თუ ბაღი იქნება საქმის კურსში ჩაყენებული, ორი კვირის განვალობაში აღსაზრდელი ჯგუფიდან არ ამოირიცხება ვირუსების მომატებამ საზოგადოება შეაშინა. განსაკუთრებით საფრთხილო ამ დროს ბავშვები და მოხუცები არიან. ინფიცირებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, სწორედ ამიტომ ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას მოადგილე ნინო ბურძენიძეს დავუკავშირდით, რათა გაგვეგო, რა გზით ცდილობენ, დაიცვან ბაღები ვირუსების შემოტევისგან და ხომ არ აპირებენ სააღმზრდელო პროცესის დროებით შეჩერებას.
- ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით ბაგა-ბაღები იღებენ შესაბამის ზომებს, ჩატარდა რიგი ღონისძიებები პრევენციისათვის, რაც გამოიხატებოდა ბაგა-ბაღების დეზინფექციაში, ამაში იგულისხმება როგორც ჯგუფების მოწესრიგება, ასევე სამზარეულოს, კიბის უჯრედების, ჰოლის და ა.შ. თუ დაავადებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი მაღალი იქნება და სტატისტიკური მაჩვენებელი გაიზრდება იქამდე, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდემიურ აფეთქებად ჩათვლის დაფიქსირებულ შედეგებს, პრევენციის მიზნით სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. შესაბამისად, ჯერჯერობით ეს არ იგეგმება. მშობლებს მოვუწოდებ, რომ ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ გაციების ნიშნები, აქვთ სურდო, ცხვირში სისველე, მოთენთილობა, უხასიათობა, არ მიიყვანონ ბაღში, ამ შემთხვევაში ბავშვის იმუნური სისტემა საკმაოდ დაქვეითებულია და უმჯობესია, თავი ავაცილოთ მთელ რიგ პრობლემებს.
რაც შეეხება ბავშვების ბაღიდან ამორიცხვის საკითხს, თუ ბაღი იქნება საქმის კურსში ჩაყენებული, ორი კვირის განვალობაში აღსაზრდელი ჯგუფიდან არ ამოირიცხება. წესდების გათვალისწინებით, ბაღს ორი კვირის განმავლობაში არ აქვს ამორიცხვის უფლება, მაგრამ თუ მშობელმა ორი კვირის შემდეგაც არ გვაცნობა, რომ ბავშვი არის ავად, არ წარადგინა ცნობა, ან არ დაწერა განცხადება, რომ საპატიოდ ჩაეთვალოს გაცდენა, ამასთან, თუ ორი კვირის შემდეგ ვერ გავედით მშობელთან კონტაქტზე, ვერ გავიგეთ, ბავშვმა შეწყვიტა ბაგა-ბაღში სიარული თუ აგრძელებს, მაშინ უკვე დგება ამორიცხვის საკითხი. მაგრამ, თუ ბავშვის ვირუსული დაინფიცირება მოხდება, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ავტომატურად აღდგება თავის სასწავლო ჯგუფში.
- შეიძლება ბავშვი არ იყოს დავირუსებული, მაგრამ მშობელს თავდაცვის მიზნით არ უნდოდეს შვილის ბაღში მიყვანა. ამ შემთხვევაში რა ხდება? ის გაცდენები საპატიოდ ხომ არ ჩაეთვლება?
- აუცილებლად უნდა დაწეროს განცხადება ბაგა-ბაღის დირექციასთან, რომ პატარას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ატარებს, მიუთითებს კონკრეტულ თარიღს, რა დრომე არ მიიყვანს შვილს, შემდეგ დირექცია მათ განცხადებას დაარეგისტრირებს, დაადებს რეზოლუციას, რომ ჩაეთვალოს საპატიოდ გაცდენა და არ მოხდება ასეთი ბავშვის ამორიცხვა. ამ ყველაფერს ბაღების მართვის სააგენტოს მიღება-ამორიცხვის წესი ითვალისწინებს, რომელიც ჩვენ საკრებულოს 2015 წელს დასამტკიცებლად წარვუდგინეთ და დაგვიმტკიცა.
ციცი ომანიძე