"ჩემმა ბავშვობამ 70-იან წლებში გაიარა, მაშინ აცრები "მოდაში" არ იყო" ჩემმა ბავშვობამ 70-იან წლებში გაიარა, მაშინ აცრები "მოდაში" არ იყო, უფრო სწორად, მაშინდელ მშობლებს ამ მარტივი მანიპულაციის ეშინოდათ. ამიტომ არც მე ავუცრივარ. ისეთი ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი, დღევანდელ ბავშვებს რომ არც "დაესიზმრებათ". წლამდე ტკბილეული არ გამისინჯავს, 2 წლამდე დედის რძეს ვიღებდი. სოფელში ვიზრდებოდი და უნიტრატო, ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეული არ მომკლებია, ნატურალური რძის პროდუქტები ჩემს ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. ვიტამინები და თევზის ქონი ჩემი ბავშვობის მუდმივი თანამგზავრები იყვნენ. მუდმივად სუფთა ჰაერზე ვიყავი, სპორტზეც დავდიოდი და ცეკვაზეც. ბევრ წყალს ვსამდი, ახალგაწურული წვენებითაც მანებივრებდნენ. ჩემს ოჯახში ნახევარფარიკატს არავინ გააჭაჭანებდა - ახალთახალი ხორცი უნდა ყოფილიყო სუფრაზე.
მიუხედავად ცხოვრების ჯანსაღი წესისა, რა ავადმყოფობა აღარ გადავიტანე: წითელა, ეპიდემიური პაროტიტი, წითურა, ვირუსული მენინგიტი, ქუნთრუშა, ყივანახველა, ტონზილიტი და ჩუტყვავილა. 30 წლისას საშვილოსნოს ყელის დისპლაზია - კიბოსწინარე მდგომარეობა დამიდგინეს. ვერ გამეგო, როგორ უნდა მეთქვა მცირეწლოვანი შვილებისთვის, რომ მათი დედა შეიძლება, მალე მომკვდარიყო.
ვაქცინაციის მოწინააღმდეგენი ამტკიცებდნენ, რომ ყველა ორგანიზმს საკუთარი იმუნიტეტი იცავს დაავადებებისგან. ჩემ შემთხვევაში ამ ჰიპოთეზამ არ გაამართლა. ჯანსაღმა ცხოვრებამ არ მიშველა, დედაჩემი არც სვამდა, არც ეწეოდა და არც ნარკოტიკებს ეტანებოდა. ამის მიუხედავად, სულ ავად ვიყავი. მართალია, ჩემი შვილები შედარებით ჯანსაღად იკვებებიან, ისეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში არ ცხოვრობენ და არც მე ვარ დედაჩემივით მკაცრი საკვების შერჩევაში, ამის მიუხედავად, ისინი იშვიათად ავადმყოფობენ, როცა ავად არიან, ადვილად უმკლავდებიან ინფექციებს.
რატომ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში, როცა ამბობენ, რომ ვაქცინაციას საშინელი გართულებები ახლავს, დაავადებების გართულებებზე კი არაფერს ამბობენ? ჩემ ირგლივ ძალიან ბევრ ადამიანს გაურთულდა სხვადასხვა ინფექცია, ვაქცინაციით კი არავინ დაზარალებულა. მყავს მეგობარი, რომელიც წითელას შემდეგ დაყრუვდა, ჩემი ძმის მეგობარი მენინგიტით გარდაიცვალა, კიდევ ერთ მეგობარს ფილტვების ანთება დაემართა ჩუტყვავილის შემდეგ...
მე მესმის იმ მშობლების, ვისაც ვაქცინაციის სიავით აშინებენ. დედის შეშინება ხომ ძალიან იოლია. მეც მათ დღეში ვიყავი, მაგრამ ვისწავლე ექიმების მოსმენა და მათი ნდობაც გამიჩნდა. არ შეიძლება რაღაც წარმოდგენების და სტერეოტიპების გამო შვილების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგეს. მინდა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს ვუთხრა, რომ მათი შვილები რისკის ქვეშ არიან. ეს დაავადებები ხომ გართულებების გარეშეც საშინელი გადასატანია. ვისაც გადაუტანია, მიხვდება, რისი თქმაც მსურს.