მამას 20-წლიანი პატიმრობა ელოდა პატარა შაიენ ოუენსბი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონა დედასთან იზრდებოდა, რომელიც მეუღლეს გაეყარა. ერთხელაც, 8 თვის შაიენი ცოტა ხნით მამას დაუტოვეს...
განქორწინების შემდეგ მამა შაიენს ხშირად ნახულობდა და თავისთანაც მიჰყავდა. იმ დღესაც დედამ ჩვეულებრივ გააყოლა პატარა მამას, მაგრამ ერთ საათში საშინელი ამბავი აუწყეს - შაიენი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა.
როგორც აღმოჩნდა, მამასთან მარტო დარჩენილმა პატარამ ტირილი დაიწყო. მამა ბავშვის დაწყნარებას ვერაფრით ახერხებდა და გაბრაზებული ღონივრად ანჯღრევდა. ამდენი ნჯღრევისგან შაიენი არათუ გაჩუმდა, სუნთქვაც საერთოდ შეწყვიტა... მამამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
ექიმებმა ბავშვს კრიტიკულ სიტუაციაში მოუსწრეს. მას თავის ქალის ფუძის მოტეხილობა და ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინეს.
რომ გადაერჩინათ, თავის ქალა ახადეს, რათა ტვინზე ზეწოლა შეემსუბუქებინათ. ექიმები დიდ იმედს არ იძლეოდნენ და გოგონას დედას ეუბნებოდნენ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთო. საბედნიეროდ, გოგონას ორგანიზმმა ამ ყველაფერს გაუძლო და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ კლინიკიდანაც გაწერეს, თუმცა ძველებულ სრულფასოვან ცხოვრებას ის ვეღარასოდეს დაუბრუნდება.
"პირველად რომ ვნახე კლინიკაში, სულ დოლბანდში იყო გახვეული. ცალი ფეხი თრომბისგან გალურჯებული ჰქონდა. ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ ჩემი სიცოცხლე წაეღო შაიენის მაგივრად. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანმა, რომელიც სკოლის მერხიდან მიყვარდა და ვისაც ცოლად გავყევი, ჩვენს გოგონას ასეთი საშინელება დამართა", - იხსენებს დედამისი.
გოგონას მამა 28 წლის ჯეიმს დევისი დააპატიმრეს. ის უარყოფდა დანაშაულს, მაგრამ აღიარა, რომ დასაწყნარებლად ანჯღრევდა ბავშვს. გოგონას სიკვდილის შემთხვევაში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდა, მაგრამ რადგან ბავშვი გადარჩა, სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა არგუნა.
შაიენი დღეს 3 წლისაა. თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მარჯვენა ხელი და ფეხი უმოქმედო აქვს.
ეს ამბავი ყველა მშობლისთვის გაკვეთილია. ზოგჯერ გაბრაზებულები, უძილოები, ბავშვის დაძინებას ვჩქარობთ და შეიძლება უხეშად ვანჯღრევთ. არადა ნებისმიერი უხეში მოძრაობით შეიძლება სამუდამოდ დავუმახინჯოთ ჩვენს პატარას ცხოვრება.