როცა ბავშვი ბაღში დადის, ოჯახში თითქოს ყველა შეგუებულია იმ აზრს, რომ იქიდან ვირუსებსა და ინფექციებს ხშირად "მოიტანს". ნუთუ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია?
ბაღში მიყვანიდან პირველ წელს ბავშვის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება - ეგუება ახალ წესებს, დედასთან დიდი ხნით განშორება უწევს, ეჩვევა ახალ რეჟიმს, უცხო ადამიანებს. ეს ყველაფერი მისთვის სტრესის მომტანია. სტრესი კი, როგორც ცნობილია, ორგანიზმის დამცავ სისტემას ასუსტებს. ამდენ სიახლეს ახალი ვირუსებითა და ბაქტერიებით გაჯერებული გარემოც ემატება. დამეთანხმებით, ასეთ "შეტევას" ყველაზე ძლიერი ორგანიზმიც ვერ გაუძლებს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ფიზიკურად ძლიერი ბავშვი ამ ყველაფერს უბრალო სურდოთი გადაიტანს, შედარებით სუსტი ორგანიზმის მქონე პატარა კი - მაღალი ტემპერატურით.
ამაში უჩვეულო არაფერია. ორგანიზმი აქამდე ამ რაოდენობის ვირუსების გარემოცვაში არ მოხვედრილა. შესაბამისად, ორგანიზმის ამოცანა არც ყოფილა მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება ახლა იწყება, თუმცა ცუდი ის არის, რომ თითოეულის გამომუშავება ავად გახდომის ხარჯზე ხდება.
რატომ გვეუბნებიან ექიმები, რომ ბავშვი ბაღში 3 წლის მერე უნდა შევიდეს?
იმიტომ, რომ ამ ასაკში ორგანიზმის იმუნურ სისტემას უკვე შეუძლია, გარედან შემოჭრილ ინფექციებს წინააღმდეგობა გაუწიოს. საერთოდ, ხალხმრავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 3 წლამდე ბავშვის ტარება სასურველი არ არის. ასეთი გამოცდილება ჯობია უფრო გვიან მიიღოს.
ანუ, საბავშვო ბაღში ბავშვის იმუნური სისტემა უცხო ინფექციებს ეჯახება. ყველა ბავშვი ავად არ გახდება, ისინი შესაძლოა, მხოლოდ ინფექციის მატარებლები იყვნენ და ფიზიკურად ეს გამოხატული არ იყოს.
ბავშვის ორგანიზმი ბაღის ჰიგიენურ გარემოსაც უნდა შეეჩვიოს. იქ იატაკი ისე სუფთა არ არის, როგორც სახლში, ჭურჭელსაც სხვა საწმენდი საშუალებებით ამუშავებენ, თეთრეულიც სხვა სარეცხთან ერთად ირეცხება, აღარაფერს ვამბობთ საკვებსა და მის მომზადებაზე. ამ ყველაფერს ბავშვის ორგანიზმი უნდა მიეჩვიოს. ადაპტაციის პერიოდი პატარ-პატარა ავადმყოფობებით მიმდინარეობს. თუმცა თუ ბავშვი სიძნელეებს ვერ უმკლავდება და დაავადებებიც რთულად მიმდინარეობს, ბაღში სიარულის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება პედიატრთან შეთანხმებით მიიღეთ.
პირველი დისკომფორტი
საღამოს პატარა თავის ან მუცლის ტკივილს უჩივის? სურდო აქვს ან ხმა შეეცვალა? ნუ დატოვებთ უყურადღებოდ და შეეგუეთ იმ აზრს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ბაღში ვერ წავა. თუნდაც დილით აღარაფერს უჩიოდეს, მაინც ნუ გაუშვებთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ბავშვი იტყუება, ოღონდ ბაღში არ წაიყვანონ და სახლში დარჩეს? ეს აშკარად მიუთითებს, რომ დედის ყურადღება მოაკლდა. თუ ასეა, მით უმეტეს, სახლში უნდა დატოვოთ. ეცადეთ, ის დღე მთლიანად ბავშვს დაუთმოთ.
საქმე სერიოზულადაა
პირველი 6 თვე მართლაც რომ გამოსაცდელი და რთული პერიოდია. ორი კვირა ბაღში, ორი კვირა სახლში ავადმყოფოფის ან უხასიათობის გამო - ასეთი იქნება თქვენი გრაფიკი. გაითვალისწინეთ, გამოჯანმრთელებისთანავე ბაღში ნუ დააბრუნებთ. გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღე სახლში მომაგრდეს. თუ ანტიბიოტიკებს იღებდა, რეაბილიტაციის პერიოდი უფრო დიდხანს მოუწევს.
ფრთხილად, კარანტინი
მრავალბავშვიან კოლექტივში ყველაფერი მოსალოდნელია. ეპიდაფეთქებაც კი, მათ შორის წითურა, ჩუტყვავილა ან სულაც დატილიანება (პედიკულეზი). ამის შესახებ მედდამ აღმზრდელი და მშობლები აუცილებლად უნდა გააფრთხილონ და დროებით ბაღში მეცადინეობა შეწყვიტონ.
ამ დროის განმავლობაში სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ზედაპირები, სათამაშოები. დაავადების გადადება კი გამართლებაზეა. თუ ბავშვმა დაავადებულთან კონტაქტი მოასწრო, შეიძლება ინფექცია მაინც გადაედოს. თუ ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა, სავარაუდოდ კიდევ ერთ დავიდარაბას გადარჩებით.