განსაკუთრებით სასარგებლოა ეს სპორტი მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვს ბავშვის ჯანმრთელობა ხომ უპირველესია მშობლისთვის. ყინულზე სრიალს ბევრი დადებითი მხარე აქვს. ასეთ „წამალს“ არ გააჩნია გვერდითი მოქმედებები. გარდა ამისა, უბრალოდ საინტერესო და სასიამოვნოა.
ბავშვებს, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ხშირად ავადმყოფობენ რესპირატორული ინფექციებით და აქვთ გულის პრობლემები, პედიატრები ურჩევენ ფიგურულ სრიალს. ფიგურული სრიალის თაყვანისმცემელებისთვის ცნობილია რუსეთის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის - ევგენი პლუშჩენკოს ისტორია, რომელიც ძალიან სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. მშობლებმა ალტერნატიული გზა აირჩიეს და 4 წლის ასაკში მიიყვანეს ფიგურულ სრიალზე. შედეგი - არაერთი სპორტული წინსვლა, წარსულს ჩაბარებული სურდო და პნევმონიები იყო.
სწორედ სუსტი ჯანმრთელობის გამო ყინულზე მიიყვანეს არაერთი გამოჩენილი მოციგურავე. ამიტომ, რა იცით, რა მომავალი ექნება თქვენს პატარას...
ფიგურული სრიალის მეორე დადებითი მხარე არის სწორი ხერხემალი. სპორტის ეს სახეობა საუკეთესოა როგორც სქოლიოზის პროფილაქტიკისთვის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების დროსაც. ვითარდება ისეთი ფიზიკური უნარები როგორიცაა: გამძლეობა, სისწრაფე, მოქნილობა. ფსიქოლოგები ჯეროვნად აფასებენ ფიგურული სრიალის დადებით ზეგავლენას ბავშვის ემოციურ სფეროზე. ყინულზე სრიალის დროს ორგანიზმის გაჯანსაღების გარდა ბავშვები თავისუფლდებიან სტრესისა და შფოთვისაგან. უმჯობესდება ძილი და მადა.
მაშ ასე, ბავშვის ყინულზე სრიალზე მიყვანით გაუძლიერებთ იმუნურ და ნერვულ სისტემას, დაეხმარებით დაივიწყოს მობეზრებული ავადმყოფობები და მედიკამენტები, გაუუმჯობესებთ გულისა და ფილტვების მუშაობას, ვესტიბულარულ აპარატს. ლამაზი ფიგურა, სწორი ზურგი, მოხდენილობა, კარგი პლასტიკა და სიამოვნება თვითონ სრიალისგან - დამატებითი და დამეთანხმებით, სასიამოვნო ბონუსებია.