პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ბავშვები სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩენილ პერიოდში არ წაიყვანონ ზღვაზე სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ბევრი მშობელი შიშობს, რომ მათი შვილენი დაიწყებენ ავადმყოფობას, დავირუსდებიან, ამის გამო გააცდენენ სკოლას და თანატოლებს ჩამორჩებიან სწავლაში. როგორ უნდა გავამყაროთ მათი იმუნიტეტი ამ დარჩენილ პერიოდში?
პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ბავშვები სასწავლო წლის დაწყებამდე ზღვაზე არ წაიყვანონ – ჯობს, ეს გაცილებით ადრე გააკეთოთ და არ დაამთხვიოთ მაინცდამაინც სწავლის დაწყებამდე დარჩენილ პერიოდს. ეს თურმე არა მხოლოდ არ ამაგრებს, შეიძლება შეუსუსტოს კიდეც იმუნიტეტი, განსაკუთრებით, თუ ასეთი გამგზავრება 10-დან 14 დღემდე გრძელდება. ამ შემთხვევაში დროის დიდი ნაწილი კლიმატის ცვლილებებთან ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციაზე მიდის. ამიტომ სპეციალისტები ზღვაზე გამგზავრებას გაცილებით ადრე ურჩევენ მშობლებს, ვიდრე სწავლის დაწყების წინ.
სკოლის პირველ თვეებში ვირუსების სიხშირეს თავიდან აიცილებთ "ვიტამინური თერაპიით": ზაფხულის განმავლობაში და ამ დარჩენილ პერიოდში რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს ბავშვმა. თან სასურველია, ხილიც და ბოსტნეულიც ადგილობრივი იყოს და არა შორეული ქვეყნებიდან ჩამოტანილი. `მშობლიურ~ პროდუქტებს ორგანიზმი მაინც უკეთ ითვისებს, თან მათში ნაკლებია ალერგენი და შედარებით ნაკლებ კონსერვანტებს შეიცავს, რომლებსაც უხვად იყენებენ იმპორტული პროდუქტის ტრანსპორტირებისას.
თვალი მიადევნეთ ბავშვის რაციონს. მასში უნდა იყოს ცილით სავსე პროდუქტები (ბარდეული, თევზი, თხილი), რკინა (ვაშლი, მსხალი, წიწიბურა), პრებიოტიკები (რძის ნაწარმი), ცოცხალი ბოსტნეული, მწვანილი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის წესებს. მნიშვნელოვანია, სასწავლო წლის დაწყებამდე დარწმუნდეთ, რომ ბავშვი ხელებს იბანს ჭამის წინ, არ სარგებლობს სხვისი ნივთებით და ა.შ. კვლევებმა უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ჰიგიენის დაცვის ჩვევა, სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ნაწლავური ინფექციებით და რესპირატორული დაავადებებით, სასწავლო წლის დაწყებისთანავე.
ასევე არ უნდა დაივიწყოთ სუფთა ჰაერზე სეირნობა. რაც მეტ დროს ატარებს ბავშვი გარეთ, მით უფრო მედეგი იქნება მისი ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციის მიმართ.