ამ სასტიკი მეთოდით ბავშვთა დანაშაულისა და მაწანწალობის სამარცხვინო სტატისტიკას ებრძოდნენ 1935 წლის 7 აპრილს სსრკ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - არასრულწლოვნებში რომ დანაშაულის დონე შეემცირებინა, 12 წლიდან უკვე დასაშვები გახდა ბავშვებისთვის სასჯელის ყველა ზომა, მათ შორის - დახვრეტაც.
ბავშვის დახვრეტა შესაძლებელი იყო ქურდობისთვის, სხეულის დაზიანებისთვის, მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობისთვის.
ამ სასტიკი მეთოდით სტალინის მთავრობა ბავშვთა დანაშაულისა და მაწანწალობის სამარცხვინო სტატისტიკას ებრძოდა. ეს მაჩვენებელი გაუკუღმართებული საშინაო პოლიტიკის ბუნებრივი შედეგი იყო. იძულებითმა კოლექტივიზაციამ, შიმშილობამ და მასობრივმა რეპრესიებმა უამრავი ბავშვი დატოვა უმშობლოდ, უპატრონოდ და უსახლკაროდ, რაც თავის მხრივ მოზარდთა დანაშაულის სტატისტიკას ზრდიდა.
მაშინდელ საბჭოთა კავშირში 12 წლის მოზარდები ბავშვებად არ აღიქმებოდნენ. ამ ასაკში ისინი ჩვეულებრივ მიეკუთვნებოდნენ შრომით რეზერვებს და ფიზიკური შრომაც ევალებოდათ. ვინაიდან ბავშვები აღარ ერქვათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც სრულწლოვანების მსგავსად მოეთხოვებოდათ. გარდა ამისა, არასრულწლოვნებს დამნაშავეთა სამყაროც იყენებდა მათ თავისი ბნელი ზრახვებისთვის, რადგან 1935 წლამდე ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იზიარებდნენ.
ეს დადგენილება მრავალი წელია რუსეთში დავის საგანია. ეს დავა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძფრდა, რაც რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, რომ სტალინმა 12 წლის ბავშვების დახვრეტის ბრძანებას მოაწერა ხელი.
სხვათა შორის, სტალინის შვილიშვილმა ევგენი ჯუღაშვილმა ცილისწამებისთვის განაპოლსკის უჩივლა და ამ ინფორმაციის სიცრუედ გამოცხადება მოითხოვა. სასამართლომ კი მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც ბევრმა ამ საშინელი ინფორმაციის ნამდვილობის ირიბ მტკიცებულებად მიიღო.
არაერთმა რუსმა თუ უცხოელმა მკვლევარმა მიაგნო სასამართლო წარმოების დოკუმენტებს, სადაც არასრულწლოვნების მიმართ დახვრეტის განაჩენი განიხილებოდა, თუმცა კონკრეტული ფაქტები, ვინ დასაჯეს სიკვდილით 12-14 წლის ასაკში, დღემდე არ გახმაურებულა. ჯუღაშვილის მოპასუხე მხარემ მხოლოდ 4 ფაქტის წარმოდგენა შეძლო, სადაც 16 და 17 წლის ახალგაზრდების დახვრეტა იყო დაფიქსირებული. "ეხო მოსკვის" წარმომადგენლის სერგეი ბუნტმანის განცხადებით, ეს ფაქტები მხოლოდ აისბერგის წვერია. "ეს ოთხი ახალგაზრდა რეაბილიტირებული იყო და ამიტომაც მათ შესახებ მონაცემები სახელმწიფო არქივში ინახებოდა. მაგრამ არსებობს უამრავი არარეაბილიტირებული და გაუხმაურებელი შემთხვევა, რომელიც შსს-ს არქივებში ინახება და მათი მოპოვება თითქმის შეუძლებელია", - ასე ხსნიდა ბუნტმანი კონკრეტული ფაქტების არარსებობას. მართალია, ვერავინ ამტკიცებს, რომ არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, თუმცა ამის იურიდიულად დაკანონებული შესაძლებლობა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
ერთადერთი საბჭოთა მოზარდი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს
1964 წელს ლენინგრადში განსაკუთრებული სისტაკით მოკლეს 37 წლის ქალი ლარისა კუპრეევა და მისი 3 წლის ვაჟი. დამნაშავემ ისინი ნაჯახით აკუწა, გაიტაცა ფული და ფოტოაპარატი. შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და ასე სცადა კვალის დაფარვა. მკვლელი 3 დღეში დაიჭირეს. ის 15 წლის ლენინგრადელი არკადი ნეილანდი აღმოჩნდა. ბიჭი ინტერნატში გაიზარდა, საიდანაც სისტემატურად გარბოდა. 14 წლიდან შრომით საქმიანობაში ჩააბეს, რომელსაც მუდმივად თავს არიდებდა. ის წვრილმანი ხულიგნობისთვის მილიციამ არაერთხელ დააკავა, თუმცა საქმე სასამართლომდე არასოდეს მისულა. ნეილანდი მკვლელობამდეც რამდენიმე დღით ადრეც დააკავეს ქურდობისთვის, თუმცა გაქცევა მოახერხა. როგორც შემდეგ დაკითხვისას განაცხადა, ძებნაში მყოფს შურისძიება უნდოდა და ამიტომ ჩაიდინა ეს საშინელი დანაშაული. გარდა ამისა, ფული სჭირდებოდა, რათა ზღვაზე სოხუმში გამგზავრებულიყო. მსხვერპლი შემთხვევით შეარჩია - მდიდრულ სახლს ეძებდა. სწორედ ასეთად მოეჩვენა ტყავგადაკრული შესასვლელი კარი. ნეილანდმა კუპრევას თავი ფოსტის მუშაკად წარუდგინა, ქალმაც ბინაში შეუშვა. დაკითხვაზე ისიც აღიარა, რომ დახოცილი დედ-შვილის დასახიჩრებულ ცხედრებს იქვე ნაპოვნი ფოტოაპარატით სურათებიც გადაუღო - მოგვიანებით ფოტოების გაყიდვას აპირებდა.
მკვლელი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და იმედი ჰქონდა, რომ ყველაზე საშინელი სასჯელი არ ელოდა. მართლაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით 15 წლის მოზარდს დახვრეტა არ ემუქრებოდა... თუმცა სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ სასწრაფოდ მიიღო დადგენილება, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებას უშვებდა. როგორც შემდეგ ახსნეს, დადგენილება მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ნიკიტა ხრუშოვმა "მშრომელთა თხოვნის" საფუძველზე მიიღო. 1964 წლის 23 მარტს საზოგადოების, იურისტების და საერთაშორისო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, არკადი ნეილანდი სიკვდილით დასაჯეს. ამბობენ, რომ მაშინდელი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ლეონიდ ბრეჟნევიც ამ განაჩენის წინააღმდეგი იყო.
სხვა ქვეყნებში
1990 წლიდან 2007 წლამდე მსოფლიოში 56 არასრულწლოვანი დასაჯეს სიკვდილით. ეს განაჩენი ირანმა, იემენმა, ჩინეთმა, კონგოსმ, ნიგერიამ, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და აშშ-მა მოიყვანეს სისრულეში. ამერიკაში მომხდარი ფაქტი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ტრაგიკული იყო
მომზადებულია რუსულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით
იხილეთ ასევე:
ყველაზე პატარა სიკვდილმისჯილის ტრაგედია - ამბავი, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ).
რატომ მოკლა ბავშვმა დედ-მამა - ყველაზე დაუნდობელი მკვლელი ბავშვები