საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები საქალაქო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს ”1937 წლის რეპრესიები”, ”წმენდა ბაღებში” - ამ და სხვა ტერმინებით იხსენიებენ პროცესებს, რომელიც ბაგა-ბაღებში მიმდინარეობს და ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებენ უკვე ყოფილ დირექტორებს. მიზეზი და საბაბი ყველასთან სხვადასხვაგვარია, თუმცა ფაქტია საეჭვო და ნამდვილად ყურადღებამისაქცევი - ერთდროულად ათობით ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს თბილისსა და რეგიონებში და მათ ნაცვლად, მოარული ხმების თანახმად, "ოცნების" ერთგულ კადრებს ნიშნავენ - ყველასთვის ცნობილია, რომ ბაგა-ბაღებში საარჩევნო უბნებია და ბაღების დირექტორებს, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეული როლი აკისრიათ არჩევნების ჩატარების პროცესებში. შესაბამისად, ყველა ის კადრი, რომელიც ხელისუფლების მიერ ოდნავ მაინც "არამისიანად" იქნა მოაზრებული, თანამდებობიდან გაუშვეს. მათ ნაცვლად კი, სხვადასხვა ბაღის თანამშრომლების, პედაგოგებისა და დირექტორების თქმით, სრულიად არაკომპეტენტური და გამოუცდელი კადრები ინიშნება,რასაც საბოლოოდ შეიძლება შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს ბაღებში. მაგალითად, ერთ-ერთ რაიონში ბაღის დირექტორად მნედ მომუშავე ქალბატონი დანიშნეს, თბილისის ერთ-ერთ ბაღში - რაიონული კლუბის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც "ოცნების" აქტივისტია და მისი დამსახურებები მხოლოდ ამით შემოიფარგლება. გამოცდილი კადრები კი, რომელთა დიდმა ნაწილმა დიდი როლი ითამაშა ბაგა-ბაღების განვითარებაში, სახლებში გაუშვეს.
დღეს კიდევ რამდენიმე ბაღში მოხდა "წმენდა". ჩვენ 115-ე ბაგა-ბაღის დირექტორ ქალბატონ ნინო სიჭინავას გათავისუფლების პროცესს შევესწარით, რასაც უამრავი აღშფოთებული მშობელი გამოეხმაურა. ისინი სხვა ბაღების მშობლებთან ერთად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აპირებდნენ წასვლას და გასაჩივრებას.
- მესამე თაობაა ამ ბაღში დამყავს ბავშვები. სრულიად მივარდნილი და უბედური ბაღი იყო. 2007 წელს მოვიდა ეს ქალბატონი, და მას მერე ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ვითარდება ბაღი, გარედან თუ შიგნიდან. ენერგიას არ იშურებს, რომ დისციპლინა იყოს ბაღში, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, ძლივს ეღირსა ამ უბანს ნორმალური ბაღი და ახლა ამ ქალბატონს ხსნიან და ვინ მოდის, კაცმა არ იცის. არ მაინტერესებს, რომელი ხელისუფლების მომხრეა და ვისიანია, მე იმას ვხედავ, რომ ჩვენი შვილები ნორმალურ ბაღში დადიან და ეს ამ ქალის დამსახურებაა. როგორ არ უნდა დავუდგე მას გვერდში, როცა ვხედავ, რომ უსამართლოდ ათავისუფლებენ და ვის ამარა გვტოვებენ, არ ვიცი, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ჩვენ ქალბატონ ნინო სიჭინავასაც ვთხოვეთ კომენტარი:
- 2007 წელს მოვედი, დირექტორების კონკურსზე გავედი და საკმაოდ მაღალი ქულები დავაგროვე. მანამდე სასოფლო უნივერსიტეტში ვმოღვაწეობდი, მეცნიერებათა დოქტორი გახლავართ. საკმაოდ ცუდი მემკვიდრეობა მერგო, სავალალო მდგომარეობა დამხვდა ბაღში, თუმცა კარგი გუნდი იყო და მათი დახმარებით, დიდი ძალისხმევით და შრომით 115-ე ბაგა-ბაღი ფეხზე დავაყენე, 170-ბავშვიანი ბაღი 600-ბავშვიან, კონკურენტუნარიან, ძლიერ ბაღად იქცა. 9 წლის მანძილზე არც ერთი შენიშვნა არ მიმიღია, სურსათის უვნებლობის ჯილდოები მაქვს, ღონისძიებებში ვიღებდით მონაწილეობას. ამის შედეგად კი ის მივიღეთ, რომ 1937 წლის რეპრესიებივით ამოიკითხავენ გვარებს და ყოველდღე რამდენიმე დირექტორს გამოიძახებენ, დააჭერინებენ ხელში გათავისუფლების ბრძანებას და უშვებენ. პასუხსაც არ გვაძლევენ. იშველიებენ აუდიტის პასუხს, რომელსაც კიდევ ვიღაცამ დაავალა... თითქოს არამიზნობრივად დავხარჯე ფული, აქვე, ბაღის საჭიროებებისთვის. აქ სამი საარჩევნო უბანია და როგორც ჩანს, მათ ეშინიათ ჩემი ავტორიტეტის, ჩემი პოლიტიკური სიმპათიების. ისინი უშვებენ ყველას, ვინც ძველი ხელისუფლების დროს დაინიშნა. უშვებენ განათლებულ, შემოქმედებით, ძლიერ კადრებს და კაცმა არ იცის, ვინ მოჰყავთ... მოჰყავთ თავიანთი აქტივისტები, რომ მონაწილეობა მიიღონ გაყალბებაში. დანარჩენი ყველა საფრთხეს წარმოადგენს მათთვის. თავად თორდინავა თვითონ არის სრულიად არაკომპეტენტური, სამწუხაროდ... მე ეს არ მიხარია... კაცმა არ იცის, სად და როგორ დაამთავრა, სააგენტოში მოსულმაც არაფერი იცოდა და ჩვენ ყველანი გვერდით დავუდექით, საინიციატივო ჯგუფი შედგა და ყველაფერი ჩვენგან ისწავლა, თუმცა ამას დასჯერდა, აღარ განვითარებულა, ამ ცოდნისთვის აღარაფერი შეუმატებია... ახლა ამ საინიციატივო ჯგუფს მიადგა და წმენდს ხალხს. არ გვაძლევენ ნორმალური მუშაობის საშუალებას, სააღმზრდელო პროცესის ჩატარების უფლებას, გვრევენ პოლიტიკაში, რაც ჩვენი საქმე არ არის... თორდინავა დამოკლეს მახვილივით გამოგვეცხადა, არასდროს უკითხავს, რა გვიჭირს, რა გვილხინს, ამ დროს, აბა გაბედე და რამეში შეეწინააღმდეგე ან რამე პუნქტს გადაუხვიე... ეს ნამდვილი ტერორია, რომელსაც გვიწყობენ... აქ თანამდებობაზე და ხელფასზე არაა ლაპარაკი, აქ უსამართლობაზეა... ამაზეც თუ მიდგა საქმე, ჩვენ, ბაღის დირექტორებს 600 ლარი გვაქვს ხელფასი, მას კი, მოგეხსენებათ, 8000 ლარამდე აქვს ანაზღაურება და სრულიად არაფერში. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ სიმართლეს ვიპოვით და მოგვეცემა ნორმალურად მუშაობის საშუალება.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მე-6 ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორიმა თამარ ბაქრაძემ განუცხადა, კოლექტიურ საჩივარს 11 საბავშვო ბაღის დირექტორი აწერს ხელს, აქედან 9 მათგანი აუდიტის სამსახურის დასკვნის, ხოლო 2 მონიტორინგის სამსახურის დასკვნის საფუძველზე არიან გათავისუფლებული.
თამარ ბაქრაძის განცხადებით, ყოფილი დირექტორები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან სამსახურიდან გათავისუფლებული და სწორედ ამას ასაჩივრებენ. მათივე თქმით,
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმი საფრთხეს უქმნის რეფორმებს, რომელიც მიმდინარეობს სკოლამდელი განათლების სფეროში. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტოს მხრიდან მიდის ზეწოლა ბაღის მოქმედ დირექტორებზე, მიმდინარეობს მათი დაბარება სააგენტოში, დაშანტაჟება და დაშინება.
იმედია, კომპეტენტური და პასუხისმგებელი პირები სათანადოდ მიხედავენ ამ საკითხს და ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც სააღმზრდელო პროცესისთვის იქნება უკეთესი.