პატარები როგორც ღრუბელი, ისე არიან, იწოვენ და ითვისებენ ყველაფერს "ჯერ კიდევ მეშვიდე-მერვე კლასელი ვიყავი, რომ ჩემზე უმცროს ბავშვებს ინგლისურ ენაში ვამზადებდი. ახლა კი ნებისმიერი ასაკის ადამიანთან ვმუშაობ, თუმცა პატარებთან ურთიერთობა მეტ სიამოვნებას მანიჭებს," - ამბობს ინგლისური ენის პრაქტიკოსი მასწავლებელი - ნინო დგებუაძე.
სწორედ მასთან შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ასაკიდან არის ინგლისური ენის შესწავლა გამართლებული და როგორ უნდა შეისწავლოს ის ბავშვმა.
- ახლა სკოლაში ბავშვები უცხო ენის შესწავლას 5-6 წლის ასაკში იწყებენ, ანუ პირველ კლასში. როგორც პედაგოგი, ამას გამართლებულად მიიჩნევთ?
- ნამდვილად გამართლებულია, რადგანაც ინგლისურის შესწავლა მოზრდილი ასაკის ბავშვებთან რომ დამიწყია, ათვისება ძირითადად უჭირთ ხოლმე. მათ პარალელურად პიველ-მეორე კლასელებიც მყოლია და ენის დაძლევის არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. მოკლედ, უფროსებს ისე ვერ გააგებინებ და გაიგებს, როგორც პირველკლასელი, - ადვილად უღებენ ალღოს. თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ბევრი რამ მასწავლებელსა და მოსწავლეზეა დამოკიდებული. ზოგადად, მკაფიოდ ვაფიქსირებ იმ მოსაზრებას, რომ პატარები როგორც ღრუბელი, ისე არიან, იწოვენ და ითვისებენ ყველაფერს, მით უმეტეს, თუ მასწავლებელი კარაგად უხსნის. საოცარი შედეგები აქვთ...
- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პატარები ერთი უცხო ენის შესწავლის პარალელურად, მეორესაც იწყებენ (გერმანულს, ან ფრანგულს) თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?
- უპირველესად გეტყვით იმას, რომ მივესალმები თავიდან მხოლოდ ერთი უცხო ენის შესაწავლას. პარალელურად ორივეს დაწყება პირველკლასელისთვის არ არის გამართლებული, რადგანაც გაუჭირდება ამდენის დაძლევა. მყავდა და ახლაც მყავს მოსწავლე, რომელიც ინგლისურთან ერთად, გერმანულასც სწავლობს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ კარგი შედეგი აქვს (გერმანული მეც ვიცი, არა იმ დონეზე, როგორც ინგლისური, მაგრამ გერმანული ენის ნიუანსებში გარკვეული ვარ და ამიტომ ვამბობ). ზოგადად, პატარისთვის პარალელურ რეჟიმში ორი ენის შესწავლის დაწყება რთულია.
ვიმეორებ, თავიდან გამართლებულად მივიჩნევ მხოლოდ ერთი უცხო ენის შესწავლას.
- თუმცა ისეც ხდება, რომ ბავშვები არა პირველ კლასში, არამედ უფრო ადრეულ ასაკში (3-4 წლის) იწყებენ უცხო ენის შესწავლას, ისე, რომ ქართულად წერა-კითხვაც რომ არ იციან... ამ ასაკში ენის დაწყება მისთვის სტრესი არ არის?
- არა, მისთვის ეს სტრესი ნამდვილად არ არის, თუმცა შეიძლება პატარასთვის ცოტა მეტი დატვირთვა კი იყოს, მაგრამ ის მას სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზიანს არ აყენებს. ჯერ ჩემთან არც ერთ ბავშვს არ გასჭირვებია 3-4 წლის ასაკში ინგლისური ენის შესწავლა.
თან, ამ ასაკში ენის დაწყება ბავშვს იმაში ეხმარება, რომ სიტყების მარაგს აგროვებს. როდესაც ლექსიკური მარაგი აქვს, მერე თუნდაც პირველ კლასში მეტად უადვილდება პროგრამის დაძლევა. მოკლედ, ეს მისთვის მოსამზადებელი ეტაპია და მისი გონება და მონაცემები საშუალებას იძლევა, რომ კარგად აითვისოს.