შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია „ცდილობენ, იოლი გამოსავალი მოძებნონ და დაზეპირებული, დაშტამპული ტექსტები მოარგონ იმ სათაურს, რაც მას არ ეხება. თითქოს ზეპირი „შპარგალკებით“ უნდათ ფონს გასვლა,“ – ასე აფასებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია ქართულის გამოცდის შედეგებს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ 2016 წლის ეროვნულმა გამოცდებმა სამწუხარო ტენდენცია აჩვენა – პედაგოგებს ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული, რომ მთავარი არა მასალის დაზეპირება, არამედ მისი გააზრებაა და აბიტურიენტებს შაბლონურ ტექსტებს სთავაზობენ, რომელთაც ისინი გამოცდაზე ხშირად უადგილოდ იყენებენ.
შედეგად, ჯამბურია მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას რაღაცები შესაცვლელია, რამაც მომავალში შეიძლება საგამოცდო მოდელის ცვლილებაც კი განაპირობოს.
-არის თუ არა უკვე ცნობილი თუ რომელი ვარიანტი, ან რომელი დავალება ერთულათ წელს ყველაზე მეტად აბიტურიენტებს?
კახა ჯამბურია: სანამ ჩვენი ცენტრის კვლევის ჯგუფი სტატისტიკური ანალიზს არ გააკეთებს, მანამდე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელი ვარიანტი უფრო რთული, ან მარტივი იყო. ზოგადი შთაბეჭდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავალებები დაახლოებით იმავე სირთულის იყო, როგორიც წინა წლებში. თუმცა, წელს უცნაურ რაღაცებსაც წავაწყდით.
-რას გულისხმობთ?
–კ.ჯ: მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტის შესწორებისას აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვების დიდ ნაწილს არ ესმის თუ რას ნიშნავს სიტყვა დემოკრატია. ეს ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო. ბევრს ეგონა, რომ დემოკრატია დამოუკიდებლობას ნიშნავს და საქართველოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობდა.
გარდა ამისა, უცნაური ტენდენცია იყო ისიც, რომ ხშირად ბავშვები არა დავალებაში მოთხოვნილს, არამედ სხვა რაღაცას წერდნენ. თავიდან ამის მიზეზს ვერ ვხდებოდით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ, ალბათ, მასწავლებლები ბავშვებს აძლევდნენ გამზადებულ რაღაც ესეს, თხზულებას, აზეპირებინებდნენ და ცდილობენ, ასე გასულიყვნენ იოლას.
ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან თუკი ბავშვმა დავალებას არ უპასუხა, აუცილებლად ნულ ქულას მიიღებს, თუნდაც ძალიან კარგად და ენობრივი თვალსაზრისით უშეცდომოდ იყოს დაწერილი. შეგვხვდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ვაჟას ნაცვლად ილიას „მგზავრის წერილებზე“ მსჯელობდნენ. ცხადია, რომ ასეთი თემები არ შეფასდება.
თემები თითქოს დაზეპირებული ჰქონდათ. განაგრძეთ კითხვა