ანემია ყველაზე ხშირი ბავშვებსა და ორსულებშია... ანემია - ეს სიტყვა ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გვესმის. გადავწყვიტეთ, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმის - რკინადეფიციტური ანემიის შესახებ გესაუბროთ და ამ მიზნით ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ზოგადთერაპიულ კლინიკას ვეწვიეთ. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ექიმი მზია კოხტაშვილი.
- რა არის რკინადეფიციტური ანემია?
- რკინადეფიციტური ანემია არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება სისხლში ჰემოგლობინის და/ან ერითროციტების შემცველობა. ჰემოგლობინის მეშვეობით ერითროციტებს ანუ სისხლის წითელ უჯრე-დებს (როგორც ხალხში ამბობენ, წითელ ბურთულებს) ჟანგბადი მთელ ორგანიზმში, მის ყველა ქსოვილსა და ორგანოში მიაქვთ. თუ დაავადების არსზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღება მის სახელწოდებაზე უნდა გავამახვილოთ. როგორც სახელიდან ჩანს, რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი ორგანიზმში რკინის დეფიციტია. რკინა კი აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის.
- რამდენად ხშირია რკინადეფიციტური ანემია?
- საკმაოდ ხშირია. შეიძლება ითქვას, ანემიის სახეებიდან ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. განსაკუთრებით ხშირად ემართებათ ქალებს. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებითაც კი რკინის დეფიციტი ყოველ მეხუთე ქალსა და ორსულთა ნახევარს აღენიშნება.
- რა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას?
- ამ სახის ანემიის ერთ-ერთი მიზეზი საკვებში რკინის დეფიციტია, თუმცა არის სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, სისხლის კარგვა, რკინის შეწოვის დარღვევა, ორსულობა. მოდით, თითოეულ მათგანზე უფრო ვრცლად შევჩერდეთ. როგორც აღვნიშნეთ, სისხლის წითელი უჯრედები, ერითროციტები, შეიცავს რკინას. როცა ორგანიზმი კარგავს სისხლს, ბუნებრივია, იკარგება რკინაც და სხეულში მისი მარაგი მცირდება, ამიტომ ქალებს, რომლებიც გინეკოლოგიური დაავადებების, მაგალითად, საშვილოსნოს ფიბრომის გამო დიდი ოდენობით სისხლს კარგავენ, რკინადეფიციტური ანემიის აღმოცენების დიდი რისკი აქვთ. გარდა ამისა, რკინადეფიციტური ანემია შეიძლება გამოიწვიოს მცირე ოდენობის სისხლის ქრონიკულმა კარგვამ. ასეთი რამ ხდება წყლულოვანი დაავადების, თირკმლის სიმსივნის, შარდის ბუშტის სიმსივნის, მსხვილი ნაწლავის სისხლმდენი პოლიპების, სწორი ნაწლავის, განსაკუთრებით - მისი მარჯვენა ნახევრის სიმსივნის დროს. უთუოდ უნდა ითქვას, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა შეიძლება ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღებამაც გამოიწვიოს. აუცილებლად უნდა დავასახელოთ კიდევ ერთი მიზეზი - პარაზიტული ინვაზია ანუ, პოპულარული ენით თუ ვიტყვით, ჭიები.
- როდის ირღვევა რკინის შეწოვა?
- რკინა, რომელსაც ჩვენ მიერ მიღებული საკვები შეიცავს, წვრილ ნაწლავში შეიწოვება და სისხლში გადაინაცვლებს. ნაწლავთა დაავადების დროს, როცა ზიანდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი და ირღვევა საკვები ნივთიერებების შეწოვა, შესაძლოა, განვითარდეს რკინის დეფიციტი, რასაც ანემია მოჰყვება. შეწოვის პროცესი ირღვევა მაშინაც, როცა ხდება წვრილი ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა ანუ რეზექცია.
საკვებში არსებული რკინა ორგანიზმმა სათანადოდ რომ შეიწოვოს, აუცილებელია მისი გარდაქმნა კუჭის მჟავე წვენის ზემოქმედებით. თუ კუჭის მჟავიანობა საგრძნობლად არის დათრგუნული გასტრიტის ან რომელიმე მედიკამენტის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, ასევე შესაძლებელია რკინის შეწოვის დარღვევა და რკინადეფიციტური ანემიის აღმოცენება.
- ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ორსულობა - ფიზიოლოგიური პროცესი და არა ავადმყოფობა - შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის მიზეზად იქცეს.
- მართალია, ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია, მაგრამ დადგენილია, რომ რკინის მარაგის შევსების გარეშე ორსულთა დიდ ნაწილს რკინადეფიციტური ანემია უვითარდება. ამ ფაქტს აქვს ახსნა: ქალის ორგანიზმში არსებული რკინის მარაგი ხმარდება თავად ორსულისა და მზარდი ნაყოფის ცხოველქმედებას. სწორედ დედის ორგანიზმში არსებული რკინაა ნაყოფისათვის ჰემოგლობინის წყარო. გარდა ამისა, რკინა მას სისხლის წითელი უჯრედების, სისხლძარღვებისა და კუნთების ფორმირებისთვის სჭირდება. ამრიგად, ქალი საკვებიდან იმდენსავე რკინას იღებს, რამდენსაც დაორსულებამდე, მოხმარებით კი გაცილებით მეტს მოიხმარს.
- როგორ ვლინდება რკინადეფიციტური ანემია, რა ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ ადამიანი ავად არის?
- რკინადეფიციტური ანემია უმეტესად ვლინდება საერთო სისუსტით, სიფითრით, ადვილად დაღლით, ქოშინით, რომელიც უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი იჩენს თავს, თავის ტკივილით, ხშირად - კიდურების გაცივებით. გარდა ამისა, რკინადეფიციტურ ანემიას ავლენს დამახასიათებელი, სპეციფიკური სიმპტომები: ენის ანთებითი ცვლილებები - ე. წ. გლოსიტი, ფრჩხილების მტვრევადობა და ჩაზნექილობა, მადის გაუკუღმართება - ცარცის, მიწის, უმი მაკარონის ჭამის სურვილი. ზოგს რკინადეფიციტური ანემიის დროს ქვედა კიდურებში უჩნდება ტკივილისა და ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, რომლის შესამსუბუქებლადაც ცდილობს, კიდურები მუდმივად ამოძრაოს. ამ მდგომარეობას მოუსვენარი ფეხების სინდრომს უწოდებენ. იხილეთ გაგრძელება