ათასგვარი თეორია სხვაა და მისი პრაქტიკული განხორციელება – სხვა შენ მასწავლებელი ხარ და იგებ, რომ შენს კლასში ახალი მოსწავლე გადმოდის, მას, პირობითად, თომა ჰქვია, აუტისტური სპექტრის აშლილობა და ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს. პირველი რეაქცია შიშია, პრობლემის არცოდნით თუ პრაქტიკის არქონით გამოწვეული შიში. სხვადასხვა ტრენინგსა თუ სემინარზე ინკლუზიური განათლების შესახებ ბევრი გსმენია და წაგიკითხავს, მაგრამ ათასგვარი თეორია სხვაა და მისი პრაქტიკული განხორციელება – სხვა. მესმის, ოდნავ დაბნეული და შეშინებული ხარ, გინდა არაფერი გააფუჭო, არც ბავშვს და არც სასწავლო პროცესს არაფერი დაუშავო.
პირველი, რითაც უნდა დაიწყო, სწორედ ამ შიშისგან გათავისუფლებაა. პასუხისმგებლობის გრძნობით გამოწვეული შეცბუნება თავისთავად ცუდი არ არის, ოღონდ მაინც საჭიროა მისი მოშორება. იცოდე, შენ გაქვს იარაღი, რომელიც სხვადასხვა მიდგომასა და აქტივობასთან ერთად, შესანიშნავ შედეგს მოგიტანს. ეს იარაღი – სიყვარულია.
მეკი, ჩემი მხრიდან, შემიძლია, რამდენიმე რჩევა გაგიზიარო, როგორც დედამ და როგორც მასწავლებელმა.
1. ნუ ეცდები, ყველაფერი ერთ დღეში მოგვარდეს. ერთ დღეში შემოგხედოს თვალებში, თქვას შენი სახელი, შეასრულოს შენი მითითებები. იცოდე, რომ ყველა ბავშვს და განსაკუთრებით თომას უჭირს უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან ადაპტირება. ამიტომ მიეცი უფლება, ცოტა ხანს თავისთვის იყოს, მერხის ქვეშ დაიმალოს ან სულაც, ფანჯრის რაფასთან მიიტანოს სახატავი ფურცელი და იქ დაიწყოს ხატვა. აცალე და დაელოდე!
2. გაკვეთილის ახსნისას მაქსიმალურად გამოიყენე ვიზუალური მასალა. სასურველია, მასალა გულდასმით შეარჩიო. მარტივი სურათები და გამოსახულებები ძალიან დაეხმარება, გაიგოს ის, რის ახსნასაც ცდილობ;
3. ნუ გამოიყენებ იდიომებს, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ სიტყვებს, მეტაფორებს – თომას ამ ყველაფრის გაგება გაუჭირდება;
გაგრძელება