ქალს არსად აქვს წასასვლელი, იმიტომ, რომ მამის ოჯახში ვეღარ დაბრუნდება და ქუჩაში რომ არ დარჩეს, იძულებულია მოძალადე ქმარს დაუბრუნდეს ...მე ერთ თურქულ სერიალს ვუყურებ, "სტამბოლის ცას". სამსახურიდან რომ მოვბოდიალდები, ზუსტად იმ დროს იწყება. მივლაგდები, მოვლაგდები და დავჯდები ხოლმე საყურებლად. ერთ დიდ ოჯახზეა ფილმი. თავიანთი ტრადიციებით. ტრაგედიებით. დღესასწაულებით და ა.შ. ამ სერიალის ბოლო ორი სერია თამამად შეიძლება ვაქციოთ სახელმძღვანელო ვიზუალურ მასალად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ: მოძალადე ქმარი, რომელიც დილაობით რესპექტაბელურ, სანიმუშო კაცად გამოიყურება. მეზობლები, რომლებიც სხვის საქმეში არ ერევიან და ყოველ საღამოს უსმენენ ქალის განწირულ კივილს. მეამბოხე მეზობელი, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ბედავს და პოლიციას იძახებს, მაგრამ პოლიციას მსხვერპლი ეუბნება, რომ მას ქმართან პრობლემა არ აქვს… და ამ ყველაფრის შემდეგ სიკვდილის პირას მისული ქალი, რომელსაც ისევ და ისევ მეზობლები შველიან, გადაარჩენენ სიკვდილს და საავადმყოფოში წაიყვანენ.
ქალს არსად აქვს წასასვლელი, იმიტომ, რომ მამის ოჯახში ვეღარ დაბრუნდება და ქუჩაში რომ არ დარჩეს, იძულებულია მოძალადე ქმარს დაუბრუნდეს... ამ მძიმე, სისხლიანი სცენების პარალელურად კი მიდის დიალოგები, რომ ძალადობას ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ თუ უნდათ დამოუკიდებლად იარსებონ, განათლება უნდა მიიღო და ა.შ. ჰოდა, კი დავცინით ამ თურქულ სერიალებს, რომ ტვინს ურეცხავენ დიასახლისებს, აშტერებენ, მაგრამ დიახ, ამ სერიალს ბევრმა ქალმა უნდა უყუროს! განსაკუთრებით ბოლო სერიებს. ზუსტადაა გადმოტანილი ის რეალობა, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
თუკი ეს სერიალები ქალებს აჩვენებენ გამოსავლის გზებს, დაე, უყურონ ქალებმა ამ სერიალებს...
ნინო თარხნიშვილი