იემენში მცირეწლოვანი გოგონების უფროს მამაკაცებზე გათხოვება დიდი ხნის დამკვიდრებული პრაქტიკაა 8 წლის იემენელი გოგონა ქორწინების პირველ ღამეს ემსხვერპლა. მიზეზი სასქესო ორგანოების ძლიერი დაზიანება გახდა, რამაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია.
იემენში მცირეწლოვანი გოგონების უფროს მამაკაცებზე გათხოვება დიდი ხნის დამკვიდრებული პრაქტიკაა. იქ გოგონების ერთი მეოთხედს მშობლები 15 წლამდე ასაკში ათხოვებენ.
2010 წელს მშობირობისას 12 წლის გოგონა დაიღუპა. ის სამი დღის განმავლობაში მშობიარობდა. მსგავსი ფაქტები იემენში სისტემატურად ხდება, თუმცა მათ ოფიციალურ დონეზე არ აფიქსირებენ, მით უმეტეს, ვითარების გამოსასწორებლად არაფერი კეთდება. მცირეწლოვანი დედების მიერ გაჩენილი ბავშვებიც არასრულფასოვნები არიან და ხშირად იღუპებიან კიდეც.
ასეთი ქორწინება სინამდვილეში გარიგებაა, რომლის შენიღბვასაც არავინ ცდილობს - ოჯახს ვალი აქვს, ფულის მაგივრად კი მევალეს ქალიშვილს "გაატანს", მერე რა, რომ 5 წლისაა, მისი დიდი ბებიაც ამ ასაკში გათხოვდა. სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს ერთი სული აქვთ, კიდევ ერთი მჭამელი მოიცილონ სახლიდან. თან ისე, რომ ოჯახის სახელი არ შეილახოს, სასიძოს კი ერთი რამ მოეთხოვება - რაც შეიძლება გულუხვად გადაუხადოს საპატარძლოს მშობლებს.
ნაადრევ ქორწინებებს ადგილობრივები შემდეგი არგუმენტით ხსნიან - გოგონას დაცვა სჭირდება, თუ არადა შეიძლება უბიწოება ქორწინებამდე დაკარგოს, რაც ოჯახისთვის დიდი სირცხვილია. ქმარი ან მისი ოჯახი ვალდებულია სქესობრივ მომწიფებამდე საკუთარი შვილივით იზრუნოს მცირეწლოვან პატარძალზე, ეს კი პატარძლის ღატაკი ოჯახისთვის დიდი შეღავათია.
ბავშვთა ქორწინებები ყველაზე ხშირია ინდოეთში, იემენსა და ავღანეთში. მხოლოდ ინდოეთი კრძალავს ამ ცერემონიას და კანონით სოლიდური ფულადი ჯარიმაცაა დაწესებული. ეს ქვეყნები ცოტა ხნის წინ იმ ქვეყნების რეიტინგშიც მოხვდნენ, რომლებშიც ჯობს, კაცად დაიბადო, რადგან ქალობა იქ ნამდვილი ტრაგედიაა.