ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პედიატრის ოჯახი და ყველაზე ცნობილი ციტატები როდესაც ხდები მშობელი, უამრავი კითხვა გიჩნდება: როგორ ჩააცვა ბავშვს? ყოფნის თუ არა რძე? სად უნდა დაიძინოს? როდის გავასეირნოთ? რა მოხდება, თუ... რისი გვეშინოდეს? კარგია, რომ არსებობს ინტერნეტი და ხალხი, რომლებიც გულღიად გიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. კიდევ უფრო უკეთესია, როდესაც რჩევებს თავისი საქმის პროფესიონალი გაძლევს, კარგი პედიატრი, რომელსაც ენდობი. კიდევ უფრო კარგია, თუ ეს პედიატრი არ არის ერთ ადგილას გაყინული, დროსთან ერთად ვითარდება, სწორად მსჯელობს და თან, არ გთრგუნავს ათასგვარი უსარგებლო შეზღუდვებით.
ევგენი კომაროვსკი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და "პოპულარული" პედიატრია, რომელიც ბევრს უყვარს და ბევრი ენდობა. ჩვენს საიტზე ხშირად შეხვდებით მის სტატიებს და საინტერესო, პრაქტიკულ რჩევებს.
ვინ არის ექიმი კომაროვსკი?
ევგენი კომაროვსკი უკრაინელი პედიატრია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი, საავტორო გადაცემა „ ექიმი კომაროვსკის სკოლის“ ავტორი და მწერალი. ავტორია ცნობილი წიგნის „ბავშვის ჯანმრთელობა და მისი ნათესავების საღი აზრი“. ასევე - ერთი კეთილი და ბევრისთვის საყვარელი "ულვაშიანი ბიძიაა“.
რით არის ცნობილი?
იგი ცნობილია საქმიანი რჩევებით, უბრალო და გასაგები პასუხებით. მას აქვს თავისი საიტი, გვერდები სოციალურ ქსელებში და Youtube-ზე. 2006 წელს გახსნა თავისი საკონსულტაციო ცენტრი - კლინიკა, სადაც წარმატებით მუშაობს. ასევე პოპულარობით სარგებლობს საბავშვო ბაღები „კომარიკები“, რომლებიც მთლიანად ექიმი კომაროვსკის პრინციპებითა და შეხედულებებით ფუნქციონირებენ.
რატომ კომაროვსკი?
პირველ რიგში, დიდი ხნის გამოცდილების გამო. სამედიცინო პრაქტიკაში 1983 წლიდანაა. ხარკოვში - ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა ბავშვებს, რეანიმაციაში მუშაობდა 10 წელი და ამავდროულად იყო ამავე საავადმყოფოს ხელმძღვანელიც. მეორე კი არის ის, რომ ევგენი კომაროვსკის აქვს უნარი - გასაგებად, არგუმენტირებულად, უბრალოდ და იუმორით აუხსნას ნებისმიერ დედას, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და რამე არ „დაუშავოს“ თავის შვილს უცოდინრობით.
რატომ უნდა ვენდო კომაროვსკის?
მას მინიმუმამდე დაჰყავს დედის შფოთვა. იგი ამბობს: „იყო დედა - არ ნიშნავს მძიმე შრომას, პირიქით ეს არის საინტერესო თავგადასავალი აფთიაქის ჩანთით ხელში“. და გამუდმებით იმეორებს, რომ დედა დასვენებული და ჯანმრთელი უნდა იყოს, და მთელი ოჯახი იქნება ბედნიერი.
რას ნიშნავს „კომაროვსკის მეთოდით“ ბავშვის გაზრდა?
ეს არის ბავშვის გაზრდა ჯანსაღი აზრით. თუ ბავშვს შეიძლება დავეხმაროთ გაზრდილი სითხის რაოდენობით, არ არის საჭირო მისი „გაჭყიპვა“ ანტიბიოტიკებით. თუ ბავშვს აქვს ტემპარატურა 40 გრადუსამდე, საჭიროა ექიმთან გაქცევა და არა კომპიუტერთან ჯდომა და ფორუმების კითხვა.
არის კიდევ რამდენიმე ძირითადი პრინციპი:
. არ ჩაფუთნოთ ბავშვი, ჩააცვით ამინდის შესაბამისად;
. ბავშვებთან ერთად სეირნობა სუფთა ჰაერზე, გაკაჟება;
. სახლში შეინარჩუნეთ ტემპერატურა 22 გრადუსი, ხოლო ტენიანობა - 50-70%;
. ეზოში ბავშვთან ერთად ითამაშეთ მოძრავი თამაშები და მაშინ მადაზეც არ გექნებათ ჩივილები;
. არ დააძალოთ ჭამა, თუკი ის უარს აცხადებს მასზე.
ექიმი კომაროვსკი ყურადღებას ამახვილებს ბებიების რჩევებზე (რომლებსაც თავს ახვევენ ახალგაზრდა და გამოუცდელ დედებს),რომლებიც ხშირად ჩვენს თანამედროვეობაში არ არის აქტუალური. საუკეთესო დროს ბავშვის იმუნიტეტის ასამაღლებლად თვლის ზაფხულს, რომელსაც ბავშვი ატარებს სოფელში, იმ პირობით, თუ ბებია 20-გრადუსიან სიცხეში არ დააფარებს შვილიშვილს ქუდს.
ჰყავს თუ არა კომაროვსკის შვილები?
ის არა მარტო 2 დიდი ბიჭის მამაა, არამედ სამი წლის ბიჭისა და გოგოს მზრუნველი ბაბუაა. იმასაც ამბობს, რომ შვილიშვილებთან მკაცრია და ბევრი რამის ნებას არ აძლევს.
ის ცხოვრობს სახლში, რომელსაც აქვს ბაღი და ბოსტანი. გატაცებულია თევზაობით, რომელიც ეხმარება აზრების კონცენტრირებაში. უყვარს მოგზაურობა და ფოტოგრაფია.
ჰყავს მეუღლე, რომელიც, სხვათა შორის, ასევე ექიმია, ბავშვთა ოკულისტი.
ექიმი კომაროვსკის ცნობილი ციტატები:
. მოზრდილი მოსახლეობის 100%-მა იცის, თუ როგორ კეთდება ბავშვი, მაგრამ მათმა 99%-მა არ იცის, თუ რა უყოს და როგორ მოუაროს მას.
. ბედნიერია ბავშვი, რომელის დედ-მამას აქვს დრო, უყვარდეთ არა მხოლოდ ის, არამედ ერთმანეთიც.
. თუ ოჯახში გყავთ ხშირად მოავადე ბავშვი - იყოლიეთ ძაღლი. ბავშვის გასეირნება შეიძლება დაგეზაროთ, ძაღლს კი დილა-საღამოს გაასეირნებთ (ბავშვსაც გაიყოლებთ თან).
. ბედნიერია ბავშვი, რომელიც პირველ რიგში ჯანმრთელია და მხოლოდ ამის შემდეგ - ანბანის მცოდნე.
. ბავშვი არავისთან არაფრით არ არის ვალდებული.
. თუ თქვენი ბავშვი მთელი წლის მანძილზე ავადმყოფობდა, არ სეირნობდა და ნერვიულობდა - სოფელში (ტყე, მდინარე) წასვლა მნიშვნელოვნად სასარგებლო იქნება მისთვის, ვიდრე დასვენება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თუნდაც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.