თუ საბავშვო ლიტერატურა გაინტერესებთ... ძალიან ბევრი მშობელი ამჩნევს, რომ წიგნები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში თაობები "გაზარდეს", თანამედროვე ბავშვებს ისეთივე გატაცებით ვეღარ იზიდავს. რამდენ მშობელს გვიფიქრია, რომ ჩვენი ბავშვობის წიგნები შვილის საყვარელი საკითხავიც გახდებოდა, მაგრამ ეს იმედები ბავშვებმა აშკარად გაგვიცრუეს. აღმოჩნდა, რომ მათ ნაკლებად აინტერესებთ ის სამყარო, რაც ასე "ითრევდა" მშობლების თაობას. რა მოეწონებათ თანამედროვე ბავშვებს და როგორი წიგნები შეაყვარებთ მათ კითხვას? ამ საკითხზე მხოლოდ მშობლები როდი ღელავენ. ეს მწერლებისა და გამომცემლობების გამუდმებული კვლევის საგანია. წიგნების შემქმნელები აქტიურად მუშაობენ, რათა თანამედროვე ბავშვებს თავიანთ ინტერესებზე მორგებული ნაწარმოებები შეუქმნან და თანდათან შეიტყუონ წიგნის სამყაროში. ეს მცდელობები ხშირად აღწევს მიზანს და ზოგიერთი ასეთი წარმატებული პროექტი ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი ხდება. ვინაიდან ჩვენი საიტის მკითხველი აშკარა დაინტერესებას იჩენს საბავშვო წიგნების მიმართ, გადავწყვიტეთ პერიოდულად მოგაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია ახალი, თანამედროვე გამოცემების შესახებ, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ პატარა მკითხველის დაინტერესება შეუძლიათ.
ამჯერად წარმოგიდგენთ ტერი პრეტჩეტის წიგნს "სატვირთოს გამტაცებლები". ის რამდენიმე თვეა ქართულ ენაზე გამოვიდა და გაყიდვებში სწრაფად დაიკავა ლიდერის პოზიციები. წიგნი პროექტ "ლიბერქიდსის" ფარგლებში გამოვიდა, რომელიც 8-12 წლის ასაკისთვის განკუთვნილ ლიტერატურას გამოსცემს.
რით შეიძლება დააინტერესოს "სატვირთოს გამტაცებლებმა" ბავშვი და რა შეიძლება შემატოს მისმა წაკითხვამ მოზარდს?
პირველ რიგში ფანტასტიკური სიუჟეტით - მოქმედება თანამედროვე დროში, ჰიპერმარკეტში მიმდინარეობს, თუმცა პერსონაჟები ზღაპრული არსებები არიან. ერთი ციდა ნომებისა და თანამედროვე ადამიანების გვერდიგვერდ ცხოვრება ნამდვილად თავშესაქცევი და სახალისო საკითხავია ბავშვისთვის. იატაკვეშეთში მცხოვრები ნომები მარკეტის დამაარსებელს ეთაყვანებიან, მარკეტის თითოეულ სექციას თავისი არისტოკრატია მართავს და წელიწადს სეზონების ნაცვლად ფასდაკლებების პერიოდებად ყოფენ - ნომებისთვის მაღაზია ერთადერთი ხილული სამყაროა - იმის იქით სიცოცხლე არც არსებობს და არც მანამდე უარსებია. ერთ დღეს კი მაღაზიაში გარესამყაროდან სხვა ნომები მოდიან და ყველაზე საინტერესოც აქედან იწყება... სიუჟეტის თხრობით თავს აღარ შეგაწყენთ, გაცილებით მნიშვნელოვანია ის თემები, რაც კითხვისას ბავშვის ყურადღების ცენტრში ექცევა.
როგორ ხდები ლიდერი
პირველ რიგში ეს ლიდერის თემა გახლავთ. მთავარი გმირი ერთი ჩვეულებრივი ნომია, რომელსაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ერთ დღეს კი მას ძალიან რთული ამოცანების გადაწყვეტა დასჭირდა. ბავშვი ხედავს, როგორ ყალიბდება ნაბიჯ-ნაბიჯ ნამდვილი ლიდერი, ხედავს, როგორ მიიღწევა მთავარი მიზანი პატარა-პატარა პრობლემების გადაჭრით, როგორია მმართველის ხვედრი და როგორი - უბრალო შემსრულებლების. ბავშვი პატარა ნომთან ერთად განიცდის, როგორი რთულია მიზნისკენ მიმავალი გზა და რა ტკბილია წარმატება, რას ნიშნავს პასუხიმგებლობის გრძნობა და რამდენის თმენა გჭირდება, როცა დიდი საქმეს ხარ შეჭიდებული. ეს საკითხები თანამედროვე ბავშვისთვის ძალიან საჭირო და აქტუალურია. რეალური ცხოვრებაც სწორედ ამას ითხოვს ჩვენი შვილებისგან - ცოდნას, ამოცანების გონივრულ გადაწყვეტას, მიზანსწრაფულობას და კრიტიკულ აზროვნებას. ნებისმიერი მშობელი თავს არ ზოგავს, რომ შვილს სწორედ ეს თვისებები განუვითაროს.
სიუჟეტში ძალიან ბუნებრივად არის მოწოდებული ტექნოლოგიების უპირატესობა, წიგნების როლი და ცოდნის აუცილებლობა. ერთი სიტყვით, ყველა ის თვისება, რაც თანამედროვე ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთგვარი ბიძგი ბავშვებისთვის რომ გახდნენ ლიდერები და წარმატებული ადამიანები.
ცოტა რამ ტერი პრეტჩეტის შესახებ:
ტერი პრეტჩეტი მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელია.
2015 წლის ლიტერატურული პრემიის, კარნეგის მედლის, მფლობელი.
2014 წელს გადაეცა GOODღEADშ-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის შემქმნელს.
2010 წელს ტერი პრეტჩეტი ფანტასტიკის ჟანრში
განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაჯილდოვდა
მისი წიგნები ორმოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი, გაყიდვების მაჩვენებელი კი 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარს ითვლის.
მსოფლიომ ნამდვილი გენიოსი დაკარგა! _ ასეთი იყო გამოხმაურებები, რომელიც უამრავმა ადამიანმა მწერლის გარდაცვალების გამო გულისტკივილით გამოხატა. მწერალი 2015 წლის 12 მარტს ალცჰაიმერის დაავადებით გარდაიცვალა.