ყოველწლიურად მოსწავლეთა რაოდენობა კერძო სკოლებში მატულობს, საჯაროში კი მცირდება საქართველოში, ძირითადად კი, დედაქალაქში სულ უფრო იმატებს კერძო სკოლების რაოდენობა.
მიმზიდველი პირობები, ხელმისაწვდომი გადასახადი და სწავლის ხარისხი ხშირად მშობლებს უბიძგებს შვილი კერძო სკოლაში მიიყვანოს ან საჯაროდან კერძოში გადაიყვანოს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურად მოსწავლეთა რაოდენობა კერძო სკოლებში მატულობს, საჯაროში კი მცირდება. მაგალითად, 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა იყო 576 624, 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისისთვის - 506 659, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 498 873.
რაც შეეხება მოსწავლეების რაოდენობას კერძო სკოლებში, საქსტატის მონაცემებით, 2007-2008 წლის სასწავლოს წლის დასაწყისისთვის, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა იყო 38 043, 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისში 52 756, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 55 041.
როგორც ALLNEWS.GE-სთან განათლების საკითხების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ამბობს, კონკრეტული მიზეზების დასახელება, თუ რატომ მცირდება საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და იზრდება კერძოში, ძნელია.
"მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი, თუ კონკრეტული კვლევა არ ჩატარდა, ამაზე საუბარი იქნება რთული. შესაძლოა, მიზეზი იყოს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით პირობების უფრო მეტი გაუმჯობესება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად კრიმინალური მდგომარების გაუარესება საჯარო სკოლებში და გარანტირებული უსაფრთხოების მიზნით მშობლის მიერ ბავშვის კერძო სკოლებში გადაყვანა და ა.შ.
"განათლების ხარისხისა და აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, საქართველოში კერძო სკოლის მოსწავლეებს აქვთ უკეთესი შედეგი საერთაშორისო კვლევებში, მაგრამ ეს მიღწევა რითია განპირობებული, ამის დასახელება საკმაოდ რთულია. ეს შეიძლება მხოლოდ იმით იყოს განპირობებული, რომ კერძო სკოლებში სწავლობენ უფრო მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ბავშვები და მშობელთა ჩართულობა იწვევს ამ უკეთეს შედეგს და არა უშუალოდ ის, რომ სწავლება კერძო სკოლაში უკეთესია", - ამბობს შალვა ტაბატაძე. მისივე თქმით, საქართველოში კერძო სკოლების რაოდენობის ზრდა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის უკეთესია. განაგრძეთ კითხვა