რუსი კონკია, რომელმაც ქართველმა აგენტმა აღმოაჩინა და მილიონერების ცოლობა ხვდა წილად ნატალია ვოდიანოვა დღეს მსოფლიოში აღიარებული მოდელია, რომელსაც ხშირად რუს კონკიასაც უწოდებენ. კონკიას იმიტომ, რომ რუსეთის ერთ-ერთი პროვინციის ერთი ღარიბი ოჯახიდან, სადაც თითქოს არავითარი პერსპექტივა არ ჩანდა, ცხოვრებამ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ამოაყოფინა თავი და დღეს ყველაზე ცნობილ მოდელებს შორის ირიცხება, საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფიით. გარდა იმისა, რომ წარმატებული კარიერა აქვს, ნატალია დიდ დროს უთმობს ოჯახს და აგერ უკვე მეხუთე შვილს ელოდება - ეს პარიზის მოდის კვირეულზე გაირკვა, სადაც მოდელი თავის ახლანდელ ქმართან, ფრანგ მილიონერ ანტუან არნოსთან ერთად გამოჩნდა. ნატალიას და არნოს ერთი საერთო შვილი ჰყავთ და ახლა მეორეს ელოდებიან, ნატალიასთვის კი ეს მეხუთე ბავშვი იქნება - მანამდე მას სამი შვილი ჰყავდა არანაკლებ გავლენიანი და მდიდარი კაცისგან - ინგლისელი ლორდისგან. თუმცა ის ოჯახი დაენგრა და შემდეგ ბედმა ფრანგ მილიონერს შეახვედრა.
სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ ნატალიას, როგორც მოდელის აღმოჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ აგენტ გია ჯიქიძეს. ის წლები მოღვაწეობდა რუსეთში და პროვინციებში ეძებდა ლამაზმანებს. ნატალიას გარდა მან აღმოაჩინა მსოფლიოსთვის კიდევ ერთი რუსი ლამაზმანი - ირინა შეიკი. მაშინ ნატალია ჯერ კიდევ მოზარდი იყო და გაჭირვებულ ოჯახს რომ დახმარებოდა, ფიზიკურად შრომობდა. ცნობილია, რომ მას ავადმყოფი და ჰყავს, რომელსაც შინ მარტო ვერ ტოვებდნენ და ან დედა მუშაობდა და ნატალია რჩებოდა დასთან, ან - პირიქით. გარეთაც თუ გავიდოდა, ისიც - დის გასასეირნებლად... ერთი სიტყვით, ბავშვობა არც ისე დალხენილი ჰქონდა და მომავალშიც არ ელოდა არავითარ პერსპექტივას. თუმცა გია ჯიქიძის წინადადებას დათანხმდა, ბედი სცადა ჯერ რუსულ სააგენტოში, მერე უკვე - უცხოური სააგენტოებიც დაინტერესდნენ და 15-16 წლიდან ნამდვილი მოდელის კარიერა დაიწყო.
ახლა ცნობილი და წარმატებულია, თუმცა თავის ოჯახს არასოდეს არ ივიწყებს, ხშირად არის რუსეთში, მაქსიმალურად ეხმარება დედას და უმცროს დას, საქველმოქმედო საღამოებს მართავს ავადმყოფი ბავშვებისთვის და თავისი დის შესახებაც ხშირად წერს, რათა ამ პრობლემებოს მიმართ საზოგადოების ყურადღება მიაპყროს.