საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი სტუმრობს 2010 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით პროექტი - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი სტუმრობს. პროგრამამ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება, ასევე, კულტურული ღირებულებების გაცვლა დაისახა მიზნად.
პროექტის ბიუჯეტი და უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა რაოდენობა ყოველ წელს განსხვავებული იყო: 2010 წელს საქართველოში 700-მდე მოხალისე ჩამოვიდა, 2011 წელს ქვეყანას მოხალისეთა ჯგუფი რამდენჯერმე ეწვია და ჯამში 1500-მდე მოხალისე ჩამოვიდა. ამ დროისთვის პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 8 მილიონ ლარს შეადგენდა. 2012 წელს პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი გახდა, აქედან 35% შეადგენდა ბილეთების შეძენისთვის დახარჯულ თანხას და 48% მათ ხელფასებს, ხოლო 2% განკუთვნილი იყო კონფერენციებისა და ტრენინგებისთვის. ასევე დაახლოებით 600-1000 დოლარამდე იხარჯებოდა ერთი მოხალისის მოძიებაზე.
2013 წელს არსებულ მოხალისეთა რაოდენობა კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით გადაირჩა და პროგრამაში 154 მოხალისე დარჩა, რომელიც 154 სკოლასა და 170-მდე ადგილობრივი უცხოური ენის მასწავლებელს ფარავდა. 2014 წლიდან ინგლისურენოვან მოხალისეთა რაოდენობა 62-ს შეადგენდა. საქართველოში ასევე ჩამოვიდა 10 ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებელი. 2015 წელს საქართველოს ეწვია 30 ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებელი, 1 ფრანგულენოვანი და 16 ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებელი, რომლებიც 51 სკოლასთან და 90-მდე უცხოური ენის მასწავლებელთან თანამშრომლობენ.
რა ფაქტორებმა განაპირობა უცხოენოვან მასწავლებელთა რაოდენობის შემცირება, AMBEBI.GE-მ ამ კითხვით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა.
ცენტრში განმარტავენ, რომ თავდაპირველად, პროგრამის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება, კულტურული ღირებულებების გაცვლა, თუმცა არ არსებობს საწყისი მონაცემები, კვლევა, თუ როგორია ენის ცოდნის დონე პროგრამის დაწყებამდე და რა დამოკიდებულება იყო თემში უცხოური კულტურის მიმართ. მათი განმარტებით, 2014 წლიდან პროგრამის მიზნები განახლდა და გაფართოვდა; განისაზღვრა უცხოური ენის მასწავლებლებში ენობრივი და პროფესიული უნარების განვითარება, მოსწავლეებში ენის ცოდნის გაღრმავება და მოტივაციის ამაღლება, თემში ენის შესწავლის თანაბარი ხელმისაწვდომობა. ასევე თანამშრომლობითი სწავლების მეთოდის დანერგვა. ასევე, 2014 წლიდან გადაიხედა მოხალისეთა შერჩევის კრიტერიუმები. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში განმარტავენ, მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, მოხალისე უნდა იყოს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მფლობელი, უნდა ჰქონდეს ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლების საერთაშორისო სერთიფიკატი, ენის სწავლების გამოცდილება. ასევე გაწერილია კონკრეტული დავალებები მოხალისე მასწავლებლებისთვის;
ერთმა მოხალისე მასწავლებელმა უნდა ითანამშრომლოს მინიმუმ სამ ადგილობრივ მასწავლებელთან, მისი სამუშაო საათები შეადგენს კვირაში მინიმუმ 25 საათს. გეგმავს გაკვეთილებს ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად და მოიძიებს და აზიარებს სასწავლო რესურსს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ასევე სკოლის მხარდაჭერით ატარებს სხვადასხვა სახის კლასგარეშე აქტივობებს.
რაც შეეხება მასწავლებლების განაწილებასა და მოთხოვნას, ცენტრში აცხადებენ, რომ 2013 წლიდან პროგრამაში მონიტორინგის პროცესი ხორციელდება; მიმდინარეობს სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეების, მასპინძელი ოჯახების გამოკითხვა, მათი დამოკიდებულებების შესწავლა პროგრამის მიმართ.
როგორც განათლების სამინისტროს სსიპ-ში განმარტავენ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ პროგრამა გარკვეული მიმართულებებით დახვეწას საჭიროებდა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო მოხალისეთა მასწავლებელთა განაწილება.
"2015
წელს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით გაიგზავნა წერილი რესურს-ცენტრებში და შემდეგ სკოლებში პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესახებ, ასევე ინფორმაცია სკოლების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ, რომელიც დადგინდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. შემოვიდა 160-მდე მსურველი სკოლის განაცხადი და შეირჩა 40-მდე სკოლა. პრიორიტეტი გახდა საქართველოს რეგიონები. პროგრამაში მიმდინარეობს ადგილობრივი მასწავლებლების შეფასების პროცესი; პრეტესტით განისაზღვრა მათი საწყისი წერტილი, ასევე, მათივე გამოკითხვების და საჭიროებების შედეგად, იგეგმება პროგრამაში მიმდინარე ტრენინგები 2014 წლიდან", - განმარტავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროგრამაში მონაწილე უცხოელი მასწავლებლების რიცხვის შემცირება მკაცრად განსაზღვრულმა კრიტერიუმებმა და ხარისხზე ორიენტირებამ განაპირობა.
ნატალია დადიანი
(R)