წლამდე ბავშვი რამდენჯერმე უნდა გასინჯოს ნევროლოგმა. წლამდე ბავშვი რამდენჯერმე უნდა გასინჯოს ნევროლოგმა. კერძოდ, ერთი, სამი, ექვსი, ცხრა და თორმეტი თვის ასაკში. ვიზიტები არ უნდა გამოვტოვოთ - ასე დროულად გამოვავლენთ მრავალ პრობლემას და თავიდან ავიცილებთ მათ გართულებებს. გვესაუბრება რუსუდან გაჩეჩილაძე.
- რა არის ნევროლოგის მთავარი ამოცანა?
- ნევროლოგის მთავარი ამოცანაა დიაგნოსტიკა და მკურნალობა ნერვული სისტემის დაავადებებისა და ფუნქციური მდგომარეობებისა, რომლებმაც შესაძლოა სიცოცხლის პირველ თვეებში იჩინოს თავი და კორექციას მოითხოვდეს.
ნერვული სისტემის დაავადებები, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ჩვილებთან. მათი მიზეზი შესაძლოა იყოს მძიმედ მიმდინარე ორსულობა, მუცლად ყოფნის პერიოდის ინფექცია, მძიმე მშობიარობა, დაბადებისას მიღებული ტრავმა.
განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ დღენაკლულ ჩვილებს.
- რა შეიძლება გამოავლინოს ნევროლოგმა?
- ახალშობილს ნევროლოგიური გასინჯვა უტარდება, თუ სამშობიაროში ნეონატოლოგმა რაიმე პათოლოგია იეჭვა. ნევროლოგს დიაგნოზის დასმაში ეხმარება ნეიროსონოსკოპიური (თავის ტვინის ექოსკოპიური) გამოკვლევა, რომლის ჩატარებაც მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე ყიფლიბანდი დაიხურება.
ნეიროსონოსკოპიური გამოკვლევით ხშირად აღმოაჩენენ თავის ტვინის კისტებს. მათი გამომწვევი ფაქტორები, სამწუხაროდ, დაუზუსტებელია.
თუ კისტა პატარაა - 3-4 მმ დიამეტრისა, 3 თვისთვის, ჩვეულებრივ, უკვალოდ ქრება და ჩვილის განვითარებაზე გავლენას აღარ ახდენს.
თუ ახალშობილს კისტა აღმოაჩნდა, საჭიროა წარმონაქმნის განვითარების დინამიკაზე დაკვირვება - ნეიროსონოსკოპიული გამოკვლევის ჩატარება 1 და 3 თვის ასაკში, მერე კი - საჭიროებისამებრ. ამ ხნის განმავლობაში ჩვილს ნევროლოგიური მეთვალყურეობა უნდა დაუწესდეს.
მშობლების საყურადღებოდ
სიცოცხლის პირველ წელს ნევროლოგმა ჩვილი რიგგარეშე უნდა გასინჯოს, თუ ამ უკანასკნელს აღენიშნება:
მოუსვენარი ძილი;
უხვი და ხშირი წამოქაფება;
ფებრილური გულყრები;
ხშირი კრთომა და კიდურების, ნიკაპის ტრემორი (კანკალი);
ყიფლიბანდის დახურვის დაჩქარება ან შენელება;
განვითარების შეფერხება.
- როდის უნდა ჩატარდეს გეგმური გასინჯვა?
- ნევროლოგმა ჩვილი გეგმურად წლამდე რამდენიმეჯერ უნდა გასინჯოს, განურჩევლად იმისა, უჩივიან თუ არა მშობლები რამეს.