რაც უნდა ცელქი და მოუსვენარი იყოს ბავშვი, მაინც ეცადეთ, ელემენტარული ცოდნა მაინც მისცეთ მშობლები, რომლებიც სამსახურით ან საოჯახო საქმეებით ძალიან დატვირთულები არიან, ფიქრობენ, რომ ბავშვი ასოებსა და ციფრებს საბავშვო ბაღში ან სკოლაში ისწავლის. ამიტომ საჭიროდ არ მიაჩნიათ ამ ყველაფრის სახლში შესწავლა. მეტისმეტად დაძაბული გრაფიკის მქონე მშობლებს სხვა არჩევანი არ აქვთ. მაგრამ განა უკეთესი არ უნდა გვინდოდეს ჩვენი შვილებისთვის და მეტ ყურადღებას არ უნდა ვიჩენდეთ მათ მიმართ? ნებისმიერი მშობლის ამოცანაა, შვილს რაც შეიძლება მეტი ასწავლოს, ასეთ მშობელს შეუძლია მართლაც იამაყოს, რადგან ბავშვის აღზრდაში მისი დამსახურება დიდი იქნება.
ყველა დედას უნდა, შვილი წარმატებული მოსწავლე იყოს და წინსვლისთვის მოწოდებული. როცა ასეთი მიზანი გაქვთ, ამ დროს სწავლა-აღზრდის მხოლოდ უცხო ადამიანებზე მინდობა მართლაც შეცდომაა.
გახსოვდეთ, 4 წლიდან უკვე ხშირად უნდა გამოძებნოთ დრო, რათა ბავშვს ციფრები და ასოები გააცნოთ, აზიაროთ წიგნებს. რაც არ უნდა ცელქი და მოუსვენარი იყოს ბავშვი, მაინც ეცადეთ ელემენტარული ცოდნა მაინც მისცეთ. ასოები, ციფრები, დამარცვლა, ცხოველების, მცენარეებისა და წელიწადის დროების სახელები. ამ ყველაფრისთვის დღეში ნახევარი საათი უნდა გამოყოთ.
5 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს ანბანი, ასევე - 10-მდე თვლა. 6 წლისამ - თუნდაც გაჭირვებით, მარცვალ-მარცვალ კითხვა, ასოების მოხაზულობა, უნდა ასხვავებდეს წელიწადის დროებს, შეეძლოს საგნების შედარება. ასევე სახლის მისამართი, სახელი, გვარი, მამის სახელი. კარგია, თუ ზეპირად შეასწავლით მარტივ ლექსებს. უნდა იმახსოვრებდეს თქვენ მიერ წაკითხულ ზღაპრებსა და მოთხრობებს. 6 წლის ბავშვი სწორად უნდა იქცეოდეს სუფრასთან, იცოდეს ჭურჭლის მოხმარება და ელემენტარული ზრდილობის წესები.
არ დაივიწყოთ, რომ მშობლებს ძალიან დიდი შრომის ფასად უხდებათ შვილების აღზრდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, გაწეული ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ.