სხვადასხვა პროფილის ექიმები მშობლების ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე საუბრობენ და მათ აფრთხილებენ მშობლები ხშირად, ზედმეტი მონდომების, სიჩქარის, უცოდინრობის, მეზობალ-მეგობრის რჩევის თუ სხვა და სხვა მიზეზის გამო, უპატიებელ შეცდომებსაც კი უშვებენ ბავშვების აღზრდასა თუ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებში. რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები და რა არ უნდა შეეშალოს მშობელს - სხვადასხვა პროფილის ექიმები მშობლების ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე საუბრობენ და მათ აფრთხილებენ:
ბავშვთა ნევროლოგი, ანი ჩოჩია:
- ძირითადი პრობლემა "კის" და "არას" შესრულების საკითხია. ხშირად მშობლებს ნებისყოფა არ ჰყოფნით, რომ ბავშვის ჭირვეულობა, ტირილი, ყვირილი, სურვილის ასრულების მცდელობა "აიტანონ".
როდესაც არაფერი შავდება, საჭიროა მშობლებმა ბავშვს სიცელქე აპატიონ. თუ იციან, რომ ის, რაც იმ წუთას ბავშვს უნდა, არ შეიძლება და ამით სერიოზული რამ ფუჭდება, უნდა აუხსნან, რატომ არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევა.
ხშირად ბავშვები მშობლებით მანიპულირებენ. ეს მხოლოდ მშობლების შეცდომაა. დასჯა ცუდი საქციელის გამო არ უნდა გამოიხატებოდეს ყვირილით და მით უმეტეს ცემით! თუ ბავშვს ჩვილობის ასაკიდანვე იმპერატიული ტონით და მზერით ვუპასუხებთ ცუდ საქციელზე, მას უკვე ეცოდინება, როდის აშავებს და რა რეაქცია აქვს ამ დროს მშობელს. ხშირად მშობლები ვერ იმორჩილებენ ბავშვს, ამ დროს მათ ფსიქოლოგთან ვიზიტს ვურჩევთ. რათა ფსიქოლოგმა დააკვალიანოს მშობელი, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში ბავშვთან ურთიერთობის დროს. ბავშვს სჭირდება თბილი და მოსიყვარულე, მეგობრული მშობლები, მათგან უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და უნდა ენდობოდეს მათ. ამ ნდობის და მოსაპოვებლად მშობელმა ბევრი გამოცდა უნდა ჩააბაროს.
ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ნათია ცირდავა:
- ბავშვთა გასტროენტეროლოგიაში მშობლების ყველაზე ხშირ შეცდომებს მიეკუთვნება: ბავშვების თვითმკურნალობა, დანიშნული მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა, ექიმის დანიშნულების დაუცველობა, ახალშობილებში საკვების თვითნებური შეცვლა, ბავშვების არასრულფასოვანი კვება (ნახევარფაბრიკატები, შოკოლადები, გაზიანი, სასმელები).
ასევე იხილეთ: "ბავშვი მაღალი ძაბვის სადენმა მიიზიდა, ცეცხლი წაეკიდა და ვერავინ ეკარებოდა" - გუგა ქაშიბაძის განსაკუთრებული პაციენტი
პედიატრი, ხატია შუკაკიძე:
- მშობლების უმრავლესობა თვლის, რომ ანტიბიოტიკი ნებისმიერი ცხელების დროს, მიუხედავად გამომწვევისა, ეფექტური და აუცილებელია. დღემდე ბევრ მშობელს სწამს, რომ ხალხური მედიცინის მეთოდები, ძმრიანი წინდები ან თაფლიანი კომპრესები სავსებით უვნებელია, ხოლო უჭირთ იმის დაჯერება, რომ ძმარი, სპირტი და ნებისმიერი დასაზელი "საშუალება" ბავშვის ორგანიზმში შეიწოვება. თაფლიანი კომპრესები კი ალერგიულ ბავშვებში ბრონქოსპაზმის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ხშირი შეცდომაა საწოვარას გამოყენება 1 წლის ასაკის ზემოთ, აღნიშნული შესაძლებელია სერიოზული ორთოდონტული პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს მომავალში. ასევე არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება 3 წლის ასაკამდე, თერმომეტრით დახმარება უკანა ტანში... ნაწლავთა რეგულარული მოქმედების მიზნით და სხვა.
ნინო კიკნაძე, პედიატრი:
- ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მშობლები გადასულები არიან ე.წ. "ინტერნეტით მკურნალობა"-ზე. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით ბავშვების ფოტოებს, გამომწვარი სასქესო ორგანოები, გამონაყარი, მეჭეჭი და ა.შ. ხშირად ხდება მშობლების განხილვის საგანი, ბავშვის დედა სვამს კითხვას: "ხომ არ იცით რა შეიძლება იყოს?" სოც ქსელის აქტიური დედები კი უწერენ თავიანთ მოსაზრებებს და სთავაზობენ მკურნალობის მეთოდებს, ხშირად მედიკამენტებსაც კი. ეს ყველაფერი ყოვლად დაუშვებელია, ისე როგორც "მეზობლის ბავშვს უშველა და ეს წამალი ჩემს შვილსაც უშველის", "მეზობლის ბავში 7 თვის ასაკში უკვე დაჯდა და დროა ჩემიც დავსვა" და ა.შ. მინდა ყველა მშობელს ვუთხრა, არასდროს სცადოთ თვითმკურნალობა, შესაბამისი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ქირურგი ავთანდილ კუტიბიძე:
- მშობლები ბოლო დროს ორ კატეგორიად იყოფიან: თანამედროვე ტექნოლოგიებს აყოლილები, რომლებიც დაგუგლავენ და ნებისმიერ დაავადებაზე პოულობენ ინტერნეტში სტატიებს. ამ დროს შეიძლება ვიღაცამ ყოვლად უსარგებლო და სულელური სტატიაც კი დაბეჭდოს და მისი მიყოლა ყოვლად დაუშვებელია! სამედიცინო განათლების ადამიანი რომ წაიკითხავს სტატიას, მიხვდება იქ რამდენი აბსურდი წერია, მაგრამ ვისაც სამედიცინო განათლება არ აქვს, მარტივად იჯერებს და ამით შეიძლება ბავშვს ძალიან ბევრი ავნოს. დღეს მილიონი სტატია იბეჭდება სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ყველა არ არის გამართლებული და ამას მშობლებს ძალიან ხშირად ვუხსნით.. მეორე კატეგორია რომელიც ბებიების მეთოდებს მისდევს და ექიმბაშური წამლები და თვითნაკეთი მედიკამენტები ჰგონია ძალიან სასარგებლო... რომელი კატეგორია ჭარბობს, ამის გარკვევა ძალიან ძნელია, მაგრამ ორივე რომ არსებობს, ეს თვალნათლივ ჩანს!
ორივე მეთოდი ნაკლებად გამართლებულია. ბებიების დროს სხვა დრო და გარემო იყო. ბებიაჩემის და ბაბუაჩემის დროს ძალიან ბევრ დაავადებას სხვა მიმართლება ჰქონდა, დღეს სხვა გამოვლინებები აქვს. ელვის სისწრაფით ვითარდება მედიცინა და ოცი წლის წინ რომ ითვლებოდა დაავადება სიცოცხლისთვის შეუთავსებლად, დღეს არის პოტენციალი პაციენტის გადარჩენის. ამიტომაცაა გაუმართლებელი 20 და 30 წლის წინანდელი ლიტერატურით ვიხელმძღვანელოთ! (იხილეთ სტატია სრულად)
ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნატა იმედაშვილი:
- ყველაზე მეტად ჩემს პრაქტიკაში მხვდებიან მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ ბავშვი მსუქანია, ესე იგი ის ჯანმრთელია. ძალიან ხშირად ამ მიზნით მშობლები ბავშვებს აძალებენ საკვების მიღებას. მსუქან ბავშვს შესაძლოა შეექმნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მშობლები ამას სერიოზულად არ უყურებენ.
სალომე გორგოშიძე