ძალიან მადლიერი ვარ მისი. დიდი სიმამაცეა საჭირო, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა... ყველა გოგონას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საკუთარი ქორწილია. ევროპასა და ამერიკაში ასევე განსაკუთრებულ მომენტად მიიჩნევენ იმას, როცა მამას საკურთხეველთან მიჰყავს ქალიშვილი. თუმცა ამჯერად, ამერიკულ ქალაქ ელირიაში ეს მომენტი იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ პატარძალი აატირა, არამედ ყველა იქ მყოფი.
21 წლის ბრიტანის ცხოვრების დიდი ნაწილი მამინაცვალთან ჰქონდა გატარებული, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მის აღზრდაში, თუმცა მამასთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა. როცა 11 წლის იყო, მაშინ გაეყარა ედამისი ქმარს - ტოდ ბახმანს და სხვა კაცს გაჰყვა ცოლად - ტოდ კენდროსკის. მამაკაცებს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ამ წლების განმავლობაში.
როცა ბრიტანის ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი გამოჩნდა და ქორწილზე მიდგა საქმე, გოგონას გაორებული განცდა ჰქონდა - ვერ მოეფიქრებინა, რომელ მამას უნდა მიეყვანა საკურთხეველთან. საბოლოოდ თავისი ბიოლოგიური მამა აირჩია ამ როლზე, მამინაცვალი კი ჩვეულებრივ, სტუმრებს შორის უნდა მდგარიყო.
ქორწილი ჩვეული სცენარით მიდიოდა, როცა ტოდ ბახმანმა მოულოდნელად მღვდელს სთხოვა, ცოტა ხნით გაეჩერებინა ცერემონია. წამოხტა, კენდროსკისთან მივიდა და ხელი ჩაკიდა: "ჩვენ ერთად უნდა მივაცილოთ ბრიტანი სკაურთხევლამდე. შენი ღვაწლი მის აღზრდაში ჩემზე არანაკლებია".
ამ მომენტში ვერავინ შეიკავა ცრემლები. თვით ფოტოგრაფსაც კი ჩამოსვლია კურცხალი. კენდროსკი კი მეტისმეტად აღელვებული იყო ბახმანის კეთილშობილური საქციელით: "ძალიან მადლიერი ვარ მისი. დიდი სიმამაცეა საჭირო, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა. როცა მითხრა, ერთად გავაცილოთო ბრიტანი, ფეხები ამიკანკალდა მღელვარებისგან".