რა შეიძლება მოჰყვეს არასაკმარის აქტიურობას და "დაწყნარებულ" ბავშვს ნელ-ნელა წარსულს ბარდება „ცელქი ბიჭუნას” სახე, მუხლებზე გადახეული შარვლით, გადატყავებული მუხლისთავებით და თვალის ქვეშ სილურჯით. ისინი შეცვალა ბავშვების ახალმა თაობამ, რომლებიც უნდა აიძულო, რომ ეზოში გავიდნენ და ცოტა იმოძრაონ. სხედან ტელევიზორთან, პლანშეტთან, ტელეფონთან. ზოგჯერ მშობლებიც უბიძგებენ ამისკენ - ოღონდ წყნარად იყვნენ და ხელი არ შეუშალონ უფროსებს, მაშინვე მიუჩენენ ხოლმე ადგილს ეკრანთან და ისინიც ნამდვილი ზომბებივით მიშტერებულნი არიან მთელი დღე.
„მჯდომარე ბავშვი“ მსოფლიოს პრობლემაა. არადა, უმოძრაო ცხოვრების წესი საკმაოდ საზიანოა ბავშვებისთვის. აი რამდენიმე საგანგაშო ნიშანი, რომლებზეც ექიმები მიგვითითებენ:
1. მიდრეკილება გაცხიმოვნებისაკენ
მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის 40 მილიონზე მეტი ბავშვი იტანჯება სიმსუქნით. გაცხიმოვნების პროფილაქტიკისათვის ექიმები რეკომენდაციას უწევენ ყოველდღიურ, მინიმუმ ნახევარსაათიან ფიზიკურ აქტივობას. ამასთან, კომპიუტერსა და ტელევიზორს დღეში 2 საათზე მეტი არ უნდა დავუთმოთ. ბავშვები 2 წლამდე საერთოდ არ უნდა ისხდნენ ტელევიზორთან.
2. ზიანი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის
რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი სახლში ტელევიზორთან, კომპიუტერთან (და ამას დამატებული - მეცადინეობის დრო), მით ნეკლებ დროს უთმობს სუფთა ჰაერზე სეირნობას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იგი ნაკლებად იღებს „მზის ვიტამინად“ წოდებულ ვიტამინ D-ს. ამ დროს ცუდად შეითვისება კალციუმი, რაც უარყოფითად აისახება ძვლების, კბილების განვითარების და სიმაღლეში ზრდის პროცესებზე. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური აქტივობა პირდაპირ მოქმედებს ამ ყველაფერზე. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის დროს ბავშვის ღეროვანი უჯრედები გარდაიქმნება ცხიმოვან უჯრედებად, რის შედეგადაც ნელდება ზრდის პროცესი და იწყება გაცხიმოვნება.
3. მიკროელემენტების დეფიციტი
მიდრეკილება აქტიური ცხოვრების წესისადმი ადრეულ ბავშვობაში იწყება. ზოგჯერ თუთიის ან რკინის დეფიციტს მივყავართ იქამდე, რომ ბავშვი გვიან იწყებს ხოხვას, სიარულს. მოგვიანებით ის უპირატესობას ანიჭებს ნაკლებ მოძრავ თამაშებს, რადგან მას არ აქვს აუცილებელი რესურსი აქტიური ცხოვრების წესისათვის.
4. ალერგიისა და ბრონქული ასთმის განვითარების რისკი
ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ დახურულ შენობაში, „საყოფაცხოვრებო ალერგენების" გარემოცვაში (ოთახის მტვერი, ბალიშის ბუმბული, შინაური ცხოველების ბეწვი და მრავალი სხვა). ყველაფერ ამას ემატება ცუდი ვენტილაცია, რაც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანის მგრძნობელობის გაზრდას.
გამოვლინდა მჭიდრო კავშირი გაცხიმოვნებასა და ბრონქული ასთმის განვითარებას შორის. თუ ბავშვი რეგულარულად დაკავებულია ფიზიკური აქტივობით, საშუალო ინტენსივობით მაინც, დიდ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე, ამ დროს უმჯობესდება ფილტვების ვენტილაცია, ორგანოების ჟანგბადით გამდიდრება და რისკი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისა მნიშვნელოვნად მცირდება.
5. გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი
გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებისთვის სხეულის მასის მატება ერთ-ერთ რისკაქტორად ითვლება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ტელევიზორთან (ამას დამატებული სკოლაში მერხთან გატარებული დრო), საგრძნობლად მცირდება წვრილი სისხლძარღვების დიამეტრი. ეს კი მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების წინაპირობაა.
6. სწავლაში ჩამორჩენა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პასიური ცხოვრების წესი უარყოფითად მოქმედებს სწავლის ხარისხზეც. ფიზიკური აქტიურობის არარსებობის დროს, ბავშვი ენერგიას სად ვერ ხარჯავს, კლასში ყურადღება ეფანტება და ხშირად ვერ ისმენს საჭირო ინფორმაციას.
ფიზიკურად აქტიური ბავშვები კი ადვილად იმახსოვრებენ ინფორმაციას. ბავშვისთვის საუკეთესო სტიმულია სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავება, ამის მაგალითი პირველ რიგში მშობელი უნდა იყოს.
როგორც ხედავთ, ღირს დაფიქრება იმაზე, რომ რაც შეიძლება დროულად შეცვალოთ თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრების წესი, რათა „მოაზროვნე ადამიანები“ არ გადავიქცეთ „უმოძრაო ადამიანებად“.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ