ბავშვთა ინფექციონისტის, პროფესორ მანანა ხოჭავას რჩევები მშობლებს "...სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის საკითხი ცოტა რთულად დგას, რადგან სახელმწიფოს მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს და ვაქცინაცია შესაძლებელია კერძო სავაქცინაციო ცენტრებში..." - ბავშვთა ინფექციონისტი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბავშვთა ინფექციურ კლინიკური საავადმყოფოს კონსულტანტი - მანანა ხოჭავა ვერაგ დაავადებაზე გვესაუბრა და მოსახლეობას აუცილებელი რჩევები მისცა, სასიკვდილო ინფექციის თავიდან ასაცილებლად...
- ქალბატონო მანანა, ვინ შედიან უფრო მეტად რისკჯგუფში, ვის ემუქრება ყველაზე მეტად მენინგოკოკცემიის ინფექცია?
- არსებობს ასაკობრივი დაყოფა... ეს დაავადება შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობის რისკია. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, განსაკუთრებით მოზარდთა პერიოდში, 30 პროცენტს მატარებლობა აქვს ამ ინფექციის... განსაკუთრებით საშიშია იმ ახალგაზრდა მოსახლეობისთვის, ვინც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს ან ჯარში იმყოფება. რასაკვირველია, ნებისმიერ შეიძლება ასაკში იყოს, მაგრამ ბავშვთა ასაკში უფრო ხშირია... არსებობს ჯგუფი, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები (ვთქვათ ელენთის არქონა, ფუნქციური თუ ამოღებული ტრავმის შედეგად), ისინიც რისკჯგუფში არიან... ეს ინფექცია შეიძლება ყველასთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს!.. თუ არსებობს დაავადება თავისი გენერალიზებული ფორმით, ნებისმიერი ასაკისთვის საშიშია!. არსებობს სხვადასხვანაირი სიმძიმის დაავადება. შეიძლება იყოს უბრალოდ მატარებლობა, შეიძლება ცხვირ-ხახის ანთებით მიმდინარეობდეს და ვერც ვერავინ გაიგებს სიმპტომებით, ეს არის თუ არა მენინგოკური ინფექცია... როცა სეფსისის მაგვარად მიმდინარეობს, ამას ჰქვია მენინგოკოკცემია, ანუ მენინგიტის სახით და მათთვის ყოველთვის ძალიან საშიში დაავადებაა!. სწრაფი და სწორი მართვაა საჭირო ამ დროს! სამედიცინო დაწესებულებებში დროული მიმართვიანობა და დიაგნოსტიკაა აუცილებელი! თუ გადავხედავთ სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ევროპაში შეიძლება ასი პაციენტიდან ათი დაიღუპოს, სამწუხაროდ, ამ ინფექციით. მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგი პირობებია და კარგი ანტიბიოტიკებიც არსებობს, თვით დაავადებას ძალიან სწრაფი განვითარება ახასიათებს, ზოგჯერ ელვისებურიც კი... როდესაც მიდის თირკმლისზედა ჯირკვლის ნეკროზი, ჩაქცევები, აი, ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე საათის განმავლობაში სამწუხარო შედეგი დგება.
- კიდევ რომელი ინფექციებია ასეთი საშიში?
- საშიში ინფექცია ძალიან ბევრია, თუ არსებობს წინამორბედი ფონი! თუ ბავშვს აქვს იმუნური დაავადებები, ნებისმიერი ინფექცია შეიძლება ასეთ ბავშვებში მომაკვდინებელი იყოს, სამწუხაროდ... მენინგოკოკცემიის მსგავსად შეიძლება სხვა ინფექციაც მიმდინარეობდეს (ასევე ბაქტერიული ინფექცია), ესენია: პნევმოკოკური ინფექცია, ჰემოფილური ინფექცია - არსებობს მთელი ჯგუფი დაავადებებისა, რომლებსაც, სამწუხაროდ, ხშირად მოსდევს ლეტალური შედეგი.
- მოზარდები ხშირად თვითნებურ დიეტებს მიმართავენ და ამის შედეგადაც მათი ორგანიზმი უძლურდება, იფიტება და იმუნიტეტი სუსტდება... ესეც თუ მოქმედებს იმაზე, რომ სხვადასხვა ინფექცია უფრო რთულად გადაიტანონ?
- კვებას და სოციალურ მდგომარეობას, რასაკვირველია, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს უფრო მეტად ტუბერკულოზით დაინფიცირების შემთხვევაში ხდება, ვიდრე მენინგოკოკური ინფექციის დროს. მენინგოკოკური ინფექციის დროს ავადმყოფებში, თუ გადავხედავთ მათ სოციალურ სტატუსს, კვებას და ჯანმრთელობას, როგორც წესი, ჯანმრთელი ბავშვები არიან დაინფიცირებული... წინამორბედი ფაქტორი, რომელიც გვათქმევინებდა, რომ მაინცდამაინც მენინგოკური ინფექცია დაემართებოდათ, თითქმის არ აქვთ, გარდა იმისა, რომ რაღაც პატარა დეფექტი აქვთ იმუნურ სისტემაში, რომელიც სხვანაირად არანაირად არ ვლინდება... პაციენტები კარგი ნაკვები, წონის, განვითარების არიან, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ვერაგი დაავადება ემართებათ.
ასევე იხილეთ: რა სიმპტომები აქვს მენინგიტს და როგორ უნდა ვუშველოთ ავადმყოფს - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან
- რა რჩევას მისცემდით მოსახლეობას?
- მენინგოკოკური ინფექცია უფრო გავრცელებულია ცივ სეზონებში და ხშირად თანაარსებობს სხვა ინფექციებთან ერთად. როგორიც არის - გრიპი, ჰერპესული ინფექცია... დასნებოვნების საშიშროება, თუ გადავხედავთ სხვა დაავადებებს, მაგალითად - წითელას, რომელიც ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე (შეიძლება იყოს ერთ შენობაში, და სხვა ოთახში თუ სავენტილაციო მილი არსებობს, შესაძლებელია სავენტილაციო მილითაც კი გავრცელდეს), მენინგოკოკურ ინფექციას გადადების ასეთი მაღალი ალბათობა არ ახასიათებს. მჭიდრო კონტაქტი, დაახლოებით მეტრ-ნახევარ მანძილზე უნდა იყოს, რომ ლაპარაკის, ხველის დროს მოხდეს დაინფიცირება... ისეთ დაწესებულებებში, როგორიც არის საერთო საცხოვრებელი, თეატრები და სადაც დიდი რაოდენობის ხალხი ერთმანეთს ხვდება, მეტი საშიშროებაა, ეს ინფექცია შეხვდეს ადამიანს.
როდესაც დასნებოვნებულისგან მოშორებით, ოღონდ სუფთა ჰაერზე დგას ადამიანი, რასაკვირველია გადადების შანსიც ნაკლებია... კარგია ხშირად ხელების დაბანა. როდესაც კოლექტივში ვინმე უკვე დასნებოვნებულია, აუცილებელია დანარჩენი კონტაქტში მყოფი პირებისთვის საპროფილაქტიკო ანტიბიოტიკის მიღება. ზოგიერთი წყარო გვეუბნება, რომ არის საჭირო ანტიბიოტიკის ერთჯერადი მიღება დაAარსებობს ასევე ვაქცინაციაც. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის საკითხი ცოტა რთულად დგას, რადგან თვითონ სახელმწიფოს ეს ვაქცინა - მენინგოკოკის საწინააღმდეგო არა აქვს და ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ კერძო სავაქცინაციო ცენტრებში.
კომენტარისთვის მივმართეთ ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს:
- არც საქართველოში და არც ევროპაში მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა სახელმწიფო პროგრამაში არ შედის. როგორც ევროპაში, ასევე ჩვენთან, ამ აცრის ცატარება კერძო სექტორშია შესაძლებელი... საქართველოში, ძირითადად, ბ და ც ტიპის მენინგოკოკია გავრცელებული. ბ ტიპის ინფექციაზე არ არსებობდა ვაქცინა, იცრებოდა მხოლოდ ც ტიპზე. საქართველოში მენინგოკის დაახლოებით 10-15 შემთხვევაა წელიწადში. ამიტომ ყველაფერი არის რიგითობით. ჯერჯერობით ვაქცინები ტარდება იმაზე, რაც ბევრია. რაც უფრო მეტად არის ბავშვებისთვის საზიანო. მაგალითად დაინერგა პნევმოკოკური ვაქცინა, რომელიც უფრო ხშირად იწვევს მენინგიტს, ვიდრე მენინგოკოკი.
ბ ტიპის ვაქცინაც ევროპაში 2015 წელს გამოჩნდა... ჩვენთან ახალ ვაქცინას, რომ შემოიტანენ, ატყდება ამბავი, არიქა ჩვენზე ცდიანო... ამიტომ როცა ევროპაში კარგად გამოიცდება, მერე ჩვენთანაც შემოვიტანთ. საქართველოშიც არის აცრის შესაძლობლობა - თუ მოთხოვნა იქნება, კერძო სექტორი შემოიტანს და ვისაც უნდ,ა აიცრება. ვურჩევდი მშობლებს, ყველა აცრა ჩაუტარონ ბავშვებს.
მენინგოკოკცემიის რისკი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია. როგორც კი ბავშვს ექნება სიცხე და თავის ტკივილი, დედამ კარგად უნდა დაათვალიეროს კანი და თუ სადმე ჩაქცევას ნახავს, სასწაფოდ წაიყვანოს ექიმთან.
ჩვენთან შარშან 8 შემთხვევა იყო და 2 გარდაცვალება, შარშანწინ 19 შემთხვევა და 1 გარდაცვალება.
მანანა გაბრიჭიძე