რამდენჯერ მდგარხართ აფთიაქში და ფარმაცევტთან ერთად გაგირჩევიათ, რა ეწერა ექიმის დანიშნულებაში? - "იქნებ ვინმემ ექიმებს კალიგრაფიის გაკვეთილები ჩაუტაროს?!" "დედიკოებო, დღეს ექიმთან ვიყავით და დანიშნულება მოგვცა, ვერ ვარკევ რა წერია, იქნებ მიხვდეთ რა წამალია?"
"გოგოებო, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, ვერ ვარჩევ, რა წერია, აფთიაქშიც ვერ მიხვდნენ, რა წამალია, არადა, სასწრაფოდ უნდა დავალევინო ბავშვს, ექიმმა დაგვინიშნა".
"გოგოებო, მერიდება ექიმთან დარეკვა, მაგრამ ვერც ვარჩევ, რა დაგვინიშნა, რა წერია, იქნებ რომელიმემ გაარჩიოოთ?!"
არა, ეს თამაში არ არის, არც ვიქტორინა და არც ხუმრობა. ეს იმ დედების კომენტარებია, რომლებსაც შვილები ექიმთან მიჰყავთ, სახლში დაბრუნებულები კი სოციალურ ჯგუფებში თხოულობენ „შველას“. აღიარეთ - რამდენჯერ გჭერიათ ხელში ასეთი დანიშნულება, რამდენჯერ მდგარხართ აფთიაქში და ფარმაცევტთან ერთად გაგირჩევიათ, რა ეწერა ექიმის დანიშნულებაში. რამდენჯერ მოგრიდებიათ ექიმთან დარეკვა იმის საკითხავად, რა დაგინიშნათ და რა წერია მისი კალმით „ნაქარგ“ დანიშნულებაში?!
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების დიდი უმრავლესობა ყოველდღიურ საქმიანობაში წარმატებით იყენებს მარტივ კომპიუტერულ პროგრამებს და პრინტერს, ხშირად შეხვდებით სიტუაციას, როდესაც ფურცლების დასტით ბრუნდებით სახლში და იწყებთ იმის გარკვევას, რა დაგინიშნათ ექიმმა.
გამოცდილი დედები უკვე კალიგრაფიითაც ცნობენ ექიმებს, ერთმანეთს წამლების დასახელებების სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ, შესაძლოა, ამოიცნონ კიდეც, მაგრამ რომ ვერ გამოიცნონ, მაშინ რა ხდება?! ბავშვობაში ხომ გვასწავლეს, რომ წამლებით თამაში არ შეიძლება, წამლები ბავშვებისგან მოშორებით, დაცულად უნდა ინახებოდეს. "აბა გამოიცანი"-ს პრინციპი კი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ჯანმრთელობით და წამლებით თამაში. ექიმების დიდი ნაწილი რატომღაც მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ელემენტარული ძალისხმევის და მონდომების გამოჩენა, ისეთი მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ქმედებისას, როგორიცაა რეცეპტის გამოწერა და დანიშნულების მიცემა პაციენტისთვის. ანუ ის, რის მიხედვითაც შემდეგ ის უნდა გამოჯანმრთელდეს (ნუ ეს კიდევ ცალკე თემაა, რამდენს მკითხაობენ ექიმები, რა სახის წამლებს წერენ, რა ექსპერიმენტებს ატარებს ზოგიერთი თავის პაციენტებზე, რა თანხებს ვიხდით ამ ზღვა წამლებში დღიდან დღემდე და ა.შ. და ა.შ. - სამწუხაროდ, პრობლემა ამ სფეროში უამრავია...)...
ვისი ბრალია ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ჩვენი, პაციენტების, და ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ მშობლების, რადგან მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ბავშვების დანიშნულებებში არ ხდება!
ჩვენ ხომ თვალსახუჭული ვანდობთ საკუთარ და საკუთარი შვილების ჯანმრთელობას ექიმებს, კონსულტაციაში ვიხდით საკმაოდ დიდ თანხას, სახლში კი ფარატინა ქაღალდით ვბრუნდებით, რომელზე დაწერილ დანიშნულებასაც ვერ ვარჩევთ! ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს, რატომ უნდა ვკარგოთ დრო, ნერვები და ენერგია იმის გასარკვევად, რა დაგვინიშნა ექიმმა. სუფთა წერას ექიმებს ვერ ვასწავლით, მაგრამ უნდა მოვითხოვოთ დანიშნულების დაბეჭდვა და ამობეჭდვა პრინტერის მეშვეობით, ან იქვე ვთხოვოთ, უფრო გარკვევით დაგვიწეროს...
ექიმები ხომ არაჩვეულებრივად ფლობენ სოციალურ ქსელებს: თუ ამ პოსტს წაიკითხავთ, იქნებ გაითვალისწინოთ ჩვენი გულისტკივილი და თუ დღესაც ასე „ნაწერი“ დანიშნულებით გაუშვით პაციენტი სახლში, იცოდეთ, რომ თქვენი დანიშნულების ფოტო ვერსიას წარწერით - „მიშველეეეეეთ, რა წერია?“ დედების ჯგუფში აუცილებლად შეხვდებით.