საქმით პოლიციაც დაინტერესდა და დედის ნაამბობის თანახმად...
ეს ვიდეო მართლაც გამაოგნებელია ნებისმიერი მშობლისთვის. კიდევ კარგი, მშვიდობიანად მთავრდება. თუმცა კიდევ ერთხელ შეახსენებს მშობელს, რომ აუცილებლად იყოს ფრთხილად და არასდროს დაავიწყდეს სიფხიზლე.
ვიდეო რუსეთის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსზეა გადაღებული 20 სექტემბერს, ოღონდაც, 1 ოქტომბერს გავრცელდა და პირველივე დღეს ათასობით ადამიანმა ნახა. კადრებში ჩანს, ბავშვი როგორ გამოდის ფანჯრიდან და რაფაზე დასეირნობს. მერე კი ასევე წყნარად ბრუნდება უკან... ვიდეორგოლი უამრავმა ადამიანმა ნახა, გააოგნა ინტერნეტმომხმარებელიც და პოლიციელებიც. აღმოჩნდა, რომ ვიდეო ქალაქ მიასში იყო გადაღებული. სანახაობა მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებმა შენიშნეს და მაშინვე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, თან ფირზეც აღბეჭდეს ფაქტი.
მოგვიანებით ბავშვის დედასაც მიაკვლიეს ჟურნალისტებმა (სახელს არ ახმაურებენ). როგორც მან თქვა, იმ დროს სამზარეულოში იყო და ფანჯარა სახლის გასანიავებლად გაუღია. ამბობს, რომ ბავშვი გვერდით ედგა და პრაქტიკულად სულ რამდენიმე წამი გახდა საკმარისი, რომ იქიდან გამქრალიყო და ფანჯარაზე აღმოჩენილიყო.
უკვე სამაშველო სამსახურიც კორპუსთან იდგა, როცა დედამ დაინახა, რაც ხდებოდა. ეყო სიმშვიდე და კეთილგონიერება, წყნარად დაუძახა ბავშვს და ბიჭუნა მშვიდად მიბრუნდა უკან და მშვიდადვე გადავიდა რაფიდან. დედამისისგან განსხვავებით, ბავშვი სულ არ ჩანდა შეშინებული.
პოლიციამ ოჯახის წევრები დაკითხა და ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს, არც საქმე აღუძრავთ.
ექიმების ცნობით, ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა ბავშვებს სწორედ სახლში, მშობლების თანდასწრებით ემართებათ. ეს სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ ფაქტია. მშობელს ყოველთვის სჭირდება უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ რაც კი შეუძლია, მაქსიმალურად დაიცვას ბავშვი უბედური შემთხვევებისგან.