პედიატრის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე მეცნიერთა აზრით, ადამიანი პიროვნებად პირველი 3 წლის განმავლობაში ყალიბდება, მისი ჯანმრთელობაც სწორედ ამ პერიოდში მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მშობელი თვითონ უნდა ხვდებოდეს, რა აწუხებს ბავშვს, რატომ ჭირვეულობს. გვესაუბრება ნეონატოლოგი ირინა მიმინოშვილი:
- წლამდე ასაკის ბავშვები თავიანთ პრობლემებს ჭირვეულობითა და ტირილით გამოხატავენ. ხშირ შემთხვევაში, ტირილი არ არის უმიზეზო, ამით ბავშვი იმაზე მიგვანიშნებს, რომ რაღაც აწუხებს - მაგალითად, სტკივა ყური, მუცელი, აქვს მაღალი ტემპერატურა თუ სხვა. ექიმის მოსვლამდე მშობელი უნდა ხვდებოდეს, რა არის ბავშვის ცუდად ყოფნის მიზეზი, რათა პირველადი დახმარების ზომები მიიღოს.
ჩვილის ნერვული სისტემის უმწიფრობა სხვადასხვა დაავადების დროს ისეთი ზოგადი სიმპტომების სიჭარბეს განაპირობებს, როგორიც არის: თავის ტკივილი, ცხელება, გუნება-განწყობის გაფუჭება, უმადობა. მშობელს უნდა შეეძლოს ამ ზოგადი სიმპტომების სწორი ინტერპრეტაცია, რათა ექიმის მოსვლამდე საჭირო დახმარება გაუწიოს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, თუ ბავშვს ყური აწუხებს?
- ყურის ტკივილისას ბავშვი ტირის, განუწყვეტლივ ჭირვეულობს, თავს აქეთ-იქით ამოძრავებს, ხელს იკიდებს ან მიაქვს მტკივან ყურზე. შეიძლება აღენიშნოს სხეულის ტემპერატურის მომატებაც, უარს ამბობს ჭამაზე. ყურის ტკივილს შესაძლოა ყურიდან გამონადენიც ახლდეს. ამ შემთხვევაში, ბავშვს მტკივან ყურზე პატარა თბილი ბალიში უნდა დავაფინოთ, გამონადენის შემთხვევაში კი მხოლოდ გარეთა სასმენი მილი გამოვუსუფთაოთ. ყურის ტკივილის პროფილაქტიკისათვის კი საჭიროა, ბავშვი ცხვირით თავისუფლად სუნთქავდეს. გამონადენის დროს კი ექიმის მოსვლამდე კატეგორიულად აკრძალულია ყურში რაიმე, თუნდაც ფართოდ მიღებული ყურის წვეთების ჩაწვეთება. სრულიად განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს მუცლის ტკივილს. ამ დროს ბავშვის ტირილი ჩვეულებრივისაგან განსხვავდება, მას ერთგვარი წამოკივლებები ახასიათებს. უარს ამბობს ჭამაზე, ფეხები მიაქვს მუცელთან ან ერთმანეთს უსვამს. ასეთი ტკივილი ხშირად შეტევით ხასიათს ატარებს და მას მეტეორიზმი (გაზების დაგროვება) იწვევს. ამ დროს კარგი იქნება, თუ ბავშვს მუცელზე ფრთხილად მოვუსვამთ ხელისგულს, გაზების დაგროვების შემთხვევაში ასევე მისაღებია (ექიმის მითითებით) სწორ ნაწლავში სპეციალური პატარა მილის ჩადგმა ან თბილი აბაზანები. მუცლისა და ყურის ტკივილისგან განსხვავებით, ჩვილ ასაკში ძალიან ძნელია თავის ტკივილის დიფერენციაცია. ის შეიძლება თან ახლდეს მთელ რიგ მწვავე ინფექციებს (ფილტვების ანთება, წითელა, მენინგიტი), თავის ტკივილი ხშირია ასევე ყურის ანთებისა და ვირუსული ინფექციისას. მასზე მიანიშნებს ბავშვის მოწყენილობა, უმადობა, თუმცა ეს სიმპტომატიკა მეტად არასპეციფიკურია.
- წლამდე ასაკის ბავშვებში დამახასიათებელია ძილის რეჟიმის დარღვევა, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში მშობელმა?
- ამ ასაკის ბავშვებში ხშირია დღე-ღამის არევა. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება ღამე გაიღვიძოს და დილის 4 საათამდე ითამაშოს. თუ ის არც ჭირვეულობს, არც ტირის და უბრალოდ თამაში უნდა, მშობელი ვერაფერს იზამს, გარდა იმისა, რომ მოთმინება მოიკრიბოს და მასთან ერთად იფხიზლოს. ეს არ არის პათოლოგია და არც არაფერია ამაში საგანგაშო, ეს უბრალოდ, თქვენი ბავშვის ბიომექანიზმია. ადრეული ასაკის ბავშვის ძირითადი თვისება განვითარების განსაკუთრებული ტემპი გახლავთ. მაგალითად, სიცოცხლის პირველ წელს სხეულის სიგრძე 25 სანტიმეტრით მატულობს, წონა კი სამკეცდება. პირველ რიგში, მშობლებსა და უფროსებს
უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის ორგანიზმი ფუნქციურად მოუმზადებელი და გარემოსთან ნაკლებად ადაპტირებულია, რის გამოც მას განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება.
- რას იტყოდით ბუნებრივ კვებაზე და რამდენად განსაზღვრავს ის ბავშვის იმუნიტეტს?
- ბუნებრივი კვება შეუცვლელი საკვებია ჩვილი ბავშვისათვის. დედის რძესთან ერთად ბავშვს გადაეცემა ანტისხეულები, რომლებიც თანდაყოლილ იმუნიტეტს განაპირობებს, განსაკუთრებით 4-6 თვემდე. ამიტომ, რაც უფრო დიდხანს არის ბავშვი ბუნებრივ კვებაზე, მით უფრო ძლიერია მისი იმუნიტეტი. მინდა მშობლებს შევახსენო, რომ არავინ იცნობს თავის შვილს უკეთ, ვიდრე თავად მშობელი, ამიტომ ბავშვის ნებისმიერი ქცევა მისთვის უფრო გასაგები უნდა იყოს, ვიდრე ექიმისთვის. თუ მშობელს ცოტაოდენი რამ სხვადასხვა ტკივილის სიმპტომებზეც ეცოდინება, ექიმის მოსვლამდე საჭირო დახმარებასაც გაუწევს.
ლიკა კერატიშვილი