თუ გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენგანის როლს პლანეტის დაბინძურების საკითხში, მივიღებთ ოდნავ უკეთეს გარემოს სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო კამპანიას წავაწყდით. მარათონის წესები ასეთია: 7ივლისიდან 21 სექტემბრამდე (ამ დღეს არის პლანეტის საერთაშორისო დასუფთავების დღე). ნებისმიერ დროს, ერთი კვირის განმავლობაში თქვენ არ ყრით თქვენი ოჯახის მიერ გამოყენებულ პლასტიკურ ნარჩენებს (ბოთლები, პარკები, პლასტიკური ყუთები, შამპუნის ფლაკონები და ა.შ.), ხოლო ერთი კვირის თავზე უღებთ ამ ნარჩენებს სურათს და ათავსებთ საგანგებო გვერდზე ფეისბუქზე, და იწვევთ სხვას ამ მარათონში.
გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით მარათონის ორგანიზატორს, ეკოსტუდია „მეღაპრეების“ დამფუძნებელ ინგა ბაშიროვს, რომელიც გვეტყვის, რა არის აქციის მთავარი მიზანი და რა სარგებელის მოტანა შეუძლია ამ წამოწყებას თითოეული ჩვენგანისთვის.
- რეალურად რა საფრთხეს შეიცავს ბუნებისთვის პლასტიკური ნარჩენები?
- ყველამ ვიცით, რომ მაგალითად, პლასტიკური ბოთლის ბუნებაში დაშლას შეიძლება დასჭირდეს 500 წელიწადზე მეტი. ამავე დროს, სამწუხაროდ, დღეს პლასტიკატი უალტერნატივო და იაფი მასალაა, რომლის გამოყენებას ჩვენ ვერ ავცდებით. მაგრამ თუ გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენგანის როლს პლანეტის დაბინძურების საკითხში, მივიღებთ ოდნავ უკეთეს გარემოს ყოველ ჯერზე.
- არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი მეორადი ნარჩენების გადამუშავება და მათი სასარგებლოდ გამოყენება?
- რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებელი ყველგან, სადაც არის ამის ნება და სურვილი. ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა დაფუძნებულია ზუსტად იმ აზრზე, რომ ნარჩენების გადამუშავების უტილიზაციის ან სერპარაციის საკითხები აქტიურად უნდა წამოიწიოს მოსახლეობაში. არც ერთი უწყება, ბიზნესის წარმომადგენელი თუ დონორი ორგანიზაცია არ იქნება დაინტერესებული ჩვენი სუფთა მომავლით ჩვენზე მეტად. სწორედ რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა შექმნას გარემო, სადაც ისინი, ვისაც ევალება მსგავსი საკითხების გადაწყვეტა, იძულებულნი გახდებიან გადადგან რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით.
- როგორ შეგვიძლია დავუბრუნოთ „ახალი სიცოცხლე“ გადასაყრელად გამზადებულ ნივთებს?
- აგვისტოს ბოლოს სტარტს იღებს ჩვენი პროექტი, რომლის მეშვეობით თბილისის და რეგიონარულ სკოლებში აიგება ადაპტირებული მეურნეობების ინფრასტრუქტურები პლასტიკური ნარჩენების გამოყენებით. მაგალითად, თბილისის 23-ე სკოლაში, ამავე სკოლის მოსწავლეების მიერ სკოლის ტერიტორიაზე განთავსდება სათბური ზუსტად იმ ბოთლებისაგან, რომლებსაც ჩვენ მარათონის შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობისას შევაგროვებთ. ამ პროექტს ჰქვია „პლასტიკური ნარჩენები მეორე სიცოცხლისათვის“.
- თვით მარათონის, Free Plastic Life-ის იდეა როგორ გაჩნდა?
- ჩვენ კარგა ხანია, საყოფაცხოვრებო და ეკონარჩენებისგან ვქმნით ეკო-არტ ინსტალაციებს, ვალამაზებთ ხეებს ტყეებში, პარკებსა და თბილისის ქუჩებში. ამით ვცდილობთ ხეებსაც მივაქციოთ ყურადღება. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესის უშუალო მონაწილეები ბავშვები არიან. „ჩვენი ზღაპრის“ ხეები იძენენ პატრონს, ბავშვებს სკვერებში მიაქვთ წყალი, რწყავენ ხეებს და თამაშის რეჟიმში სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვას. ამასთან ერთად, პატარა „მეზღაპრეები“ ცდილობენ გამოიყენონ თითო პლასტიკური ბოთლი თუ ყუთი არტობიექტის შესაქმნელად.
საქმიანობის პერიოდში თანდათან გავაცნობიერეთ, თუ რამდენი ნაგავი ყრია ჩვენს ქუჩებსა და ტყეებში. გადავწყვიტეთ, პირობითად დავითვალოთ თუ რა ტერიტორიას ანაგვიანებს საქართველოს მოსახლეობა გარკვეული დროის მონაკვეთში. შემდეგ მოხდა ისე, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დამზადებული ჩვენი არტინსტალაციები ნახა საერთაშორისო ორგანიზაციის MY FREE PLASTIC LIFE-ის დამფუძნებელმა ბეტი ტერიმ და შემოგვთავაზა თანამშრომლობა. ბეტის აქვს ინტერნეტ-პორტალი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ადამიანები ერთად ცდილობენ შეამცირონ მათ მიერ გამოყენებული პლასტიკური ნარჩენების რაოდენობა. ჩვენი მარათონი ეხმაურება ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ აქციას.
- საბოლოოდ რა მიზანს ემსახურება ეს წამოწყება?
- მიზანი ადვილად ამოსაცნობია - ბუნების დაბინძურებასთან ბრძოლის საკითხები უნდა წყდებოდეს არა მხოლოდ სადღაც სართაშორისო კონფერენციებზე. ყოველივე ჩვენგანმა უნდა გაიაზროს, თუ რა ეკოლოგიურ კვალს ტოვებს დედამიწის ზურგზე. ამიტომ ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ყველა ერთად შევძლებთ რეალურთან მიახლოებული ციფრების დადებას და ამით ვუბიძგებთ მოსახლეობას. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, რა გარემოს დავუტოვებთ მომავალ თაობებს.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე