"ლოგინში შარვლით შევწექი, ყოველ მესამე დღეს ღამეს ვათევდი და ჩამეძინა. ომარი ბავშვზე გიჟდებოდა და ვიცოდი შვილს კარგად მოუვლიდა..." - ნაწყვეტი მაგდა პაპიძის დაკითხვიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისი ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ახალგაზრდა ქალს შვილი და ქმარი არ მოუკლავს.
პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალმა მძინარე ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, მერე კი შვილი გაგუდა. ამის შემდეგ ცხედარი გარეთ გამოათრია და შეეცადა კვალის არევას. ნაგავსაყრელზე იპოვეს სისხლიანი ურო, ზეწარი, თეთრეული, ასევე საოჯახო ფოტოები, მათ შორის ბავშვისაც... პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და ამიტომ ქმარი შესძულდა. პროკურატურისთვის ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობაც, რომელიც უკვე დაკითხეს, არაოფიციალური ინფორმაციით, მან მაგდა პაპიძის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. პროკურატურის ინფორმაციით კი, ტრაგედიის დღეს პაპიძემ ამ მამაკაცს ოქროს ნაკეთობები გადასცა, როგორც ბრალდებულმა განაცხდა, შესანახად. თავად ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს შვილის და ქმრის მკვლელობას. მან პროცესზე საკმაოდ ვრცელი ჩვენება მისცა. თუმცა არც ის დაუმალავს, რომ ქმართან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მისი ვერსიით, ომარ ქაფიაშვილი მევალეებმა მოკლეს.
ნაწყვეტი მაგდა პაპიძის დაკითხვიდან: "თავიდან ქმართან კარგი ურთიერთობა მქონდა. მერე ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ ერთად ცხოვრებას ვაგრძელებდით. ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო, როცა სვამდა, მაგრამ რაც თორნიკე იზრდებოდა, ცდილობდა ბავშვს ჩვენი ჩხუბი არ ენახა. ომარს მოუვიდა ავარია და დიდ ვალში გადავარდა. მაშინ ჩემი ოქროც კი გაიტანა სახლიდან და დაალომბარდა. ამის მერე კიდევ უფრო აგრესიული გახდა. სახლიდან ნივთები მეკარგებოდა. ყოველ მესამე დღეს ვმუშაობდი "ლუკოილის" მაღაზიაში. ერთი კვირის წინ სახლში მოვიდა გაღიზიანებული და სამი მამაკაცი მოჰყვა. მას უთხრეს, რომ არ აპატიებდნენ იმას, რაც მოხდა. ის სამი პიროვნება სახლში შემოვიდა, მე და თორნიკე ვიყავით, ბავშვმა ტირილი დაიწყო, შეეშინდა რომ ჩხუბობდნენ. იმათმა უთხრეს, რა კარგი ცოლ-შვილი გყოლია, ახლა ჩვენ წავალთ, მაგრამ ისევ გნახავთო. რომ ვკითხე ომარს რა ხდება-მეთქი, მითხრა, არაფერი მკითხო, ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფო!"
ბრალდებულის მიერ მონაყოლის მიხედვით, მკვლელობის საღამოს მამამ შვილი ხაჭაპურის საჭმელად გაიყვანა: "რომ არ დაბრუნდნენ, გავნერვიულდი. ომარის დედას მივწერე მესიჯი, შენ დაურეკე და გაიგე სად არიან-მეთქი. არ უყვარდა რომ ვურეკავდი, ვიცოდი, ამის გამო მეჩხუბებოდა. ამიტომ ვთხოვე დედამისს. მან მითხრა, ომარის ტელეფონი გათიშული აქვსო. ვიფიქრე სადმე სვამდა და მალე გამოჩნდებოდნენ. სამზარეულოს ბოლოში გვაქვს ნაგვის ურნა და იქ ჩავყარე ნაგავი, ამბობენ, რომ ეს კამერებმა დააფიქსირა, მერე ლოგინში შარვლით შევწექი, ყოველ მესამე დღეს ღამეს ვათევდი და ჩამეძინა. ომარი ბავშვზე გიჟდებოდა და ვიცოდი შვილს კარგად მოუვლიდა. სამის წუთებზე ომარის დედის ლილის ზარმა გამაღვიძა, ვერ ვიძინებ, მითხარი, მოვიდნენ თუ - არაო. არ იყვნენ მოსულები. ალბათ უკვე მოდიან მეთქი, ვუთხარი ლილის. ავდგები და "ლუკოილისკენ" წავალ-მეთქი. სადარბაზოსთან ვიწრო გასასვლელი და რომ გავედი ფეხი წამოვკარი რაღაცას, პირდაპირ დავეცი ომარს თეძოებზე. დავაჯექი ზემოდან და ვეძახდი, ომარ რა გჭირს-მეთქი. მერე თორნიკე ვნახე, მთლად გაყინული იყო. მეგონა, მთვრალს ბავშვი მოჰყავდა და წაიქცნენ. ხშირად ჰქონდა სიმთვრალეში კონფლიქტები და ალბათ ვიღაცასთან იჩხუბა და სისხლიანი იმიტომ არის - მეთქი. ვიფიქრე, მათ საავადმყოფოში წავიყვანდი. მაშინ ხელის დაბანაზე არ მიფიქრია, სულ სისხლიანი მქონდა ხელები, შევირბინე ოთახში და გასაღები ავიღე. მანქანა გადავქოქე, მანქანაში ჯერ თორნიკე ჩავსვი, მერე ომარის მოვკიდე ხელი და ვცდილობდი ისიც ჩამესვა. მაგრამ გაქვავებული იყო და ვერ შევძელი. ამის შემდეგ გავიქეცი ლილის ოთახისკენ... პოლიციამ რომ წამიყვანა, მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, ისინი მკვდრები თუ იყვნენ". განაგრძეთ კითხვა