"სადაც რემონტია, ის ბაღები ჯერ ვერ დაიწყებენ სააღმზრდელო პროცესს..." - როგორ მოემზადა სააგენტო ახალი სასწავლო წლისთვის
იმისათვის, რომ გაგვერკვია, როგორ მოემზადა ბაღების მართვის სააგენტო ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყებად, რა სიახლეებს სთავაზობს ბავშვებსა და მშობლებს, ინტერვიუ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან თემურ თორდინავასთან ჩავწერეთ. აქვე გაიგებთ, თუ როგორი იქნება სასკოლო მზაობის პროგრამა და როდიდადნ ჩაეშვება პრაქტიკაში.
- როდესაც 2014-15 სააღმზრდელო წელი დასრულდა, ჩვენ საზაფხულო ბაღის სერვისი შევთავაზეთ იმ მშობლებს, რომელთაც ივლისის თვეში ბავშვები ქალაქიდან ვერ გაჰყავდათ. ამის პარალელურად დაიწყო საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური ხარვეზის გარეშე განხორციელდა. წინა წლებში ხდებოდა საიტის გათიშვა, ამიტომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და წელს შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხირვ საქმე კარგად იყო, ტექნიკური პრობლემები პრაქტიკულად არ გვქონია. შეიძლება იყო მცირე ხარვეზები, მაგრამ არა ისეთი, რომ არსებითად რამე შეეცვალა. რაც შეეხება თავისუფალი ადგილების სიმცირეს, ეს გამოწვევა ნამდვილად დგას საბავშვო ბაღების სისტემაში, მაგრამ წლების განმავლობაში დახურული 50 საბავშვო ბაღი არის ის მემკვიდრეობა, რომელიც სააგენტოს ახალ ადმინისტრაციას დახვდა. ამ ბაღების ნაწილში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ნაწილში - დევნილები, ნაწილი ბაღებისა კი პრივატიზირებულია. ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ ამ პრობლემის ნელ-ნელა მოგვარება. იმ ბაღებში სადაც, წლების განმავლობაში იყო აუთვისებელი ფართები, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მოხდა ინვენტარიზაცია და მთელი წლის მანძილზე შევძელით ახალი 60 ჯგუფის გახსნა, რამაც საშუალება მოგვცა, დამატებით მიგვეღო 3500-მდე აღსაზრდელი. ამ მიმართულებით მუშაობას არ ვწყვეტთ, დავიწყეთ დახურული ბაღების დაბრუნების პროცესი, სოციალურად დაუცველი მოსახლოებისთვის მოხდა ალტერნატიული ფართების გამოყოფა შესაბამის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ კი დავიწყეთ დახურული ბაღების რემონტი. ზემო ფონიჭალაში, ყოფილ 206-ე დახურულ ბაღში ახლა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ასევე 109-ე ბაღში ცხოვროდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, დღეს კი ეს ბაღიც რემონტდება და ვიმედოვნებ, სექტემბრის ბოლოს სარემონტო საუშაოები დასრულდება, შემდგომ დაიწყება ინვენტარით აღჭურვა და დაახლოებით 8 ახალი ჯგუფი გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ 250-300-მდე ბავშვის მიღებას შევძლებთ. ყოფილი 132-ე ბაგა-ბაღის დაბრუნებაც შევძელით, რემონტი უკვე დასრულდა და მიმდინარეობს საჭირო ინვენტარის შეტანა, როცა დასრულდება დამონტაჟება, აღნიშნულ ბაღებში რეგისტრაცია გამოცხადდება. ამავდროულად ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღს მოსკოვის პროსპექტზე, მშენებლობის პროცესი რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ახლა მიმდინარეობს ინევნტარის განაწილება, პერსონალის შერჩევა, ამ პროცესების დასრულების შემდეგ აღნიშნული ბაღი, სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ ნახევარში შეძლებს 550-მდე ბავშვის მიღებას.
- ზემოხსენებულ ბაღებში რეგისტრაცია გამოცხადდება ონლაინ რეჟიმში თუ საბუთების ადგილზე მიტანით მოხდება ბავშვების მიღება?
- ისევ ონლაინრეჟიმში მოხდება ბავშვების დარეგისტრირება, რაც შეეხება მოქმედ საბავშვო ბაღებში გამოუყენებელი ფართების ათვისებით გახსნილ ჯგუფებს, იქ განცხადებების საფუძველზე მოხდება აღსაზრდელების მიღება.
- როგორც მივხვდი, ყველა ბაღში 14 სექტემბერს არ იწყება სააღმზრდელო წელი...
- მე ზემოთ რაზეც ვისაუბრე, ის ხელს არ უშლის სააღმზრდელო პროცესის დაწყებას, რადგან ესაა ცალკე ფართები. წლების განმავლობაში საბავშვო ბაღები გასარემონტებელი იყო სველი წრეტილები, სააღმზრდელო ოთახები ცუდ მდგომარეობაში გახლდათ, ამიტომ ასზე მეტ საბავშვო ბაღში დაიწყო სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, ზოგან მიმდინარეობს ასფალტის დაგება, ზოგან შიდა კაპიტალური სამუშაოები. რამდენიმე საბავშვო ბაღში, სადაც დამატებითი ჯგუფები რემონტდება, რა თქმა უნდა, ვერ დაიწყება სააღმზრდელო პროცესი, უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები და შემდეგ შევძლებთ აღსაზრდელების მიღებას. ძალიან მცირე დრო გვქონდა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ფატქობრივად, ივლისის ბოლომდე საზაფხულო ბაღები იღებდნენ აღსაზრდელებს, ერთი თვეში რაც შესაძლებელი იყო გავაკეთეთ, თუმცა ზოგან ვერ ესწრება სამუშაოების დასრულება მათი სირთულიდან გამომდინარე. ის საბავშვო ბაღები, რომელსაც მცირე კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდათ, უპრობლემოდ დაიწყებენ სასწავლო პროცესს. რამდენიმე ბაღში, სადაც შიდა კაპიტლური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ვერ დაიწყება პროცესი, მე მშობლებსაც შევხვდი ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მოხარულები არიან, რომ წლების განმავლობაში არსებული პრობლემები გვარდება.
- ძალიან დიდ ინტერესი არსებობს მოსამზადებელ ჯგუფებთან დაკავშირებით. თუ მოხდა მასწავლებლების დატრენინგება, კვალიფიკაციის ამაღლება?
- თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამის დასანერგად, პირველ ეტაპზე განათლების სამინისტროს მიერ გადამზადების პროცესში ჩართულები არიან ბაღის მეთოდისტები, რომლებიც შემდეგ უზრუნველყოფენ იმ აღმზრდელების გადამზადებას, რომლებიც ამ ასაკობრიც ჯგუფებში მუშაობენ. პრაქტიკაში უკვე ოქტომბრიდან დაიწყება სასკოლო მზაობის პროგრამის ჩაშვება, მანამდე კი აქტიურად მოხდება ლიტერატურით უზრუნველყოფა და აღმზრდელების გადამზადება. ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს მიერ ხდება მეთოდისტების გადამზადება. ვფიქრობ, ეს რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯია და 2016 წელს ბავშვები ბევრად უფრო მომზადებულები მივლენ სკოლაში.
- მოსამზადებელ ჯგუფებში იქნებიან მხოლოდ 5-6 წლის ბავშვები, ანუ ისინი, ვინც 2016 წლის სექტემბერში უნდა შევიდნენ სკოლაში, თუ შერეული ასაკის ბავშვები გაივლიან ამ პროგრამას?
- დიახ, ის ბავშვები გავლიან ამ პროგრამას, რომელნიც მომავალ წელს სკოლაში უნდა შევიდნენ. შეიძლება ასაკობრივად იყოს სხვაობა, აღსაზრდელების ნაწილი იყოს 5 წლის, ზოგი - 6-ის, ზოგიც 6 წლისა და 6 თვის, მაგრამ ვიმეორებ, ყველა ის ბავშვი გაივლის იმ პროგრამას, ვინც მომავალი წლის სექტემბერში სკოლაში უნდა შევიდეს.
- საინტერესოა, როგორი რეჟიმი იქნება მოსამზადებელ ჯგუფში?
- ბავშვები ბაღებისგან მიიღებენ ჩვეულებრივ სერვისს, ანუ 9 საათიდან 6 საათამდე ჩვეულებრივად იქნებიან ბაღებში, კვება, დასვენება ისევ ისე ექნებათ, როგორც მანამდე, მაგრამ ამავდროულად სასკოლო მზაობის პროგრამას გაივლიან. თამაშებზე აგებული სწავლება და ანალიტიკური აზროვნების განვითრებაზე მორგებული სავარჯიშოები ექნებათ, რაც მათ ინტელექტს განავითარებს და ბევრად უფრო მომზადებულები იქნებიან სკოლაში შესასვლელად.
ციცი ომანიძე