„ჩვენთვის გიდი არ არის ადამიანი, ვინც მხოლოდ თარიღებით გვიყვება დასაზეპირებელ ფაქტებს“ - რატომ უნდა იაროთ აუცილებლად მუზეუმებში „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს შეიქმნა და ჩვენს რეალობაში აქამდე არსებულ 9 მუზეუმს ერთ ინსტიტუციაში აერთიანებს. დაფუძნების შემდეგ, „თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ“ ბევრი საინტერესო პროექტი წამოიწყო და დღემდე ცდილობს, მუზეუმი გახადოს ყველა ადამიანისთვის საყვარელი ადგილი, სადაც მხოლოდ თარიღებსა და ფაქტებს კი არ მოისმენენ, თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გასატარებლადაც მივლენ. „მუზეუმების გაერთიანების“ ხელმძვანელი ნინო სანადირაძე თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში მიმდინარე ცვლილებეზე, მიზნებსა და პროექტებზე გვესაუბრა.
- „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ ძირითადი მიზანი, რა თქმა უნდა, თვალსაწიერის გაფართოებაა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვცდილობთ, კოლექციებთან ერთად პრიორიტეტად დამთვალიერებელი ვაქციოთ. მუზეუმები თავისთავად ინახავენ და იცავენ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს, თუმცა XXI საუკუნეში მუზეუმებს ცოტა სხვა მისიაც ეკისრებათ, რაც საგანმანათლებლო მნიშვნელობასთან ერთად, დაცული ფონდებისა და კოლექციების საგანმანათლებლო რესურსად ქცევას გულისხმობს. ჩვენთვის მნიშნელოვანია მუზეუმების არა მხოლოდ ტურისტულ მიმოქცევაში ჩართვა, არამედ ადგილობრივი რესურსების სრული მობილიზება. ეს გულისხმობს არა მარტო ბავშვებს ან საგანმანათლებლო სფეროს, არამედ სხვა ნებისმიერ ადამიანს.
გაერთიანების შექმნის შემდეგ წამოვიწყეთ ბევრი ისეთი საქმე, როგორიცაა ფონდების ინვენტარიზაცია, კოლექციებისა და იმ რესურსების სრული აღნუსხვა, რაც ამ მუზეუმებშია დაცული. გარდა ამისა, დაიწყო რამდენიმე რეექსპოზიციისა და ფონდების განახლების პროცესი, განახლდა და შეიცვალა ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური მუზეუმის საგამოფენო დარბაზი და მომზადდა დიდი ბალერონის სასცენო კოსტუმების ექსპოზიცია. პროექტებს შორის ერთ ერთი მასშტაბური თბილისში, ჯავახიშვილის 7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაციის პროექტია, რომელიც თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ერთობლივად დაიწყო.
თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში სიახლეები ბევრი მიმართულებით დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა განვითარებაა, რომლებიც რამდენიმე მუზეუმში უკვე დაიწყო და განხორციელდა. საგანმანათლებლო პროგრამები და გაკვეთილები დიდი ინტერესს იწვევს სხვადსხვა ასაკის დამთვალიერებელში. საკმაოდ ბევრი ბავშვია ჩართული, მიხარია, როცა აღნიშნავენ, რომ სრულიად სხვა რეალობა ხვდებათ მუზეუმში მოსულებს. ჩვენთვის გიდი არ არის ადამიანი, ვინც მხოლოდ თარიღებით გვიყვება დასაზეპირებელ ფაქტებს. ჩვენთვის სამუზეუმო ექსპონატი არის შთაბეჭდილება, რომელმაც უნდა გამოიწვიოს ემოცია, თანაგანცდა, სიყვარული და შემდეგ უკვე ზრუნვის შესაძლებლობა. ამიტომ მუზეუმში მოსული ბავშვი არ უნდა იყოს იძულებული რაღაცები დაიზეპიროს. ის უნდა ისმენდეს ბევრ პასუხს კითხვა - რატომ-ზე, უნდა იღებდეს პასუხს იმაზე, თუ რატომ მოვიდა, კიდევ რატომ უნდა ესტუმროს ამ სივრცეს და რა მონაწილეობა შეუძლია სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის განვითარების საქმეში. ბიოგრაფიული ცნობები, რიცხვები თარიღები მუზეუმებში საინფორმაციო დაფაზეა განთავსებული და დამთვალიერებლი და ვიზიტორი სამეცადინოდ კი არ უნდა მიდიოდეს მუზეუმში, არამედ სიამოვნების მისაღებად.
საგანმანათლებლო სივრცეები - სკოლები, მუდმივად ცდილობენ მუზეუმებში ატარონ ბავშვები, თუმცა ეს არ არის მასშტაბური ხასიათის. ჩვენი მიზანია, მუზეუმში მოსული ადამიანი მხოლოდ მსმენელი ან დამთვალიერებელი კი არ იყოს, არამედ გახდეს მონაწილე. შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც დავიწყეთ, სრულ ჩართულობას გულისხმობს. პროგრამებისა და სამუზეუმო გაკვეთილების მისიაა - სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების მიზნობრივი ხელშეწყობა. პროგრამები, რომლებიც ხორციელდება მუზეუმებში, ერთი მხრივ დაკავშირებულია იმ კონკრეტულ სახელებთან, ვის მემორიალურ მუზეუმშიც იმყოფება ადამიანი და მეორეს მხრივ ის იძლევა დიდ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე. მაგალითად, ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჰიმნი, ამასთან ერთად პროგრამაში ინტეგრირებულია ისეთი რესურსი, როგორიცაა სიმბოლიკა, ჰერალდიკა და ა.შ. ანუ ის სხვადასხვა მიმართულება, რომელიც კონტექსტით ჰიმნთანაა დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ ვიყენებთ ექსპოზიციებსაა და ფონდებში დაცულ მასალებს, ვცდილობთ, ინფორმაციული მრავლფეროვნება შევიტანოთ და პროგრამა გახდეს საინტერესო.
- გარდა იმისა, რომ მუზეუმში მისულ ბავშვს უნდა დახვდეს ისეთი გარემო, რომ თავად გაუჩნდეს მოსმენის, დათვალიერების, ექსპონატების გაფრთხილების სურვილი, ასევე მნიშვნელოვანია, მათთვის წინასწარ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება მაინც იმის შესახებ თუ სად მიდიან, ვისი მუზეუმია და ა.შ.
- რასაკვირველია, ეს აუცილებელია. ამიტომ ჩვენ ვთანამშორმლობთ არა მარტო სკოლებთან, არამედ რესურსცენტრებთან და სხვადასხვა ჯგუფებთან, როგორც სოციალური ქსელით, ისე პირადი შეხვედრებით. ზოგადად, ბავშვების ინფორმირებაში ძალიან გვეხმარება ის სოციალური ქსელები, რომლებიც ასე პოპულარულია მოზარდებში. ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ბავშვებს არ აინტერესებთ, არ უნდათ, არ იციან, თუმცა აქ სხვასთან ერთად ვაწყდებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემას. საკითხავია, რამდენად ვავრცელებთ ამ ყველაფერს თანაბრად და საჭიროდ?! გაკვეთილიდან ექსკურსიაზე წასვლა არ უნდა იყოს გაკვეთილის გაცდენის ტოლფასი, მუზეუმში ფეხის წვერებზე სიარულის და სახიფათო სივრცეში ყოფნის განცდა უნდა დავამსხვრიოთ. სამუზეუმო ექსპონატებისა და სამუზეუმო ფასეულობების დაცვის ინსტრუქცია და დაცულობა რასაკვირველია დაცული უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია მთავარი, ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ ექსპონატებთან ურთიერთობა. მთვარი მაინც ურთიერთობა და ინფორმაციის მიწოდებაა, როცა მიაწვდი ინფრომაციას, თუ რა ფასეულობასთან აქვთ საქმე, მათი ინტერესი და მოწიწება უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ის, რომ მუდმივად გყავდეს დაძაბული იმით, რომ ზედმეტად არ გაინძრეს, ხელი არ მოკიდოს ექსპონატს და ა.შ. მუზეუმი ღია ინსტიტუციაა, სადაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა და ეს თუ დასაწყისშივე არ იქნა ბავშვისთვის გაცნობიერებული, მერე რთულია. ამიტომ ჩვენი მიზანია, დამთვალიერებლები - ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები გახდნენ ჩვენი მეგობრები და ჩვენი პროგრამების სრუფასოვანი მონაწილეები.
- ძირითადად რა ასაკის, რომელი ჯგუფის, დამთვალიერებელი აქტიურობს?
- საგანმანთლებლო სექტორი ხშირად დადის. ძირითადად სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე უჩნდებათ სურვილი კონკრეტული მწერლის, პოეტის მუზეუმში სტუმრობისა... გარდა ამისა, ჩვენი ღონისძიებების ფარგლებში იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, შეხვედრები ავტორებთან, პოეზიისა და მუსიკალური საღამოები, დისკუსიები და სხვა. ჩვენი ღონისძიებების ასაკი შეუზღუდავია და არა მხოლოდ სასკოლო აუდიტორიაზეა გათვლილი. ვცდილობთ ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო გავხადოთ მუზეუმში სტუმრობა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მუზეუმი ნებისმიერ დროს კარგი ცდონის მიღების წყარო და თავშესაფარი გახდეს. გარდა სამუზეუმო პროგრამებისა ვამზადებთ კადრებსაც, უკვე სტაჟირებაზე მოსული ადამიანების მეორე ნაკადი გვყავს. ერთის მხრივ ვიღებთ სტაჟიორებს, რომლებიც რეგისტრირდებიან საერთო საქალაქო პროგრამაში, როგორიცაა „დაიწყე კარიერა“, თუმცა ასევე გვყავს მიზნობრივი სტაჟიორების დიდი ჯგუფი, რომლებიც სწავლობენ სამუზეუმო, საგამოფენო საქმეს, ტურიზმის მენეჯმენტს, გიდობას და ა.შ. ბევრი მათგანი რჩება კიდეც მუზეუმში.
- 27 მაისს იგეგმება პროექტი „მოდი ღამე მუზეუმში“ - როგორ ემზადებით ამ დღისთვის?
- პროექტში „მოდი ღამე მუზეუმში“, რამდენიმე წელია ხორციელდება, როგორც საქარტველოს ისე მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ, გაერთიანების შექმნის პირველ წელსვე, სამი მუზეუმით ვერთვებით, ესენია: ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური მუზეუმი ბაქრაძის ქუჩაზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური მუზეუმი ჩახრუხაძეზე და ილია ჭავჭავაზის სახლ-მუზეუმი ჩუბინაშვილის ქუჩაზე. სამივე მუზეუმში დილის 10 საათიდან, ღამის ბოლო სტუმრამდე იქნება მუდმივი აქტივობა, თუმცა საღამოს 9 საათიდან დაიწყება თეატრალიზებული ღონისძიება - ეს არაა სპექტაკლი, ესაა ღონისძიება, სადაც ნებისმიერ დროს მისული ადამიანი ხდება უშლოა მონაწილე. ჩვენი წლევანდელი მიზანი მოსული სტუმრის ჩართულობა და თანამონაწილეობაა, სამივე მუზეუმში მოსული სტუმარი თუ დამთვალიერებელი აუცილებლად გახდება ღონისძიების სხვადსხვა კომპონენტის მონაწილე, რაც სამომავლოდ მუზეუმში დაბრუნების სურვილსაც განაპირობებს. თანამედროვე მუზეუმები არაა ცალკე განყენებული სივრცები ან საცავებია, არამედ კომუნიკაციის მძლავრ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ, რომლითაც შეგვიძლია ბევრი რამის სწვალება და ჩვენება. წლევანდელი მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტისა და კომისიის სლოგანი არის მუზეუმები და ტრავმული ისტორიები - მუზეუმები ჰყვებიან უთქმელს. ჩვენ გავაკეთეთ ვირტუალური გამოფენა მუზეუმების გაერთიანებაში დაცული უთქმელი ისტორიების. ესაა უზარმაზარი მასალა და პროექტი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. პირველად ინტერნეტსივრცეში გამოიფინა კალისტრატე ცინცაძის წერილი ზაქარია ფალიაშვილისადმი, ეს იმიტომ კი არაა უთქმელი, რომ აქამდე არავის გამოუფენია, არამედ მასში მოთხრობილი ამბავი არის ეპოქალური და მნიშვნელოვანი. გამოვიტანეთ მერაბ კოსტავას ციმბირული წერილები, მიხეილ ჯავახიშვილის დაკითხვის ოქმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მეუღლის წერილი ჭაბუკიანისადმი. როგორც გითხარით, პროექტი გრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო მასალას გპირდებით.
ციცი ომანიძე