ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა საყვარელი ადამიანის დაღუპვა ტელეფონით აცნობეს ეკატერინე ყიფიანი ამ ქვეყანას მას შემდეგ მოევლინა, რაც ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი დავკარგეთ - ის 2001 წელს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა... ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა საყვარელი ადამიანის დაღუპვა ტელეფონით აცნობეს. ეს ტრაგედია მისთვის დღემდე წარუშლელ ემოციად რჩება. თუმცა, ამ სიცარიელეს კატოს წყალობით ივსებს. 17 სექტემბერს უბედური შემთხვევიდან 12 წელი გავიდა... უმშვენიერესი ქალბატონი - ნანა საკუთარი სიყვარულის ამბავს გვიყვება, 11 წლის კატო კი საკუთარი საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს.
კატო:
- პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობ. მეექვსე კლასში ვარ, პარალელურად კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული თეატრალური სტუდიის მსახიობი გახლავართ. ჩვენი რეჟისორი გიორგი აფხაზავაა, მეტყველების პედაგოგი კი ზორა ეგუტია. მსახიობობა სერიოზულად მაქვს განზრახული და იმედია, ჩემს გეგმებს აუცილებლად განვახორციელებ. სცენა უზომოდ მიყვარს. ეს ის ადგილია, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე. მეუბნებიან, - კარგი მონაცემები გაქვსო. რეპეტიციები, სცენაზე გამოსვლა უდიდეს სიხარულს მანიჭებს. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მეორე სახლი და ჩემი სამყაროა, ყველაფერი მომწონს - პედაგოგებიც, ბავშვებიც. ამა თუ იმ როლის მორგება საკმაოდ იოლად შემიძლია.
- რას ნიშნავს შენთვის, იყო იმ დიდი ფეხბურთელის ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე უდიდეს პატივს სცემს და ნომერ პირველ ფეხბურთელად მიიჩნევს?
- სამწუხაროდ, მამა არ მინახავს, მაგრამ როდესაც ხალხს ვეუბნები, რომ დავით ყიფიანის შვილი ვარ, ყველას უკვირს და აღფრთოვანებულები მეკითხებიან: იცი, მამაშენი ვინ იყოო?! ამით ძალიან ვამაყობ! მას ძალიან ვამსგავსებ ჩემს ბიძას - გოგი ყიფიანს, რომელიც უზომოდ მიყვარს, ჩემზე დიდი ამაგი აქვს. სამი ძმა მყავს - ლევანი, ნიკუშა და გიორგი, მაგრამ ნიკუშა ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს ძმებთან და მათ შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მსოფლიოში ყველაზე კარგი მამიდა ხარო, - მეუბნებიან (იცინის). ნიკუშას შვილი - ირინკა ზუსტად ჩემი ხნისაა, ლევანის შვილები კი დათი და ზუკა არიან. ვერ გადმოგცემთ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომ დავით ყიფიანის შვილი ვარ.
ნანა:
- დათოს შვილები ძალიან მიყვარს, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კატოს ძალიან ამსგავსებენ დათოს: გარეგნობით მას ჰგავს და თქვენ წარმოიდგინეთ, სურნელიც კი მისი ასდის. ზოგჯერ ისე გაირბენს, როგორც დათო მირბოდა ხოლმე. ნიკუშაც ამას ამბობს. ვისურვებდი, ჩემი კატო ისეთივე ღირსეული ადამიანი გაიზარდოს, როგორიც დათო გახლდათ. გონიერი და ნიჭიერი გოგონაა. სასახლეში სპექტაკლს რომ ვუყურებდი, ვამბობდი: ნეტავ, კატოს მსახიობური მონაცემები ვისგან გამოჰყვა-მეთქი? ნიკუშამ მითხრა, - როგორ, დათო მსახიობი არ იყო სტადიონზე? მამამისს ჰგავს, ისიც მაესტრო იყო მოედანზე და კატოს პირველი როლიც მაესტროაო! შარშან მაესტრო განასახიერა, ახლა კი შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარში" სერიოზული როლი მისცეს. როცა კატო სცენაზე დგას, მე ვნერვიულობ, თვითონ კი ისე უკომპლექსოდ დგას, სულ მიკვირს. კატოს დათოს მსგავსად, სხვანაირი ხიბლი აქვს, ადამიანებს იზიდავს.
- ქალბატონო ნანა, თქვენ და დათო ყიფიანმა როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- 1999 წლის 29 აგვისტოს გავიცანი. ეთერ კაკულია ჩემი კარის მეზობელი იყო. ის ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანია. მას ქუთაისში სიმღერის პრეზენტაცია ჰქონდა და იქ მისი ოჯახის წევრებთან, კომპოზიტორებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად წავედით. მაშინ დათო "ტორპედოს" მწვრთნელი იყო და როცა დილით რესტორანში ვსაუზმობდით, გვესტუმრა. ამის შემდეგ მოწამეთაში დაგვპატიჟა, სადაც ვარდების უზარმაზარი თაიგული დამახვედრა და ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა - "გაზაფხული შემოსულა, ლენ" მიმღერა. როგორც პატარა ბიჭი, ისე იქცეოდა. ძალიან მომხიბვლელი იყო და ეს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. როგორც ქალს, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. გვერდიდან არ მშორდებოდა და როცა იქიდან წამოვედით, დამირეკა: ხვალ დილით თბილისში ჩამოვდივარ და უნდა გნახოო. - ჩემ გამო ნუ ჩამოხვალთ-მეთქი, - ვუთხარი, მაგრამ - რას ამბობთ, მე თბილისელი ვარ და ნუ დამიშლით მანდ ჩამოსვლასო (იცინის). მაშინ ჩემს ძმასთან, დიდუბეში, საგურამოს ქუჩაზე ვცხოვრობდი და ის ადგილი, სადაც მე და დათოს პაემნები გვქონდა ხოლმე, ახლა დათო ყიფიანის სახელს ატარებს. პირველად სწორედ იქ შევხვდით და მერეც ხშირად მაკითხავდა. უზარმაზარი ვარდებით სავსე მანქანით მოდიოდა ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყვავილები შენახული მაქვს: საგანგებოდ გავახმე და შვილებს ვეუბნები: როცა გარდავიცვლები, ჩემი დათოს ნაყიდი ვარდები გულზე დამაყარეთ-მეთქი. მისი ყველა ნივთი აქ მაქვს. მაგალითად, ვინახავ სიგარეტის ნამწვავს, რომელიც ბოლოს მოსწია; სვიტერს, რომელიც ბოლოს ეცვა და მისი სურნელი კარგა ხანს ჰქონდა... განაგრძეთ კითხვა