პასუხი ყველა კითხვაზე განათლების სამინისტროდან სასკოლო მზაობის პროგრამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაგროვდა. სწორედ ამიტომ, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურს ვესაუბრეთ, რომელმაც ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა თემასთან დაკავშირებით.
- საქართველოში სკოლამდელი განათლების ახალი მოდელის დანერგვა იწყება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლების თანამიმდევრული სტრატეგიისა და პროგრამის შემუშავება, სკოლამდელი განათლების ფარგლებში სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვა. განათლების სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, მოემზადებინა საგანმანათლებლო პროგრამის დოკუმენტი, მზაობის საგანმანათლებლო პროგრამის სახლემწიფო სტანდარტი, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ასევე, განათლების სამინისტრო ვალდებული იყო, გაეკეთებინა რესურსების ჩამონათვალი, მოემზადებინა აღმზარდელ-პედაგოგთა და ტრენერთა მოდულები. ამჟამად ტრენერების მომზადების პროგრამა დამთავრებულია, უკვე მიმდინარეობს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება. ჩვენ გვევალებოდა აღმზრდელ-პედაგოგების გზამკვლევების მომზადება, რაც უკვე გაკეთებულია და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ეს გახლავთ ყოველდღიური აქტივობების კრებული, რომელშიც 750 აქტივობა შედის და 150 დღეზეა გაწერილი.
რა არის სასკოლო მზაობის პროგრამა? როგორც გითხარით, ეს გახლავთ სკოლამდელი განათლების ნაწილი, რომელიც კონკრეტულად განკუთვნილა 5-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ანუ მათთვის, ვინც მომავალ წელს უნდა შევიდნენ სკოლაში. ეს ასაკი ბავშვის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, იმიტომ, რომ ყველა ძირითადი უნარი, რაც შემდეგ ადამიანს ცხოვრებაში სჭირდება, არა მხოლოდ აკადემიური განათლების პროცესი, არამედ ზოგადი უნარები, სწორედ ამ ასაკში ყალიბდება. ამიტომ პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს ბავშვი სკოლისათვის და განუვითაროს მას მოტორული, სოციალური, შემეცნებითი უნარები, ასევე მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, კითხვისა და ანგარიშის წინარე უნარჩვევები. ესაა სწავლისათვის მომზადების პროცესი, რაც შემდგომში განაპირობებს სკოლაში წარმატებას, რამდენადაც ბავშვს აქვს მოტივაცია სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით. პროგრამა კომპლექსურია და ყველა ბავშვს გაუადვილებს ტრანზიციის პერიოდს, ანუ გარდამავლი პერიოდი მათთვის იქნება უმტკივნეულო და რაც მთავარია, თითოეული ბავშვი უკვე მზად იქნება სასკოლო განათლებისათვის. ერთადერთი მეთოდიკა, რომელიც გამოიყენება არის თამაშით სწავლების მეთოდიკა.. საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა, ბავშვი მოვამზადოთ სასკოლო განათლების გამოწვევებთან გასამკლავებლად.
- სასკოლო მზაობის პროგრამა საბავშვო ბაღებთან ერთად დაინერგება ყველა სკოლაში, ანუ ე.წ. მოსამზადებელი ჯგუფები გაიხსნება სკოლებში?
- როგორც უკვე გითხარით, ყველა დოკუმენტი, რომლის მომზადებაზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აიღო ვალდებულება, მზადაა, დასრულებულია, რაც მთავარია, პილოტირება გავლილი აქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ მოვახდინეთ ორთვიანი პილოტირება, მანამდე "იუნისეფისა" და "კივიტა გეორგიკას" მიერ იყო პილოტირებული ეს პროგრამები, გავლილი აქვს ასევე ფსიქომეტრია, ფსიქოლოგების მიერაა შეფასებული. ამ პროცესების გავლისას კიდევ უფრო დაიხვეწა და დღეს ჩვენ გვაქვს საბოლოო ვარიანტი.
რაც შეეხება იმას, არის თუUარა სავალდებულო ბავშვმა გაიაროს სკოლამდელი მზაობის პროგრამა, ვიდრე არ დამტკიცდება კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ამ ყველაფრის ვალდებულებას, მანამ სავალდებულო ვერ იქნება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ყველა მუნიციპალიტეტს და ბაღების სააგენტომ გამოთქვა სურვილი, რომ ეს პროგრამა ჩართონ საბავშვო ბაღებში, უფროსი ჯგუფების ყოველდღიურ განრიგში. პროგრამა დღის განმავლობაში მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ სამსაათიან დატვირთვას. ის შეიძლება, განხორციელდეს, როგორც საბავშვო ბაღის პროგრამაში, ასევე დამოუკიდებლად გახსნილ სასკოლო მზაობის ჯგუფებში. რაც შეეხება სკოლებს, რამდენადაც დღევანდელი რეალობა გვაქვს ასეთი, რომ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა არ ყოფნის არსებულ მოთხოვნებს, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ შესთავაზა სკოლებს თავისუფალი ინფრასტრუქტურის გამოყენება, შედეგად თბილისში 50 შენობა არის მზად იმისათვის, რომ თუ ბაღების სააგენტოს ექნება ინფრასტრუქტურის საჭიროება, მათი მოთხოვნის შესაბამისად დროებით გადაეცეთ სივრცე.
- არსებობდა მოსაზრება, რომ ე.წ. მოსამზადებელი ჯგუფები უნდა ყოფილიყო სკოლებში, თუმცა, როგორც ვხვდები საქმე პირიქითაა...
- დიახ, ეს გახლავთ ბაღების პროგრამა. ადრეული და სკოლამდელი განათლების პოლიტიკას, სტრატეგიას და სტანდარტებს შეიმუშავებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგრამ აღმასრულებელი გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობები, ბაღების მართვის სააგენტოს მეშვეობით, მონიტორინგს მხოლოდ და მხოლოდ განათლების კომპონენტზე განახორციელებს განათლების სამინისტრო.
- თუ ბავშვი ბაღში არ დადის, მაგრამ მშობელს სურს გაიაროს სასკოლო მზაობის პროგრამა, როგორ უნდა მოიქცეს?
- თბილისის მერიას, ზოგადი მოთხოვნის დაფიქსირების მიზნით, ერთხელ უკვე ჰქონდა გამოცხადებული ონლაინ-რეგისტრაცია სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით ინტერნტსაიტ კიდს.ორგ.გე-ზე. ცოტა ხანში გამოაცხადებენ კონკრეტულ მისამართებს და რეგისტრაციას, სადაც მშობელი ჩვეულებრივ დაარეგისტრირებს ბავშვს. ერთადერთი პირობა გახლავთ ის, რომ ბავშვს უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს 5 წელი, მომავალ წელს უნდა შედიოდეს სკოლაში.
- თქვენ მიერ ხსენებულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ შეგვპირდნენ, სწავლის დაწყებამდე მოხდებოდა ბავშვების გადანაწილება სკოლების მიხედვით, მაგრამ აქამდე გაურკვეველ ვითარებაში ვართო...
- ზემოხსენებულ ფრაზაში - "სწავლის დაწყებამდე" - სავარაუდოდ იგულისხმება თვით ამ სასკოლო მზაობის ჯგუფების სწავლის დაწყება, რომელიც დაიწყება ოქტომბრის შუა რიცხვებში. მე კონკრეტულად არ ვიცი, რაზე იყო საუბარი, მაგრამ სავარაუდოდ ეს იქნებოდა ნაგულისმხმევი.
- აუცილებლად უნდა დავაზუსტო ერთი რამ: ორივე სივრცეში - ბაღებში და სკოლებშიც ბავშვები გაივლიან სასკოლო მზაობის ერთსა და იმავე პროგრამას?
- კი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სტანდარტი მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ეს პროგრამა არის ყველასათვის ერთი. ესაა სახელმწიფო სტანდარტი, რომლის მიხედვით მომზადებულია ის პროგრამა და აქტივობები, რომელიც მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს დღის განმავლობაში. ყოველდღიურად გაწერილია 4-5 აქტივობა, მითითებულია, როგორ უნდა დაიწყოს მასწავლებელმა კომუნიკაცია, რა უნდა გააკეთოს, რა რესურსები სჭირდება, რა თქმა უნდა, მასწავლებელი შემოქმედებითად მიუდგება ამ პროცესს და მოარგებს ჯგუფის მზაობას და შესაძლებლობას, თუმცა სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც მოამზადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ყველასათვის, ვინც ამ პროგრამას წარმართავს, იქნება საერთო.
- როგორი იქნება რეჟიმი სკოლაში არსებულ მოსამზადებელ ჯგუფებში?
- იმ ჯგუფებში, რომლებიც გაიხსნება არა ბაღის, არამედ სხვა შენობის, მათ შორის დასაშვებია სკოლის შენობის ბაზაზე (რეგიონებში თვითმმართველობამ შეიძლება სხვა შენობა აირჩიოს და არ იყოს ეს სკოლის შენობა), იქნება სამსაათიანი პროგრამა, მაგრამ თუ ბაღი დააფინანსებს და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არის საშუალება, რომ სრული სერვისი შესთავაზონ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.
- რამენიმე დღის წინ ბაღების მართვის სააგენტოსთან ინტერვიუს დროს გვითხრეს, რომ ამ პროგრამისათვის მიმდინარეობდა მეთოდისტების გადამზადება, რომლებმაც შემდეგ უნდა მოამზადონ აღმზრდელები, რა ეტაპზეა ეს პროცესი?
- ეს ალბათ, გითხრეს რამდენიმე დღის წინ, როცა მიმდინარეობდა მეთოდისტების გადამზადება, დასრულდა ეს პროცესი და ახლა უკვე მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება, მეთოდისტები არიან იგივე ბღის მასწავლებლები, მაგრამ მათ აქვთ უფლებამოსილება იმისა, რომ სხვა მასწავლებლებს ჩაუტარონ ტრენინგი.
- იმ მშობლებმა, ვისაც, ამ ეტაპზე შვილი არ დაჰყავს ბაღში და დარეგისტრირებულიც არ ჰყავთ მოსამზადებელ ჯგუფში, როდიდან უნდა იზრუნონ ამაზე?
- ბაღების მართვის სააგენტო გამოაცხადებს რეგისტრაციას, თარიღი წინასწარ იქნება ცნობილი და შემდეგ მოხდება დარეგისტრირება, სწავლება კი ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დაიწყება.
ციცი ომანიძე