ჩვენს მოზრდილ შვილებს ხან საკუთარი გარეგნობა არ მოსწონთ, ხან ხმა და ხანაც წონა რომელ ასაკშია ბავშვის მოვლა ყველაზე რთული? ამ კითხვაზე ყველა დედას გაუძნელდება პასუხის გაცემა, თუმცა სულ სხვაა, როცა ბავშვი ჯერ კიდევ ხელჩაკიდებული დაგყვება და სულ სხვა, როცა თავი უკვე ზრდასრული ჰგონია და მშობელი მის ყოველდღიურ ცხოვრების წესს ვეღარ აკონტროლებს. ჩვენს მოზრდილ შვილებს ხან საკუთარი გარეგნობა არ მოსწონთ, ხან ხმა და ხანაც წონა. მათ გამოსასწორებლად კი ბევრ შეცდომას ჩადიან. მედიცინის დოქტორი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი იმ საგანგაშო პრობლემებზე გვესაუბრა, რომელიც მოზარდებში ყველაზე ყურადღებამისაქცევია...
- ბატონო კოტე ტელევიზიით მკაცრად გააფრთხილეთ გოგონები რომ არ დაიბერონ ტუჩები ე ვიტამინით, რომელიც ერთგვარი მოდაა და ეს ძალიან საშიშია...
- ჩემი გამოცდილება სოციუმის თვალსაზრისით ნაკლებად გამოსადეგია, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით ვინც მოგვმართავს, გაგვიგია და შეხება გვქონია, ერთ-ერთი პრობლემა ეს არის - ე ვიტამინის არასწორი დანიშნულების მიხედვით გამოყენება! ახალგაზრდებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია თუ რას აკეთებდნენ, უბრალოდ ერთმანეთის წამხედურობით გადაწყვიტეს და იკეთებდნენ ასეთ მედიკამენტს, როგორიც არის ე ვიტამინი. E ეს ვიტამინი აფთიაქებში იყიდება, ამპულებშია და საკმაოდ ბლანტი სითხეა. იგი გამოიყენება ვიტამინოთერაპიის თვალსაზრისით და არავითარ შემთხვევაში ქსოვილების მოცულობის შემავსებლად... არ ვიცი ვინ მოიგონა, მაგრამ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ვიტამინი თითქოს ტუჩს საკმაოდ კარგ მოცულობას აძლევს და ტუჩში ჩვეულებრივი ნემსის მეშვეობით შეჰყავდათ... ვიზუალურად რასაკვირველია ტუჩი შეივსება ნებისმიერი სითხის შეყვანისას, მაგრამ როგორ კვალს დატოვებს და როგორ განვითარდება, ამაზე არ ფიქრობდნენ... შესაბამისად ასეთი პაციენტების რაოდენობა გარკვეულწილად დაგროვდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ მკურნალობის თვალსაზრისით და – ვაი დედას ძახილით... ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არანაირი პრეპარატის შეყვანა, არანაირ ზონაში (სახე იქნება თუ სხეული) სათანადო სპეციალისტის და სათანადო ჩვენებების გარეშე აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია! ეს ზუსტად იგივე აბსურდია, როგორც ლეღვის ფოთლის ნახარშით რუჯის ხარისხის მატება... ბევრად უფრო საშიშიც შეიძლება იყოს, რადგან შესაძლოა გამოუსწორებელი გართულებები გამოიწვიოს. რაც არის, მაგალითად ადამიანის დამახინჯება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! რასაც ჩვენ – ქირურგები და სამედიცინო სფეროს სპეციალისტები სამწუხაროდ ვერ ვშველით! შესაბამისად კატეგორიულად და ხაზგასმით უნდა გაჟღერდეს ეს სხვადასხვა წყაროების მეშვეობით, ერთხელ და სამუდამოდ ეს ინფრმაცია უნდა გახდეს ყველასთვის წვდომადი და როდესაც ამ თემაზე დადგება საუბარი ორ ახალგაზრდას შორის, ერთმა უნდა უთხრას მეორეს, რომ მე წაკითხული და გაგონილი მაქვს, ამის გაკეთება რომ არ შეიძლებაო! ამით ავიცილებთ თავიდან ბევრ ცუდ გართულებას, განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში, რომელიც საკმაოდ კარგი ასაკია ახალგაზრდობისთვის.
- გარდატეხის ასაკში მოზარდები მათ სხეულში მიმდინარე ცვლილებებს ძალიან მტკივნეულად განიცდიან... ყველაზე ხშირად რის გამოსწორებას ცდილობენ და როგორ?
- ესთეტიური თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე პრობლემა გარდატეხის ასაკში - 13- დან 19 წლამდეც კი, ძირითადია - ხმის ტემბრის ცვლილება ბიჭებში და გამონაყარი ბიჭებშიც და გოგონებშიც... ეს ორი პრობლემაა, რომელსაც ებრძვიან ახალგაზრდები და ძალიან განიცდიან. ხმის ტემბრის ცვლილება ვიზუალურად არანაირად არ არის გამოვლენილი და ბავშვები თავად ცდილობენ დაარეგულირონ და ნაკლები პრობლემაა ამ მხრივ. რაც შეეხება გამონაყარს და ამ ასაკისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს - ცხვირის აქტიურ ზრდა, სახის ფორმის რეაქტიული და სწრაფი ცვლილება თმიანობის გაჩენა, წვერის და ულვაშის გაჩენა, ადრე გაპარსვის დაწყება - ეს ის პატარა ნიუანსებია, რომელზეც ჩემი აზრით უნდა მუშაობდნენ სოციუმის იმ სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამ თემატიკაზე მეტად ინფორმირებულები არიან, ვიდრე მე და თქვენ ვართ! სავარაუდოდ ფსიქოლოგებს ეხებათ ეს და კარგი იქნება, რომ დაეხმარონ სკოლის ასაკის ბავშვებს ამ პრობლემების გადაჭრაში და სათანადოდ აუხსნან, რომ ეს არის გარდატეხის პერიოდი, ორგანიზმისთვის რთული პერიოდია როგორც ბ იოლოგიურად, ფიზიოლოგიურად და ასევე გარეგნულადაც. ჭირდება უბრალოდ მოცდა, ემოციური სიმშვიდე და სტაბილურობა!
- ძალიან მტკივნეულად რჩება ჭარბ წონასთან ბრძოლაც...
- დიახ, წონის პრობლემა არის, კი ბატონო! ამაზეც უნდა გაფართოვდეს აქცენტები და ხაზგასმით უნდა გამოიკვეთოს მისი პრობლემის შესახებ! ბევრი მშობელი არასწორად სვამს დიეტაზე თავის შვილს, თავის სურვილით და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დიეტების დანიშვნა! საშიშია ბავშვი აშიმშილო, ან ცილოვანი საკვები, ცხიმი თუ ნახშირწყლები შეუმცირო! აქ საჭიროა დაბალანსება! წვნიანის დაძალება კიდევ ცალკე გაუგებრობაა... ამ ყველაფერს ჭირდება ნუტრიციოლოგის, ენდოკრინოლოგის და იმ სპეციალისტების კონსულტაცია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უხვად არიან, ბავშვებს რომ მიხედონ გარდატეხის ასაკში, ისინი რომ ჭარბწონიანები არ იყვნენ! ჭარბი წონა ერთი პრობლემაა, რომელიც შესაძლოა ბავშვმა გადალახოს და გახდეს ნორმალური წონის, როდესაც იგი ზრდასრული გახდება და თავის თავზე შემდგომშიც იმუშაოს, მაგრამ ფსიქოლოგიური სტრესი, რასაც ეს პრობლემა უტოვებს, ბევრად უფრო რთული მისახედი და მოსავლელია, ვიდრე თვითონ ჭარბი წონა! ყოფილა შემთხვევები, როდესაც გოგონები (16-17 -18 წლის) მოუყვანიათ მშობლებს და გვეუბებიან იქნებ ლიპოსაქია გაუკეთოთ, ცხიმი ამოუღოთო... რა თმა უნდა, მათ უარით ვისტუმრებთ! Eეს არ კეთდება, გამორიცხულია! უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც შეიძლება გარკვეული ზონა როგორც პლასტიკურმა ქირურგმა დავუკორეგირო, (მხოლოდ და მხოლოდ მცირე მოცულობაზეა საუბარი!) იმისთვის რომ ადამიანს ზედმეტი კომპლექსები არ ჰქონდეს! დანარჩენი არის პაციენტის თვითშეგნების, ნუტრიციოლოგების, ენდოკრინოლოგების და დიეტოლოგების ერთობლივი, ძალიან მშვიდად დალაგებული, ერთობლივი სამუშაო! - საუბრის დასასრულს თუ შეიძლება გვითხრათ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე, რომლებიც თუნდაც ტუჩების დაბერვის შედეგად გამოწვეული... - ე ვიტამინის გამოყენების შედეგად ყველაზე მძიმე შემთხვევა ყოფილა როდესაც ტუჩი გამსკდარა. ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო, რადგან მექანიკურად ამის ამოდევნა, უჩხვლიტო ნემსი ტუჩზე და ის გამოვა, ასე აღარ ხდება! მთელ ქსოვილებშია გაჯირჯვული, იწყება ძალიან ძლიერი ანთებითი პროცესები, რაც იწვევს უკვე მეორადად ამ ზონის ინფიცირებას... ჩვეულებრივად და მარტივად გასაგებად რომ ვთქვათ – ტუჩი ლპება! ამის შემდეგ ჭირდება ძალიან მძიმე და ხანგძლივი მკურნალობა – ანტიბიოტიკები, სხვადასხვა ადგილობრივი საშუალებები და რა დარჩება ამ ყველაფრის შემდეგ არავინ არ იცის! ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენ დაგვჭირდა ძალიან დიდი ოპერაციების წარმოება, რომ დაგვებრუნებინა ტუჩისთვის თავის პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებული ფორმა! გარდა ამისა ხდება კაფსულირება, პატარ-პატარა ბურთულებად გადანაწილება ქსოვილების და გამოდის რომ ტუჩი სამ-ოთხ ნაწილად არის გაყოფილი! არათუ შევსებულია და ლამაზი, არამედ რამდენიმედ არის დაყოფილი! ეს კიდევ ცალკე კატასტროფული ვიზუალური შედეგია აი ამ არასწორი, არაარგუმენტირებული და სრულიად უაზრო პროცედურისა, რასაც ამ პრეპარატის ქვია ამ პრეპარატის არასწორი დანიშნულებით გამოყენება!
მანანა გაბრიჭიძე