ჭორ-მართალი მეტყველების დარღვევებთან დაკავშირებით ეს რეკომენდაციები მეტყველების კორექციის სპეციალისტებს ეკუთვნით, რომლებიც ცენტრ "ლოგომედში" არიან გაერთიანებულნი:
საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მეტყველების დარღვევებს საზოგადოება პირის ღრუში ლოკალიზებულ პრობლემად აღიქვამდა და მათ მოსაგვარებლად ჩვენი სხეულის სწორედ ამ სეგმენტის დამუშავებით შემოიფარგლებოდა.
საბედნიეროდ, უკანასკნელ ხანს შეიცვალა წარმოადგენები ამ პრობლემებისადმი, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ დღეს მეტყველების დარღვევები საკმაოდ სერიოზული და მწვავე პრობლემების პირველ კლინიკურ ნიშნად მოგვევლინა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ იმატა ამ სფეროსადმი როგორც მოსახლეობის ინტერესმა, ისე იმ მცდარმა შეხედულებებმა, რომელთაც სიმართლესა და რეალობასთან არაფერი აქვთ საერთო.
გვსურს ერთად გავერკვეთ ტყუილ-მართალში, რათა სამომავლოდ ჩვენს შვილებსა თუ ახლობლებს მცდარი შეხედულების ერთგულებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები დროულად ავარიდოთ.
მითი #1 - ენისა და მეტყველების სპეციალისტს უნდა მიმართოთ მაშინ, როდესაც პატარა ლაპარაკობს და სწორად ვერ წარმოთქვამს რომელიმე ბგერას.
სიმართლე - მეტყველების თერაპევტს უნდა მიმართოთ მაშინ, როდესაც პატარა მისი ასაკობრივი ნორმის შესაბამისად ვერ საუბრობს, ეს კი უკანასკნელ ხანს შემოთავაზებული რეკომენდაციებით – 2 წელია. თუ 2 წლის ასაკში ბავშვს უჭირს მარტივი ორსიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა და არ იყენებს მეტყველებას კომუნიკაციის საშუალებად, დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოთ იგი სპეციალისტს.
მითი #2 - 3 წლის ასაკამდე შეიძლება მშვიდად ველოდოთ პატარას ამეტყველებას, მით უფრო, თუ მისი მამა, დედა ან ახლო ნათესავიც გვიან ალაპარაკდა.
სიმართლე - დამღუპველია 3 წლამდე ლოდინი, თუ ბავშვი თავისი ასაკის შესაბამისად არ საუბრობს 2 წლის ასაკში, იგი უნდა აჩვენოთ სპეციალისტს, როგორი გენეტიკური წინასწარგანწყობაც არ უნდა არსებობდეს ოჯახში.
მითი #3 - ენის ბორძიკი დაავადება არ არის და იგი გარდატეხის ასაკში თავისით გაივლის.
სიმართლე - ენის ბორძიკი დაავადება ნამდვილად არ არის, იგი სიმპტომია, რომელმაც შესაძლოა თავი იჩინოს მეტყველების ფორმირების პერიოდში, ბავშვობის ასაკში - 2-5 წლამდე და მოგვიანებითი პერიოდში - თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად.
ენის ბორძიკის სპონტანური ანუ თავისთავადი განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა საკმაოდ მცირე 12-15 %-ში, დანარჩენ შემთხვევაში იგი რჩება და სპეციალური კორექციის გარეშე არ ქრება.
მითი #4 - ენის ბორძიკი განუკურნებელი დაავადებაა, ახასიათებს ხშირი რეციდივები, ამიტომ მის მკურნალობას აზრი არ აქვს.
სიმართლე - ბავშვების 50-80% სპეციალური თერაპიის შემდგომ სრულად იკურნებიან, მხოლოდ შემთხვევათა 13-15% არ ემორჩილება თერაპიას, თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია სპეციალური მეტყველების ავტოკონტროლის სისტემის ათვისება, რაც მებორძიკე ადამიანს თავისუფლად და ლაღად საუბრის საშუალებას აძლევს, ამასთან, მისი ეს პრობლემა მოსაუბრისთვის შესამჩნევი აღარ არის.
მითი #5 - ვმკურნალობ ენის ბორძიკს 100%-იანი გარანტიით.
სიმართლე - დღეს მსოფლიოში არ არსებობს მეთოდიკა, რომელიც მოზრდილ ადამიანს ენის ბორძიკისგან სრულად განკურნების გარანტიას მისცემდეს, თუმცა გარკვეული შრომისა და გარჯის შედეგად, ნებისმიერი ტიპის, სიმძიმის ფორმის პაციენტს შეუძლია მეტყველების სრულად მართვასა და გაკონტროლებას დაეუფლოს.
მითი #6 - ენის ბორძიკის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ აზრები უსწრებენ ენას და ენა ვეღარ ასწრებს მათ გამოთქმას.
სიმართლე - ენა და თავის ტვინში აზრების ფორმირება არაფერ შუაშია, ენის ბორძიკის მიზეზი თავის ტვინში არსებული სამი მოტორული, ქერქქვეშა სამეტყველო ცენტრს შორის წარმოქმნილი დესინქრონია, რომელიც შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ენის დაბმა კონკრეტულ ადამიანში, ზოგჯერ შეუძლებელიც კია, რადგანაც პრობლემის ბუნება ბოლომდე შეუსწავლელი და დაუდგენელია.
გარდა ამისა, არსებობს პათოლოგიის საკმაოდ მრავალი ფორმა, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზები გააჩნიათ, ანუ ზოგადი მიზეზების დადგენა ძნელია.
ყველაზე უპრიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, სტრესი, შიში, ფსიქიური ტრავმა, ნერვული სისტემის დაავადებები.