგეგმება რაიმე ცვლილება, რომ ბავშვმა სკოლაშივე დაძლიოს სასკოლო პროგრამა და შინ მისულს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეს?
- ჩვენ ყველამ ვიცით, სპეციალისტებმაც და არასპეციალისტებმაც, რომ ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს თამაშში, მეგობრებთან ურთიერთობის დროს. მთავარი მარტო აკადემიური ცოდნა არ არის, მთავარია გაგება. ცვლილებები იგეგმება, რომ განიტვირთოს სასწავლო გეგმა. განიტვირთოს საშინაო დავალება. პროგრამა რომ დაძაბულია, იქ უკვე გამოცდაც დაძაბულია, დამოკიდებულებაც მძიმეა. ბავშვს თუ არ აქვს მოტივაცია, წინ ვერ წავალთ, პირიქით მივიღებთ უარყოფით შედეგებს. ბავშვებს უნდა ავუმაღლოთ მოტივაცია, რათა უყვარდეთ სკოლა. ბევრ ქვეყანაში არის მაგალითი, რომ მოუხსნეს საშინაო დავალებები და იმ საგნებში გაუმჯობესდა შედეგები.
- ნებისმიერი მშობლისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბავშვმა ატაროს 20 კილოგრამიანი ჩანთა. იგეგმება რაიმე ჩანთის და წიგნების მოცულობის შეცვლის მხრივ?
- დიახ, იგეგმება. ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი ე.წ გრიფირება უკვე დაწყებულია, რომელშიც ჩადებულია შეზღუდვები წონის თვალსაზრისით. თუმცა მე კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროგრამის განტვირთვა არის მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი დავალება და გაკვეთილი თუ ექნება ბავშვს, ჩანთა ავტომატურად ისევ დამძიმდება. მომავალი წლიდან დაბალ კლასებს კანონით ექნებათ შეზღუდული ჩანთის წონა.
- რა აუცილებელია, ბავშვმა პირველივე კლასიდან ისწავლოს რამდენიმე ენა?
- ეს არის ძალიან სერიოზული დებატი. ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ ერთი მეორეს უშლის ხელს. მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ სახლის პირობებიდან ბავშვი სამ ენაზე უყურებს ფილმებს და ამ დროს ეს სამი ერთმანეთს არ უშლის ხელს. ანბანით სწავლებით, საშინაო დავალებებით, საკონტროლოებით შეიძლება გადავტვირთოთ ბავშვი, მაგრამ სახალისოს თუ გავხდით სწავლების პროცესს, დამერწმუნეთ შედარებით ადვილი იქნება უცხო ენის ათვისება.