რა საშუალებები არსებობს სიმაღლესში ზრდის ხელშემწყობად ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი ზრდასრულ ასაკში. რა საშუალებები არსებობს სიმაღლესში ზრდის ხელშემწყობად და რა ზომებს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვს გარკვეული შეფერხებები აღენნიშნება.
ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თამაზ გაბუნია მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს.
- რა დაავადებები უშლის მოზარდს სიმაღლეში ზრდას?
-პირველ რიგში გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორი, ასევე მამის და დედის სიმაღლე. თუ არის მათთან დაკავშირებული სიმაღლის პრობლემები, რა თქმა უნდა ის შთამომავლობაზეც აისახება. თუმცა, ამ ბოლო დროს სიმაღლეში ზრდის ტენდეცია შეჩერებულია. ამის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია. საერთოდ მსგავსი პრობლემები, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას იწყება. ფეხმძიმე ქალბატონები არ ღებულობენ იმ ძირითად ინგრედიენტებს, რაც ნაყოფს სჭირდება. რაც შეეხება სიტყვა "დისპლაზიას" , ეს დაავადება არაა, ეს არის ძვლების განუვითარებლობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ მუცლადყოფნის დროს დარღვეული ნორმებით, კალცისა და კვების დეფიციტით, გარემო ფაქტორებით და ა.შ. გარდა ამისა მომრავლდა საკეისრო კვეთები . ამ დროს ბავშვი ვერ ასწრებს ფიზიოლოგიურ განვითარებას. რატომღაც ქალბატონები, შიშის გამო თუ დისკომფორტის გამო, საკეისრო კვეთას არჩევენ, ეს კი პირდაპირ აისახება ბავშვის ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაზე. საუბედუროთ, როდესაც ასეთი ბავშვები მოჰყავთ ჩვენთან და გვაქვს სახეზე დისპლაზია, ანუ ძვლების განვითარების ჩამორჩენა, იძულებულები ვართ ჩავრთოთ მკურნალობაში კალცის გარკვეული პრეპარატები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 70-80% ბავშვებისა ძუძუთა კვებაზე არ იმყოფებიან. შესაბამისად, როცა ეს ფაქტორები ერთად იყრის თავს, ბავშვის ძვლებს აკლდება ის კომპონენტები, კალცი თუ ელექტროლიტები, რომელიც ძვლის ზრდას უწყობს ხელს. როდესაც ასეთი ბავშვები მოდიან ჩემთან და ვხედავ, რომ სახასარი განუვითარებელია, იძულებული ვარ ჩავრთო კალცი, მაგრამ ბავშვთა ასაკი ისეთია, რომ ძალიან ბევრი საზრდელი ძვალი და ხრტილებია, რომლებიც ხელს უწყობს ნულოვანი ძვლების ზრდას, კალცის ზედმეტი დოზის გამო, კი ნაადრევად იხურება საზრდელი ძვლები და ბავშვი სიმაღლეში ზრდას აჩერებს. ანუ, ჭარბად მიღებული კალცის პრეპარატები, გამომდინარე მისი აუცილებლობიდან, აფერხებს მოზარდის სიმაღლეში ზრდას.
- უშლის თუ არა ბავშვს სიმაღლეში ზრდას ხელს გლანდები? რა ვიტამინი შეიძლება მივცეთ ბავშვს, თუ 5 წლისაა და თავისი ასაკის ბავშვებს დაახლოებით მაქსიმუმ 5სმ–ით ჩამორჩება.
-არავითარი კავშირი არა აქვს ტონზილექტომიას და ნუშურა ჯირკვლების ანთებას სიმაღლეში ზრდასთან. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ არავითარი ვიტამინები და საკვები დანამატები, მითუმეტეს თუ გოგონაა, არაა სასურველი. ესაა კვებითი დანამატები და არავინ იცის რა მეორად გართულებებს გამოიწვევს ის მომავალში. მე გთავაზობთ სხვა, მარტივ მეთოდს: ესაა ცურვა და ღერძზე დაჭიმვა.
- რომელ სპეციალისტს უნდა მივმართოთ ბავშვის სიმაღლესთან დაკავშირებით?
-რა თქმა უნდა, ორთოპედთან. სპეციალისტმა აუცილებლად უნდა ნახოს, რა მდგომარეობაშია ხერხემალი, ტერფები და შესაბამისად დაინიშნოს მკურნალობა. მე მესმის, რომ მშობელი დაინტერესებულია შვილი ატაროს სპორტზე, ცეკვაზე, თუმცა არ ფიქრობენ იმას, არის თუ არა ეს ბავშვი ცეკვაზე მისაყვანი. როდესაც ბავშვი იბადება გარკვეული პრობლემებით, მისი ძვლოვანი სტრუქტურა არაა მზად ორთოსტატიული დატვირთვისთვის. ყალიბდება ბრტყელი ტერფი, ირღვევა ტანდეგობა, მრუდდება ხერხემალი და ბავშვიც სიმაღლეში სხვანაირად მიდის. 10-12 წლის მერე, თუ ზრდის პრობლემაა, აუცილებელია ჩავეძიოთ ანამნეზს, გენოფონს და გავარკვიოთ გვაქვს თუ არა საქმე გიპოკალცემიასთან.
- 9 წლის გოგონა თანატოლებს ჩამორჩება სიმაღლეში, რამე ვიტამინები ხომ არ უნდა მივცე ამ დროს? ან სპორტის რაიმე სახეობას ხომ არ გვირჩევდით?
-არავითარი ვიტამინები. 9 წლის გოგონაა და წინ ელოდება მენსტრუაციული ციკლის დაწყება და ამ ვიტამინებმა შეიძლება საერთოდ წაშალოს ჰორმონალური ფონი. ამიტომ გირჩევთ, მხოლოდ ცურვას.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ბავშვის ზრდის პრობლემის შემთხვევაში?
-კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჰორმონალური დანამატების, რადგან მან შეიძლება ხელი შეუწყოს ზრდას, მაგრამ შეცვალოს ჰორმონალური ფონი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ სპორტი, - ცურვა და კალათბურთი.
- შეიძლება სწორი მიდგომით ბავშვი იმაზე მაღალი გაიზარდოს, ვიდრე გენეტიკაში აქვს? რა არის ამისთვის საჭირო?
-რატომაც არა, კი ბატონო. თუ სწორ რეჟიმს შეურჩევთ, იქნება ეს სპორტი თუ სხვა ფიზიკური აქტივობა, ცურვა, ღერძი, კალათბურთი, რა თქმა უნდა შესაძლებელია.
- სპორტის რა სახეობა უწყობს ხელს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის სპორტის კონკრეტულ სახეობაზე მიყვანა?
- თუ მშობელი ღელავს ბავშვის სიმაღლეზე, 4 წლიდან უკვე შეუძლია ატაროს ცურვაზე. 5-6 წლიდან კალათბურთზე. რაც შეეხება ჰანტელებს და შტანგას, ეს კატეგორიულად იკრძალება.
- თუკი დედა და მამა არიან საშუალო სიმაღლის, სავარაუდოდ არც ბავშვები გაიზრდებიან მაღლები. ( არიან 4-5 წლისანი). უკვე უნდა ვიზრუნოთ ბავშვების სიმაღლეში მომატებაზე?
-არავითარ შემთხვევაში. დაანებეთ ბავშვებს თავი. კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ ბავშვი 10 წლამდე არ იზრდება, ეს კატასტროფა არაა. შეიძლება ჰორმონალური მომწიფების ასაკში, მან უცებ აიყაროს ტანი და 4, 5, 7 სანტიმეტრით მოიმატოს.
- უშლის თუ არა ხელს ხერხემლის მსუბუქი გამრუდება მოზარდის სიმაღლეში ზრდას?
-რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ბავშვის სიმაღლეში ზრდის შეჩერებისა არის ხერხემლის დეფორმაცია, რომელიც გვხვდება სამი სახით. ესენია: სქოლიოზი, კიფოზი და ლორდოზი.
- რომელ ვიტამინს გვირჩევთ ზრდისათვის?
- არ ვარ მომხრე დანამატებისა და ვიტამინების. საუკეთესო და ბუნებრივი საშუალებაა სტაფილო. სტაფილოს წვენი იდეალურია, რადგან მასში შედის კაროტინი, (K) ვიტამინი და აუცილებელიცაა მოზარდისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მოზარდებში და მითუმეტეს გოგონებში, ბიოსტიმულატორების დამატების.
წყარო: ambebi.ge