ქართველ მამაკაცზე უფრო რომანტიკულ და გაბედულ მამაკაცს ვერსად ნახავთ ახალგაზრდა უკრაინელმა ჟურნალისტმა, იულია დრინმა ცნობილ ჟურნალ The People-ს უამბო, თუ როგორ გაჰყვა ცოლად ქართველს და რა გამოვიდა აქედან. მაშ ასე, როგორ ხედავს უცხოელი გოგონა ქართველის ცოლობას.
"ისე მოხდა, რომ ჩემი ქმარი ქართველია და ეს ჯერ არც ერთხელ არ მინანია. ყველა ქალი ეძებს შესაფერ ცხოვრების თანამგზავრს. ზოგს "ცხელი" ესპანელები მოსწონს, ზოგს - ორგანიზებული და მიზანდასახული გერმანელები, მაგრამ გულის სიღრმეში თითოეული ჩვენგანი (თავგამოდებული ფემინისტიც კი) ოცნებობს ძლიერი და ტემპერამენტიანი მამაკაცის გვერდით ყოფნას. და თუ მისი გვარი მთავრდება "ძე"-ზე ან "შვილ"-ზე, მშვიდად იყავი, რადგან სწორედ ის გიპოვია, ვისაც ეძებდი, სწვდი პასპორტს და გაიქეცი ხელის მოსაწერად.
თუ თქვენი ქმარი ქართველია, მზად იყავით, რომ მეგობრების კომპანიაში, მაღაზიაში, ტუალეტის რიგში - ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ ერთად, ყველა ქალის მზერა თქვენკენ იქნება მომართული. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი ის პირველ წინადადებას წარმოთქვამს ქართული აქცენტით, ასეთი ყურადღება გარანტირებული გაქვთ.
თავიდან ამას დიდხანს ვეჩვეოდი, რამდენიმე ასეთი "რიგის" მერე კი უბრალოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას.
თუ თქვენი ქმარი ქართველია, მაშინ კანფეტურ-ყვავილოვანი პერიოდი თქვენს ქორწინებაში არასდროს დამთავრდება, ისინი ხომ დაბადებიდან რომანტიკოსები არიან და თავიანთი ქალების გაოცება მათი ჰობია.
"მილიონ, მილიონ ალისფერ ვარდს ხედავ ფანჯრებიდან". ყველამ იცის პუგაჩოვას ეს ცნობილი სიმღერა, მაგრამ ცოტამ თუ იცის რეალური ამბავი, რომელზეც დაიწერა ეს სიმღერა. აქაც ხომ შეყვარებული ქართველი მხატვრის ამბავი იყო, რომელმაც სახლი გაყიდა და მთელი ფულით მილიონი ალისფერი ვარდი იყიდა მიჯნურის გასაოცებლად... ის ამბავი მაშინ მაინც უპასუხო სიყვარულით დასრულდა, მაგრამ ძვირფასო გოგონებო, თუ ერთხელ ფანჯრიდან დაინახავთ მილიონ ალისფერ ვარდს (ან თუნდაც თვეში ერთხელ გაგეღვიძებათ ვარდების თაიგულთან), შეუშვით თქვენს გულში ქართველი ამურის ისრები.
თუ თქვენი ქმარი ქართველია, არ გაოცდეთ, თუ ის სწრაფად და დამაჯერებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ისეთ გადაწყვეტილებებსაც კი, რომლებსაც ბევრი მამაკაცი მთელი ცხოვრება ვერ ბედავს.
ყველა გოგონას მიაჩნია, რომ ცხოვრების მეგზურთან შეხვედრა ზეცაში იგეგმება. ბუნებრივია, მეც არ ვარ გამონაკლისი. ჩვენ ერთმანეთი ეგვიპტეში დასვენების დროს გავიცანით. კოქტეილები, ზღვა, პალმები... და როგორც ჩანს, მზემაც დაგვარტყა თავში. ფაქტია, რომ თავი დავკარგე და შემიყვარდა. პაემნები სახურავზე, კოცნა ვარსკვლავების ქვეშ, ცეკვები და გაცნობიდან მესამე დღეს ნათქვამი ფრაზა: "იულ, გამომყვები ცოლად?"
"ჩვენ რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ?" - ვუპასუხე მას მერე, რაც ძლივს დავიბრუნე ლაპარაკის უნარი.
"მერე, მე კიევში გადმოვალ საცხოვრებლად, რა პრობლემაა?!" - ისევე მშვიდად განაგრძო. და გადმოვიდა კიდეც. ამგვარად, ჩვენი საკურორტო რომანი დავასრულეთ ცოლქმრობით. და ყველაფერი ჩემი "მთის არწივის" გამბედაობისა და სიმამაცის წყალობით.
და ბოლოს, თუ თქვენი ქმარი ქართველია, საკითხი "სად წავიდეთ დასასვენებლად" საბოლოოდ გადაჭრილი იქნება. მას ხომ მილიონი სტუმართმოყვარე მეგობარი, ნათესავი და მეგობრის ნათესავი ჰყავს მთელ საქართველოში, რომლებიც მზად არიან გიმასპინძლონ და გამოგკვებონ შინაური ყველით, მწვადებით, ღვინითა და სხვა გემრიელობებითმ რომლებიც ზედმეტი კილოგარმებით ემუქრებიან თქვენს სხეულს.