ანალიზის სწორად ჩაბარებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ორგანიზმში ინფექციების გამოსავლენად ანალიზების ჩაბარებაა საჭირო. იმის მიხედვით, თუ რას ეჭვობს ექიმი, პაციენტს უნიშნავს სისხლის, ნაცხის, შარდის ან განავლის ანალიზს. ყველა ანალიზს ჩაბარების თავისებურა აქვს.
ჩვილის პირველი გამოკვლევა
დაბადების შემდეგ ახალშობილის გამოკვლევა ხდება, - უმოწმებენ წონას, სიგრძეს და დედას მუცელზე უწვენენ. 2-3 დღის შემდეგ ჩვილმა პირველი ანალიზი უნდა ჩააბაროს. ასეთი ანალიზით დგინდება, ხომ არ სჭირს პატარას სერიოზული დაავადება, რომლის გამოკვლევა-დადგენა ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს. როგორც წესი, ანალიზების ჩასატარებლად დედას წერილობით თანხმობას სთხოვენ. სისხლს ანალიზისთვის ტერფიდან ან ყურის ბიბილოდან იღებენ.
თუ პატარას ყვითელას ნიშნები აქვს, ბილირუბინის ანალიზი ყოველდღურად იქნება ჩასატარებელი. ხოლო, თუ გემოგლობინის დონეა გასარკვევი, სისხლის საერთო ანალიზი კეთდება. ამისათვის სისხლს ისევ ტერფიდან ან ყურის ბიბილოდან იღებენ.
როგორ უნდა შეგროვდეს ანალიზი?
სახლში გამოწერის შემდეგ პირველი ანალიზი 3 თვის ასაკში უნდა ჩატარდეს. უნდა შემოწმდეს შარდი და სისხლი. შარდის შეგროვება საკმაოდ რთული პროცედურაა, განსაკუთრებით გოგონას შემთხვევაში. უკვე მოზრდილი ბავშვის შარდის შეგროვებს, რომელიც ქოთანზე ჯდება, სირთულეს აღარ წარმოადგენს. მთავარია, შარდის მოგროვებამდე ქოთანი საგულდაგულოდ იყოს გარეცხილი.
დისბაქტერიოზზე განავლის მოგროვება უნდა მოხდეს პამპერსიდან ან ქოთნიდან. სასურველია, რომ ანალიზის მიტანა ლაბორატორიაში არ დაგაგვიანდეთ. იდეალურია, 2 საათის განმავლობაში. ხოლო თუ ანალიზის ჩაბარებას ჭიებზე აპირებთ, განავლის შენახვა 8 საათამდე შეიძლება. გარკვეული ტიპის ჭიებზე შესამოწმებლად ასეთ ხერხსაც ურჩევენ ხოლმე ლაბორატორიაში მშობლებს: რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველი პორციიდან გარკვეული რაოდენობა უნდა აიღოთ და შეაგროვოთ. ასე მეტი შანსია, რომ ჭიები ან კვერცხები გამოვლინდეს.
ანალიზი ვაქცინაციამდე
ვაქცინაციაზე დაიშვებიან აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვები. პირველი აცრის წინ უნდა გაკეთდეს სისხლისა და შარდის ანალიზი. თუმცა, ზოგიერთი ფასიანი კლინიკა ყოველი გეგმიური აცრის წინ ითხოვს ანალიზების ჩაბარებას. სხვა კლინიკაში შეიძლება აცრამდე ბავშვს მხოლოდ ტემპერატურა გაუსინჯონ.
პროცედურებისთვის მომზადება
სისხლის ანალიზის ჩაბარება საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია. განსაკუთრებით ბავშვისთვის. მთავარია, დედა იყოს მშვიდად, რადგან ცნობილია, რომ მშობლის განწყობა ბავშვსაც გადაეცემა. უმჯობესია, ბავშვი გაფრთხილებული იყოს, რომ ხვალ პოლიკლინიკაში მიდის ანალიზების ჩასაბარებლად. ეცადეთ, საღამოს ბავშვმა ნოყიერად არ ივახშმოს, განსაკუთრებით, არ მიეძალოს ტკბილეულს. ზოგადად სისხლის ანალიზი უზმოზე უნდა გაკეთდეს. თუმცა, ზოგიერთი ანალიზი შეიძლება გაკეთდეს ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. ეს ეხება ძუძუთი კვებასაც. თუ ანალიზის აღებამდე, რიგში დგომისას ბავშვი ჭირვეულოს, ჭამას გთხოვთ, საწოვარა მიეცით. ბავშვის პოლიკლინიკაში მიყვანამდე, წინა დღეს, რეგისტრატურაში გაარკვიეთ, ანალიზისთვის რა პროცედურებია საჭირო, რათა მეორე დღეს უკვე მომზადებული მიხვიდეთ და არც ბავშვი გააწამოთ.
რისი მაჩვენებელია ანალიზი
უამრავი ანალიზი არსებობს სხვადასხვა დარღვევს გამოსავლენად, თითოეულ ასაკს თავისი ნორმა აქვს. ხოლო, თუ სამედიცინო განათლება არ გაქვთ, ანალიზის პასუხს დამოუკიდებლად ვერ გაეცნობით.
აი, მაგალითად, კარგი მაჩვენებელი _ ჰემოგლობინის მაღალი დონე შეიძლება ავადმყოფობის ან ორგანიზმის გაუწყლოვენების შედეგი იყოს. ხოლო მომატებული ლეიკოციტების (ანთებითი პროცესის მთავარი მაჩვენებელი) ასაკობრივი ნორმა. იცით, რომ ბავშვებს ის გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს?.. ასე, რომ თავად ნუ ეცდებით ანალიზის პასუხების გაშიფვრას და ნერვიულობას , ანდეთ ის სპეციალისტებს.
დედის მხარდაჭერა
თუ ბავშვს სისხლი ვენიდან უნდა აუღოთ, ნუ დაპირდებით პატარას, რომ ტკივილის ვერ იგრძნობს. ის თქვენ გენდობათ, თქვენ კი ატყუებთ. უმჯობესია, ანალიზების აღების წინა დღეს დაწვრილებით, მისთვის გასაგებ ენაზე მოუყვეთ, თუ რა პროცედურების გავლა ელოდება. და არ დაგავიწყდეთ, როცა ანალიზების ჩაბარებას დაასრულებთ, აუცილებლად შეაქეთ ბავშვი გამძლეობისთვის. საჩუქრის სახით პატარას შინ მისი საყვარელი სასუსნავი მოუმზადეთ, ან თანატოლებთან გართობის უფლება მიეცით. ნახავთ, რომ საღამოს შინ დაბრუნებულ ოჯახის წევრებს ბავშვი როგორი სიამაყით მოუყვება დღის განმავლობაში გადამხდარ ამბებს.