ვინ რომელ ეტაპზე შეძლებს ბავშვის დარეგისტრირებას? ის მშობლები, რომელთა შვილები წელს სკოლაში შედიან, განათლების სამინისტროს მიერ პირველკლასელთა რეგიტრაციის გამოცხადებას სულმოუთქმელად ელიან. სწორედ მათთვის, დღეს სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც განათლების სამინისტროში გადავამოწმეთ და დაგვიდასტურეს.
ცნობილი გახდა, რომ 2017-2018 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა ონლაინ რეგიტრაციის პირველი ეტაპი 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.
I ეტაპზე სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილელებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 25 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით..
II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – იწარმოებს 2017 წლის 8 მაისის დილის 09:00 საათიდან 1 ივნისის ჩათვლით. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.
III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს და დასრულდება 30 ივნისს.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.
2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
2017-2018 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.
რეგისტრაცია განხორციელდება საიტზე emis.ge და სწორედ ამ საიტზე უნდა შეხვიდეთ მითითებულ ვადებში ბავშვის დასარეგისტრირებლად.
ციცი ომანიძე