"პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა იყოს უფასო, არ გვინდა ამდენი უმაღლესდამთავრებული..." გადაცემა "დღის შოუში" სტუმრობისას ალექსადნრე ჯეჯელავამ სხვა თემებთან ერთად 5-წლიან ბავშვებზე და მე-12 კლასზე ისაუბრა:
- როგორც ვიცით, 5 წლის ბავშვის მიყვანა სკოლაში არ შეიძლება. თუ იგეგმება რაიმე ცვლილება ამ კანონში და კიდევ ერთი, მოიხსნება თუ არა მე-12 კლასი?
- 5 წლის ბავშვებზე მთელ მსოფლიოს და მათ შორის ჩვენც გვაქვს პასუხი და ამას ჰქვია მოსამზადებელი კლასი, პრესქული ან ნული კლასი, როგორც ადრე ერქვა. წელსაც იქნება ექსპერიმენტის სახით და მომავალში იმედი მაქვს, დაკანონდება. ბაღს შეიძლება ჰქონდეს პრესქული, როგორც დასასრული ან სკოლას ჰქონდეს, როგორც დასაწყისი, ეს სკოლად არ ითვლება. იქნება ნებაყოფლობითი. რაც შეეხება მე-12 კლასს, იგი რჩება. ჩვენთან მოთხოვნაა, უმაღლესში ვინც მიდის, იმათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ 12 წელი ნასწავლი. თუმცა ჩვენი სურვილი არის, ვინც არ მიდის უმაღლესში, მათთვის ეს სავალდებულო არ იყოს.
- ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა გამოსვლამ იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის საჭირო უმაღლეს სასწავლებელში იყოს აუარებელი სტუდენტი. თქვენ ახსენეთ, რომ დღეს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე, გვყავდეს 100 000 უმაღლესდამთავრებული ადამიანი და არ ჰქონდეთ მათ სამუშაო ადგილები. მაინტერესებს ისევ ამ აზრზე რჩებით თუ შეიცვალა რამე?
- ჩემი მოსაზრებაა, რომ უმაღლესი განათლება არის განათლების ერთი ნაწილი, რომელიც ზრდის მეცნიერებს, მასწავლებლებს და ა.შ. რაც შეეხება ხელობას, პროგრამირება იქნება ეს, კომპიუტერული დიზაინი, ოპერატორობა თუ კბილის ტექნიკოსი, ძალიან გვიჭირს ქვეყანაში. ვერ ვპოულობთ ვეტერინარს, სამაგიეროდ იურისტს იპოვი ძალიან ბევრს. ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაცია. ამისათვის საჭიროა, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა იყოს უფასო. ყველაზე ნიჭიერებს იქაც ექნებათ გრანტები. მეორე მხრივ საამაყო უნდა გახდეს პროფესიული სასწავლებლები. უცხო ქვეყნებში საამაყოა კარგი მოხელე.
ერთი კიდევ რაც აუცილებლად მინდა ვთქვა, უმაღლესი განათლების პერსპექტივა არ უნდა მოუკლა პროფესიულში მოხვედრილ სტუდენტს. ძალიან ბევრია, ვინც უმაღლესდამთავრებულია, მერე ბრუნდებ პროფესიულში, რომ ისწავლოს ხელობა.