15 წლის გოგონა მხოლოდ იმიტომ გაასამართლეს, რომ მისი ძმა გათხოვილ ქალთან ერთად გაიქცა ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში 23 წლის მინაკში კუმარი და მისი 15 წლის და იმის გამო გაასამართლეს, რომ მათი ძმა გათხოვილ ქალთან ერთად გაიქცა. გოგონებს გაუპატიურება მიუსაჯეს.
კუმარების ოჯახი დალიტების უმდაბლეს კასტას განეკუთვნება. მათ ძმას კი ჯატების შედარებით მაღალი კლასის ქალი შეუყვარდა. ქალი მაინც გაათხოვეს, ძალით, თუმცა ერთ თვეში მიჯნურთან ერთად გაიქცა.
მაშინვე შეიკრიბა სოფლის საბჭო, რომელშიც მხოლოდ მამაკაცები შედიან, და გადაწყდა, რომ აუცილებელია გოგონების გაუპატიურება და საჯაროდ გაშიშვლება, რომ "ძმის საქციელის გამო პასუხი აგონ".
კიდევ კარგი, გოგონებმა ნათესავებთან ერთად სულ რამდენიმე დღით ადრე მოასწრეს სოფლის დატოვება და ახლა სამართალდამცველები ჩაერთნენ მათი დაცვის საქმეში. თუმცა ყველას მათსავით როდი "უმართლებს" - ინდურ სოფლებში უძველესი და საკმაოდ სასტიკი ტრადიციები კვლავაც გრძელდება. სახელმწიფო ჯერჯერობით ვერ ახერხებს სოფლების შიდა ამბებში ჩარევას და სოფლის საბჭოს წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუტანიათ ჯგუფური გაუპატიურების, მკვლელობის თუ ოჯახის მოკვეთის გადაწყვეტილება. როგორც წესი, მსგავს განაჩენს გოგონები ეწირებიან ხოლმე, რომლებიც ყველაზე უსუსურები და დაუცველები არიან.