რა უნდა იცოდეთ აუცილებლად კენგურუზე, ჭოჭინაზე და მასაჟებზე - ფიზიოთერაპევტის პასუხები როდის და როგორ ვასწავლოთ ბავშვს ხოხვა? რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა გარდატეხის ასაკში, რათა არ განვითარდეს სქოლიოზი? როგორ და რომელ ასაკში და რა ნიშნებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი საჭიროებს ფიზიოთერაპევტთან კონსულტაციას? ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე გვიპასუხებს პედიატრიული პრივატ კლინიკის ფიზიოთერაპევტი ლევან ნარეშელი.
- როგორ და რომელ ასაკში და რა ნიშნებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი საჭიროებს ფიზიოთერაპევტთან კონსულტაციას?
- ბავშვის ზრდა-განვითარების მონიტორინგი პირველივე თვეებიდან უნდა ხდებოდეს, მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს ექიმი პედიატრის მიერ, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფში, რა ფიზიკური განვითარების დონეს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვი. თუ 4-დან 6 კვირამდე ვერ იჭერს თავს, შეინიშნება კიდურების მოძრაობათა სიხშირის შეზღუდვა, ვერ ბრუნდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით, თუ 7 თვის ასაკში დამოუკიდებლად არ ზის, 8-დან 10 თვემდე ვერ გაიარა ოთხზე, 11-დან 15 თვემდე ვერ აიდგა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები, მაშინ ბავშვი აუცილებლად საჭიროებს ექიმი ნევროლოგისა და ფიზიოთერაპევტის ჩარევას.
სკოლამდელ ასაკში (4-6 წელი) როდესაც ბავშვს გარკვეულწილად ჩამოყალიბებული აქვს სიარულის მანერა, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ ადგამს ფეხს, ასევე მშობელი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს ბავშვის ზურგის, მხრებისა და ზედა კიდურების ტანთან სიმეტრიულობას, მოზარდ ასაკში შესაძლებელია სწრაფმა სიმაღლეში ზრდამ გამოიწვიოს ხერხემლის სიმეტრიული ღერძის გადახრა, მარჯვნივ ან მარცხნივ, წინ ან უკან, რაც განპირობებულია ზურგის კუნთოვანი ჯგუფის, ძვლოვან სისტემასთან განვითარების ჩამორჩენით. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, საჭიროა მშობელი იყოს ყურადღებით და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართოს ექიმს. ვინაიდან ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია არის მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომელიც თერაპიულთან ერთად გულისხმობს პროფილაქტიკურ მკურნალობასაც, სასურველია ბავშვის მუდმივი მონიტორინგი, ყოველ ასაკობრივ ჯგუფში ამ შემთხვევაში ფიზიოთერაპევტთან ვიზიტის სიხშირეც შემცირდება და არც რაიმე დარღვევას ან პათოლოგიას მიეცემა განვითარების საშუალება.
- რა აზრის ხართ კენგურუზე, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება და რა ასაკიდან?
- გამოყენება შესაძლებელია 24-26 კვირის ასაკიდან, თუმცა გასათვალისწინებელია ბავშვის წონა და გამოყენების ხანგრძლივობა, წინა ტანზე აკიდებულმა წონამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მშობლის ხერხემალს.
- როდის და როგორ ვასწავლოთ ბავშვს ხოხვა? არის თუ არა ეს აუცილებელი და რატომ?
- ხოხვითი რეფლექსის განვითარების ხელშეწყობა აუცილებელია შემდგომში მოძრაობითი ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებისთვის. ხოხვის პროცესში ძლიერდება იმ კუნთთა ჯგუფები, რომლებიც შემდგომში ხელს უწყობს, როგორც წამოჯდომას, წამოდგომას, ფეხზე სიარულს და ზოგადად მოძრაობითი ჩვევების ჩამოყალიბებას.
მე-3 თვიდან შესაძლებელია ბავშვის გავარჯიშება: ბავშვი მოათავსეთ მცურავ და ნაკლებად ხაოიან ზედაპირზე, რათა უფრო ადვილად შეძლოს წინსვლა და ნიკაპის ვარდნის შეთხვევაში არ მოხდეს კანის ზედაპირის დაზიანება, ქვედა კიდურები მოუხარეთ მენჯ-ბარძაყის სახსარში, ხელები გაუშალეთ ყურების გასწვრივ, ბავშვის ტერფები შეაერთეთ და მიაწექით წინ, ბავშვი შეეცდება განახორციელოს წინსვლა. სასურველია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და შემდგომ დანერგოთ პრაქტიკაში.
- რამდენად დასაშვებია ჭოჭინის გამოყენება?
- კატეგორიულად არ შეიძლება ჭოჭინის გამოყენება! მისმა გამოყენებამ შესაძლოა მშობელს მისცეს რამდენიმე ხნით მოსვენების შესაძლებლობა და გადაერთოს საკუთარ საქმეზე, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვი იმ დროს იმყოფება რისკის ქვეშ, მას შეიძლება განუვითარდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, კერძოდ კი მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭ-წვივის პათოლოგიები.
- როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩავაცვათ ბავშვს დარა ასაკიდან?
- ძირითადად ბავშვის პირველი ფეხსაცმელი,რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება, არის 11-დან 13 თვის ასაკის პერიოდში, როდესაც ბავშვი დგამს პირველ ნაბიჯებს და იწყებს დამოუკიდებელ სიარულს. ფეხსაცმელი უნდა იყოს წინ თითებთან მომრგვალებული, ძირი რაც შეიძლება მაგარი, მაგარი უნდა იყოს ქუსლის გარშემო ზედაპირი, ქუსლი ასევე უნდა იყოს 0,5-1 სმ სიმაღლის და უნდა ეკვროდეს კოჭ-წვივის სახსარს, ახლად ფეხადგმულ ბავშვს ხშირად შეიძლება გადაუბრუნდეს ფეხი, ამგვარი სტანდარტების მქონე ფეხსაცმლის ხმარებისას ამის რისკი მცირდება, ხოლო რაც შეეხება ფეხის ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის განვითარებას, რა თქმა უნდა, მასზეც დადებით ზეგავლენას ახდენს.
- საჭიროა თუ არა სუპინატორიანი ფეხსაცმლის ჩაცმა?
- მხოლოდ კლინიკური მხოლოდ კლინიკური ნიშნებისას და ფიზიოთერაპევტის კონსულტაციის შემდეგ, სხვა შემთხვევაში შეიძლება უარყოფითი ზეგავლენაც კი მოახდინოს ტერფის განვითარებისპ როცესში.
- გავრცელებულია მოსაზრება, რომ ფეხსაცმელების უკუღმა ჩაცმა ეფექტურია მაშინ, როდესაც ბავშვი „შიგნით“ ადგამს ფეხს. რას გვეტყვით ამ საკითხზე?
- ეს არის ხალხში გავრცელებული ალტერნატიული პრაქტიკა, რა თქმა უნდა, არც ერთი რეაბიტოლოგი არ უტრიალებს და უცვლის ფეხსაცმელს იმის გამო, რომ შიგნით ადგამს, არსებობს შესაბამისი სამკურნალო მეთოდიკა და ინვენტარი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული პათოლოგიის მკურნალობას.
- რას იტყვით მასაჟზე, რამდენად საჭიროა და არის თუ არა რეალურად შედეგის მომცემი?
- მასაჟი არის კომპლექსური ფიზიოთერაპიის შემადგენელი ნაწილი, ინიშნება საჭიროებისამებრ, აქვს ბევრი კარგი ფიზიოლოგიური პროცესის გამააქტიურებელი თვისება, მხოლოდ მასაჟი არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად.
- რამდენად მოქმედებს სკოლის მძიმე ჩანთები ბავშვის ხერხემალზე?
- რასაკვირველია, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოზარდის ზურგის განვითარების პროცესზე. სიმძიმის ზურგზე არათანაბარი გადანაწილება იწვევს ხერხემლის სიმეტრიული ღერძის დაზიანებას. მშობლებს ვურჩევდით, ყოველდღე შეამოწმონ და ასწავლონ თავიანთ შვილებსაც ჩანთის სამხარე ქამრის სიმეტრიულობის დაცვა, არ შეიძლება დარღვეული იყოს მათი სიმეტრიულობა, წინაამღდეგ შემთხვევაში, ჩანთის სიმძიმე გადავა იმ მხარზე, რომელი ქამარიც უფრო დაბლა იქნება დახრილი. ეს ნიშნავს იმას, რომ მოზარდს ჩანთა თეორიულად ჰკიდია ორ მხარზე, თუმცა ატარებს ერთით. ეს აუცილებლად შეუქმნის დისკომფორტს ზურგის კუნთებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის სხვადასხვა დეფორმაცია.
სალომე გორგოშიძე