სკოლამდელი ასაკის ბავშვი საშუალოდ წელიწადში 10-ჯერ ცივდება შემოდგომა-ზამთრის სიცივეში გაცივებითა და ხველებით ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ არანაკლებ საზიანოა იმ ოთახის ზედმეტად დათბობა, რომელშიც ბავშვი იმყოფება. გამომშრალ ჰაერში ვირუსები მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს.
ბავშვის სურდო და ხველა ძირითადად, ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული. ბავშვები ხშირად ცივდებიან, ამით იწვრთნება მათი იმუნიტეტი. თოთოებს ვირუსებთან საბრძოლველად დედის რძე ეხმარებათ. ძუძუთი კვების დამთავრების შემდეგ ბავშვმა ანტისხეულები თავად უნდა გამოიმუშაოს. მეცნიერებისთვის 300-ზე მეტი ვირუსია ცნობილი. აუცილებელი არაა, ბავშვი 300-ჯერ გაცივდეს, რომ იმუნიტეტი გაუძლიერდეს. ხშირად ერთი გაცივების შემდეგ მის ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც სხვა ვირუსებსაც ებრძვიან და იმუნიტეტსაც აძლიერებენ. თანამედროვე პედიატრიის მონაცემებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვი საშუალოდ 60-ჯერ ცივდება. საშუალოდ, დაბადებიდან წელიწადში 10-ჯერ.
გაცივების პირველი სიმპტომები
სურდოს დროს ბავშვს ცხვირში ლორწოვანი გამონადენი უჩნდება - ბარიერი, რათა ინფექციამ არ შეაღწიოს ტრაქეაში, ბრონქებსა და ფილტვებში. იგი შეიძლება იყოს როგორც გამჭვირვალე, ასევე შეფერადებული. თუმცა, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება.
არსებობს მოსაზრება, რომ "მწვანე" გამონადენი ბაქტერიულია და მას ანტიბიოტიკებით უნდა ვუმკურნალოთ. სინამდვილეში, ბავშვის ცხვირში მრავალი მიკროორგანიზმი ბინადრობს, გაცივების დროს ისინი აქტიურდებიან და გამონადენსაც შეფერილობას ისინი აძლევენ. საშიში არაფერია, მთავარია, ბავშვი საიმედო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
როგორ ვუმკურნალოთ ვირუსულ გაცივებას?
ბავშვისთვის გაცივება ნორმალური მოვლენაა. სხვათა შორის, ევროპის რიგ ქვეყნებში სურდო ბაღის გაცდენის მიზეზად არ ითვლება. საშუალოდ, იგი 2 კვირაში გაივლის.
რასაკვირველია, სურდოს დროს ბავშვი დისკომფორტს განიცდის და მშობელსაც სურს, რომ პატარას ცხვირი სუფთა ჰქონდეს. გახსოვდეთ, რომ მკურნალობა უშუალოდ ექიმმა უნდა დანიშნოს, დედ-მამამ კი რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს:
დაატენიანეთ ჰაერი ბინაში. შეგიძლიათ სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები გამოიყენოთ. ყველაზე საუკეთესო კი, რომელიმე თავისუფალი სკამის ზურგზე ნამიანი პირსახოცის ჩამოკიდებაა. სასურველია, ბავშვს ნესტოები გამომშრალი არ ჰქონდეს. ასე იგი დამცავ ფუნქციას დაკარგავს.
ბავშვს ნესტოებში ფიზიოლოგიური ხსნარი ჩააწვეთეთ (აფთიაქებში იყიდება). მშობლის მთავარი მიზანია, ბავშვს გამონადენი არ შეუდედდეს.
თუ ბავშვი ცუდად სუნთქავს (განსაკუთრებით ძილში), გამოიყენეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი ცხვირის წვეთები. მაგრამ დღეში ორზე მეტჯერ არ ჩააწვეთოთ.
უამრავი პედიატრი ეწინააღმდეგება ბავშვისთვის ცხვირის გამოსუფთავებას ასპირატორის დახმარებით, ეს პროცედურა ბავშვში სტრესს იწვევს. უმჯობესია, ერთჯერადი ცხვირსახოცები გამოიყენოთ. ხოლო თუ ბავშვს მშვიდად გადააქვს ჰიგიენური მანიპულაციები, მას სამედიცინო აკრძალვა არ აქვს.
პატარას რაც შეიძლება მეტი სითხე დაალევინეთ. სითხეს სხეულიდან წიდები გამოაქვს. ააცილებს სიცხიანობას. როგორც წესი, ვირუსული გაცივება საშუალოდ 5 დღე გრძელდება.
რატომ ახველებს ბავშვი
სიცხისა და სურდოს გარდა ბავშვს შეიძლება გაწითლებული ყელი ჰქონდეს, ან ხველება დაეწყოს. ზოგიერთი ვირუსი პირველივე დღეს აღწევს ბრონქებსა და ტრაქეაში, სხვების ანთება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ხველების მთავარი მიზეზი ისაა, რომ გაცივების დროს ლორწო ცხვირ-ხახაში ხვდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბავშვს რაღაც გადასცდა. მაგრამ ნუ ნერვიულობთ და ნუ წარმოიდგენთ, თითქოს ბავშვი პნევმონიით დაავადდა, გამოცდილი პედიატრი თან დაგამშვიდებთ, თან საჭირო რჩევებსაც მოგცემთ.
ლორწოს ცხვირ-ხახაში გადასვლა და ძილში ხველება რომ აიცილოთ, საწოლის თავი ოდნავ აუმაღლეთ, ან ერთით მეტი ბალიში დაუდეთ.
ბავშვებს 4 წლის ზევით, შეგიძლიათ მისცეთ სასარგებლო ბალახებისა და ეთერზეთების შემცველი ხველების საწინააღმდეგო აბები. თუმცა გახსოვდეთ, არც ერთი მედიკამენტი ბავშვს თვითნებურად არ უნდა მისცეთ. თქვენ ვერ შეაფასებთ, რამდენად საშიში ხველაა და რომელი წამალი სჭირდება. აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა პედიატრს.
ხალხური მეთოდი სურდოსა და ხველების მოსარჩენად:
დაგჭირდებათ კალანჰოეს წვენი (თუ ბავშვს მასზე ალერგია არა აქვს), რომელსაც 1:1 გააზავებთ ადუღებული, თბილი წყლით. ჩააწვეთეთ თითო ნესტოში 3-4 წვეთი. ეს რეცეპტი გამოიყენეთ მხოლოდ 3 წლის ასაკიდან. თუმცა, პედიატრს მის შესახებ რჩევა მაინც ჰკითხეთ.
მშობლებს კი დამშვიდებისკენ მოვუწოდებთ. ბავშვს გაცივება მალე გაუვლის, ეს ბუნებრივი მოვლენაა, საპანიკო არაფერია. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ვაქცინაციას სეზონურ გრიპებზე.