სისხლის გუბეში ვიწექი და ველოდი ტყვიას, რომელიც შეწყვეტდა ჩემს 22-წლიან ცხოვრებას... მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელიც 13 ნოემბერს მოხდა პარიზში. ასობით დაღუპული, ასობით დაჭრილი, ათასობით შეშინებული მოქალაქე და მილიარდობით მგლოვიარე ადამიანი მსოფლიო მასშტაბით...
ნამდვილი გმირი გახდა 22 წლის ინგლისელი იზაბელ ბოდერი, რომელიც საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის დროს სასწაულებრივად გადარჩა. თავის ფეისბუქ-გვერდზე იგი დაწვრილებით აღწერს, რა ხდებოდა იმ საშინელ ღამეს დარბაზში ტერორისტების შემოჭრის შემდეგ.
«თქვენ არასდროს იფიქრებთ, რომ ეს შეიძლება თქვენ შეგემთხვათ. ეს იყო ჩვეულებრივი კონცერტი. ატმოსფერო იყო ისეთი სასიამოვნო, რომ ყველა ცეკვავდა და იღიმოდა. როდესაც მთავარი შესასვლელიდან შემოვიდნენ ადამიანები და ცეცხლი გახსნეს, ჩვენ გვეგონა, რომ ეს შოუს ნაწილი იყო. ეს იყო არა მარტო ტერაქტი, ეს იყო ომი. ათეულობით ადამიანი დახვრიტეს ჩემ თვალწინ. იატაკი მორწყული იყო სისხლით. ისმოდა კაცების ხმამაღალი ღმუილი, რომლებსაც თავიანთი გოგონები ესვენათ ხელზე. მომავალი განადგურდა, ოჯახები დაინგრა სულ რაღაც წამებში. შეშინებულმა, ერთი საათის განმავლობაში თავი მოვიმკვდარუნე. ვცდილობდი, არ გავნძრეულიყავი და სუნთქვა შემეკავებინა. ძალიან გამიმართლა, რომ გადავრჩი. ეს იყო რაღაც არარეალური. ყოველ წუთს ველოდებოდი, რომ ვიღაც გამომაღვიძებდა და მეტყოდა, რომ ეს იყო ღამის კოშმარი. მე სასწაულებრივა დგადავრჩი, ჩემს მოგონებებში კი მარადიულად იცოცხლებს კაცი, რომელიც მამშვიდებდა და მიხუტებდა, წყვილი, რომელთა უკანასკნელი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი,რომელიც გადარჩენილებს ეხმარებოდა.
თქვენ ყველა ერთად მაიძულებთ, რომ მჯეროდეს, რომ მსოფლიოს აქვს მომავალი. ეს აღარ უნდა განმეორდეს! არ არსებობს არაფერი, რაც ამ ტკივილს შეამსუბუქებს. იქ ვიყავი მათი ბოლო ამოსუნთქვის დროს და ველოდი, რომ მალე შევუერთდებოდი მეც.
როდესაც სისხლის გუბეში ვიწექი და ველოდი ტყვიას, რომელიც შეწყვეტდა ჩემს 22-წლიან ცხოვრებას, წარმოვიდგინე თითოეული ადამიანი, რომელიც მიყვარდა და გულში ვიმეორებდი: “მიყვარხარ, მიყვარხარ“ ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერ წუთებზე. მინდოდა ყველას, ვინც მიყვარდა, სცოდნოდა, რა ძლიერ მიყვარადა ისინი, რაოდენ ძვირფასი იყვნენ ჩემთვის...
გასულ ღამეს ბევრი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ჩვენ ვალდებული ვართ გავხდეთ უკეთესნი. „მშვიდად განისვენეთ, მეგობრებო, არასოდეს დაგივიწყებთ“.
იზაბელმა თავისი სისხლიანი მაისური დაურთო წერილს, რომელიც იმ ავადსახსენებელ ღამეს ეცვა...